სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ქართველებს არ უყვართ, როცა მათ კავკასიელებად მოიხსენიებენ. ქართველები უძველესი ხალხია..."
    ია აბულაშვილი
    21.10.2017

     "ლიტერატურის ისტორიას ახსოვს ადამიანები, რომლებმაც, როგორც მწერლებმა, ფეხი თბილისში აიდგეს. ტოლსტოის "ბავშვობა" თბილისში ყოფნის დროს დაიწერა. ეს ადგილი და დრო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერლის დაბადების დროდ და ადგილად იქცა. ამის შემდეგ ლევ ტოლსტოის ნაწრმოებებში თბილისის, საქართველოს ან ქართული გვარის ყოველი გაელვება სიკეთის ნიშნითაა მარკირებული", - წერს ერთ-ერთ სტატიაში ლევან ბერძენიშვილი.

    დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა, გავიხსენოთ ნაკლებად ცნობილი ამბები ლევ ტოლსტოის საქართველოში სტუმრობის ისტორიიდან.

    მწერალი კავკასიაში საკუთარ ძმას, პოდპორუჩიკ ნიკოლაი ტოლსტოის, ჩამოჰყვა, რომელსაც სამხედრო სამსახური კავკასიაში უნდა გაევლო. ძმები სტანიცა სტაროგლადკოვსკაიაში დაბინავდნენ.

    ლევ ტოლსტოიმ ახლოს გაიცნო ჯარისკაცის ცხოვრება. ერთხელ ჩეჩნების წინააღმდეგ იერიშშიც მიიღო მონაწილეობა, როგორც მოხალისემ და კავკასიური კორპუსის სარდლის, კნიაზ ალექსანდრე ბარიატინსკის ყურადღებაც დაიმსახურა.

    სარდალმა 23 წლის ტოლსტოის სამხედრო სამსახურში შესვლა შესთავაზა. მანაც ეს წინადადება მალევე მიიღო და 1851 წლის ოქტომბერში ძმასთან ერთად თბილისში გამოემგზავრა.

    სტაროგლადკოვსკაიადან ტფილისამდე ძმებს დიდი და ხანგრძლივი გზა ჰქონდათ გასავლელი. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია საქართველოს სამხედრო გზას, დარიალის ხეობას.

    აყაზბეგში შეჩერდნენ. ტოლსტოიმ მთაზე ტაძარი შენიშნა და ასვლა მოიწადინა. სამების ეკლესიისკენ მიმავალი ორკილომეტრიანი ციცაბო მთა ქართველ გამცილებლებთან ერთად გადალახა.

    "როგორ მოვხვდი აქ? არ ვიცი; რისთვის, არც ეს" - ამ სიტყვებით იწყებს ტოლსტოი დღიურში 1851 წლის 30 მაისის ჩანაწერს.

    იგი ტფილისში ჩამოსვლისთანავე ავად გამხდარა და მთელი სამი კვირა ლოგინში გაუტარებია ციებ-ცხელებით გაწამებულს, მაგრამ ფეხზე რომ წამოდგა, თბილისმა მონუსხა. ქალაქს ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ დეიდას, ტატიანა ერგოლსკაიას, მაშინვე წერილი მისწერა:

    "ტფილისი ფრიად ცივილიზებული ქალაქია - პეტერბურგს ბაძავს და გამოსდის კიდეც, რჩეული ხალხმრავალი საზოგადოებით. არის რუსული თეატრი და იტალიური ოპერა, რომელშიც ისე ხშირად დავდივარ, როგორც ამას ჩემი მწირი სახსრები სწვდება.

    "ვცხოვრობ გერმანელების კოლონიაში, ქალაქის განაპირად, მაგრამ ამას ორი დიდი სარგებლობა მოაქვს ჩემთვის. პირველი, რომ ეს ბაღ-ვენახებით გარშემორტყმული მშვენიერი ადგილია (აქ ძალიან სიცხეებს იჭერს, აქამდე არც თოვლი მოსულა და არც ყინვები დაწყებულა). მეორე უპირატესობა კი ისაა, რომ ორ საკმაოდ სუფთა ოთახში თვეში ხუთ მანეთს ვიხდი ვერცხლით. ქალაქში კი ასეთ ბინას თვეში 40 ვერცხლის მანეთზე ნაკლებ ვერ იქირავებ.

    "ამას ერთვის ისიც, რომ უფასო პრაქტიკა მაქვს გერმანულ ენაში, წიგნებიცა, მეცადინეობაცა და უქმეებიც, იმიტომ, რომ არავინ მაწუხებს თავის მოსვლით. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, თუ სამხედრო სამსახურში ვერ შევალ, შევეცდები, სამოქალაქო სამსახურში ჩავდგე, ოღონდ აქა და არა რუსეთში. არასდროს ვინანებ იმას, რომ კავკასიაში ჩამოვედი.

    "გახსოვთ, ერთხელ რომ მირჩიეთ, რომანები დაწერეო? ჰოდა, აი, მივდევ თქვენს რჩევასა... ჯერ არ ვიცი, ოდესმე იხილავს თუ არა დღის სინათლეს ის, რასაც ვწერ, მაგრამ ეს საქმიანობა მომწონს და თანაც ძალიან ღრმად შევტოპე საიმისოდ, რომ მივატოვო".

    ასე დაიწყო ლევ ტოლსტოიმ თავისი პირველი მოთხრობის - "ბავშვობა" წერა, რომელიც ნიკოლაი ნეკრასოვმა ჟურნალ "სოვრემენნიკში" გამოაქვეყნა და მაშინვე დიდი წარმატება ხვდა.

    თბილისში დაწყებული "ბავშვობა" შემდგომ წლებში დაწერილ "ყრმობასა" და "სიჭაბუკესთან" ერთად მწერლის ავტობიოგრაფიულ ტრილოგიაში შევიდა. ეს ყველაფერი კი ტფილისში, მიხაილოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის "ორ პატარა სუფთა ოთახში" ხდებოდა, რომელსაც დღესაც ამშვენებს წარწერა: "1851 წლის ნოემბრიდან 1852 წლის იანვრამდე ამ სახლში ცხოვრობდა და მუშაობდა თავის პირველ მოთხრობაზე - "ბავშვობა" დიდი რუსი მწერალი ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი".

    გერმანელების უბანში ცხოვრება ჩქეფდა, ეკიპაჟები დადიოდნენ, ქალაქელები მუშტაიდის ბაღისკენ მისეირნობდნენ. ტოლსტოი კი თბილისის საოპერო თეატრში მიიჩქაროდა. 1851 წლის 9 ნოემბერს საგანგებოდ მოწვეული იტალიური დასის მიერ თბილისის პირველი საოპერო სეზონის გახსნას დაესწრო, რომელიც გაეტანო დონიცეტის ოპერით გაიხსნა. ამ სპექტაკლს ჰაჯი მურატიც ესწრებოდა.

    ცნობისთვის, ლევ ტოლსტოიმ "ჰაჯი მურატზე" მუშაობა რომ დაიწყო, მისთვის საკუთარი ხელით მოკრებილი საარქივო მასალები ცნობილ ქართველ სამხედრო ისტორიკოსს, კავკასიის ომების მკვლევარს, პოლკოვნიკ სიმონ ერაძეს გაუგზავნია, რომელიც ტოლსტოის ახლო მეგობარი იყო. მწერალს კი მადლობის ნიშნად სიმონ ერაძისთვის თავისი ავტოგრაფით თხზულებათა კრებული უჩუქებია.

    ლევ ტოლსტოი ტფილისში ორ თვეზე მეტხანს დარჩა. 1852 წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდა არმიაში შესასვლელად, იუნკრის ფორმა ჩაიცვა და მე-20 საარტილერიო ბრიგადის მე-4 ბატალიონში ჩაირიცხა, რომელიც მუხროვანში იდგა.

    ამბობენ, ტოლსტოის სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა თბილისში გატარებული დრო, მუდამ ინტერესდებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. მიწერ-მოწერაც ჰქონდა მეგობრებთან, აქაურ სტუმრებსაც ხშირად იღებდა იასნაია პალიანაში.

    1903 წელს იასნაია პალიანაში ტოლსტოის ესტუმრა ლიტერატორი და კრიტიკოსი ილია ნაკაშიძე მეუღლესთან ერთად. მის დას, მარი ნიკოლაევნას, უთქვამს, სულ მინდოდა კავკასიელი ქალის გაცნობაო. ტოლსტოიმ თურმე დას შეუსწორა - "კავკასიელი კი არა, ქართველი ქალი. ქართველებს არ უყვართ, როცა მათ კავკასიელებად მოიხსენიებენ. ქართველები უძველესი ხალხია... მაშა, გახსოვს, გიყვებოდი, როგორ დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა ორი ათასი წლის წინ საქართველო და როგორ წინააღმდეგობას წააწყდა".

    იასნაია პალიანაში გაუმხილა ილია ნაკაშიძეს დიდმა მწერალმა თავისი ნატვრა, რომელსაც ასრულება არ ეწერა: "აუცილებლად გესტუმრებით და კიდევ ერთხელ ვიხილავ მზიურ საქართველოს, დიახ, ავდგები და ჩამოვალ, ასე მოვიქცევი".

    ალბათ აქედან მოდის ლეგენდა, რომ 1910 წელს სახლიდან გაქცეული ტოლსტოი საქართველოში მოდიოდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter