როგორ მწარედ იწვნია ალავერდი ხანის ღირსეულმა შთამომავლობამ იმპერიის ულმობელი კანონი
მამუკა ნაცვალაძე
02.10.2017

 ულმობელია იმპერიული ლოგიკა, განსაკუთრებით უცხოტომელთათვის. ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს იმისა, როგორ ერთგულებენ ისინი უცხო იმპერიას, როგორ ჩამდგარან მათ სამსახურში, თავიც არ დაუზოგავთ, თუმცა ყველა ასეთ შემთხვევას ერთი, საერთო, ბანალური დასასრული აქვს - არავის დაუფასებია მათი ნაღვაწი.

პეტრე ბაგრატიონის სევდიანი ამბავი იკმარებს მარტო ამის დასტურად. კაცი, რომელიც ბოლომდე იბრძოდა რუსული დიდებისათვის, საფლავშიც არ დააყენეს - ვიღაცამ, ჩინოვნიკმა, ვანიაბრძენმა ნამეტანი გულმოდგინება გამოიჩინა და ასეთივე გულმოდგინებით ააფეთქებინა იმ კაცის საფლავი, რომლის თავდადების გარეშე რუსეთი ვერ გაუმკლავდებოდა ნაპოლეონის აგრესიას.

სხვაგვარად რომ განვითარებულიყო მოვლენები, ეგებ ჩვენთვისაც და რუსეთისთვისაც უკეთესი ყოფილიყო... ვინ იცის... თუმცა ეს სხვა თემაა, გარუსებული ბაგრატიონის ამბავი კი საკმაოდ სახასიათოდ ჩაეწერა იმპერიის ულმობელ ლოგიკაში, როგორც მარადიული, უცვლელი ფორმულა.

რატომ არ ნიშნავს ბრძოლის მოგება საბოლოო გამარჯვებას

კიდევ ერთი მსგავსი სახასიათო მაგალითი შემოგვინახა ისტორიამ - უნდილაძეების სევდიანი ამბავი, სეფიანთა ირანის ძლიერებას რომ დაუდეს სათავე და შემდეგ იმავე სეფიანებმა ისე ამოხოცეს დედაწულიანად, წარბიც რომ არ შეუტოკდათ. გარუსებული ბაგრატიონისაგან განსხვავებით, მათ ბოლომდე შეინარჩუნეს ქართველობა - მიუხედავად იმისა, რომ სეფიანთა ირანის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველო იყო, მათ თავიანთი დიპლომატიით მოახერხეს ის, რომ არც ერთ ანტიქართულ კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღიათ და საკუთარი ერის წინააღმდეგ არ უბრძოლიათ.

სეფიანთა ირანი თუკი შედგა სახელმწიფოდ, ეს ალავერდი ხან უნდილაძისა და მისი შთამომავლობის დამსახურებაცაა. ბუნებრივია, ამ მოვლენას ობიექტური წინაპირობები ჰქონდა, თუმცა ფაქტია, სწორედ უნდილაძეთა დახმარებით მოახერხეს ირანელებმა იმ რანგის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, მაშინდელი მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი ძალა რომ უწევდა ანგარიშს.

სწორედ ასეთმა სახელმწიფომ ვერაფერი მოუხერხა საქართველოს - ფიზიკური დამარცხება ჯერ კიდევ არ ნიშნავდა საბოლოო გამარჯვებას - ეს კარგად გამოჩნდა შაჰ-აბასის პოლიტიკისას. 120-ათასიანი ლაშქრიდან ნახევარი, 60 ათასი, სწორედ საქართველის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწყდა.

ურჩია თუ არა შაჰ-აბასმა მომავალ შაჰს უნდილაძეების ჩამოშორება

ცბიერია შაჰი, გონიერება არ დაეწუნება და ალბათ თავისი სიცოცხლის დასალიერს უკვე ფიქრობს ბრძოლის ტაქტიკის შეცვლას. ბუნებრივია, არც ის გამოეპარა, დაუდ ხანი თეიმურაზს ნამეტანი რომ დაუმეგობრდა, მათი ძმადნაფიცობით განმტკიცებული ურთიერთობაც იცის ალბათ. ყველა იმპერიას და სახელმწიფოს ხომ თავისი მსტოვარი ჰყავს. ჰოდა, ახლა ის დროა, იფიქროს, სულ სხვა გზით აისრულოს ხვაშიადი, სულ სხვა ფორმებითა და მეთოდებით მართოს საქართველო.

მას შემდეგ, რაც საკუთარი შვილი არ დაინდო და შეთქმულების მოწყობის ბრალდებით მოაკვლევინა, განსაკუთრებულად დაუმძიმდა გული, როცა შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ არანაირი ავი განზრახვა არ ჰქონია შვილს. ჰოდა, დანაშაული რომ გამოესყიდა, საკუთარი შვილიშვილი, მოკლული შვილის - სეფი მირზას ვაჟი გამოაცხადა მემკვიდრედ.

არავინ უწყის, რას საუბრობენ პაპა და შვილიშვილი, როგორ მოძღვრავს აბასი თავის ნაშიერს. ბუნებრივია, სურს, მისი შეცდომები არ გაიმეოროს მომავალმა შაჰმა. ჰოდა, სწორედ ამ ამბავზე მოგვითხრობს სომეხი ისტორიკოსი ზაქარია სარკავაგი.

სომეხი ავტორის თქმით, რომელსაც აღწერილი მოვლენები ორიოდე ათწლეული აშორებს, აბასს ურჩევია შვილიშვილისთვის, მის დროს აღზევებული მოხელეები ჩამოეცილებინა, რათა ქვეყნის მართვაში ხელი არ შეეშალათ.

რატომ არ გამოადგნენ აბასს უნდილაძეები საქართველოსთან დაპირისპირებისათვის

აღზევებულთა შორის კი უპირველესად უნდილაძეები არიან - დაუდ ხან უნდილაძეს ყარაბაღი აბარია, იმამ ყული ხანს - ალავერდი ხანი უნდილაძის უფროს შვილს კი - შირაზი.

სწორედ ისინი უნდა ჩამოიცილონ სეფიანებმა. არც გაემტყუნება აბასს - უნდილაძეებმა შეასრულეს თავიანთი მოვალეობა - სეფიანების სახელმწიფოს აღმასვლაში უდიდესი როლი დაიდეს. ბუნებრივია, აქ მათ ვერავინ უსაყვედურებს, მაგრამ აბასს ისინი საქართველოს წინააღმდეგ არ გამოადგნენ. არადა, სწორედ ეს მომენტი იყო შაჰისთვის მისი ცხოვრების დასალიერს პრიორიტეტული.

სწორედ ამიტომაც უწყობს ხელს შაჰი ხოსრო მირზას, დიდი ლუარსაბ პირველის გამაჰმადიანებული შვილიშვილის, დაწინაურებას, ახლა აბასს აღარ სჭირდება უნდილაძეები, ახლა ხოსრო მირზას დროა.

მოვლენები ისე ვითარდება, რომ ახალი შაჰი სეფი კიდევ უფრო აგრესიულია უნდილაძეების მიმართ. მისი მამობილი ხომ სწორედ უნდილაძეებს დაპირისპირებული ხოსრო მირზაა, სულ მალე ქართლის მმართველად რომ მოგვევლინება როსტომ ხანის სახელით.

ამბავი ივრისპირზე ქართულ-ირანული სისხლიანი პერფორმანსისა

აღარ მალავს უგუნური შაჰ-სეფი დაუდ ხანის მიმართ აგრესიას, მისი ხვაშიადიც გაცხადდა - მას შემდეგ, რაც მკვლელი მიუგზავნა, ალავერდი ხანის უმცროსი ვაჟი დედაწულიანად აიყარა განჯიდან და ივრის ნაპირებისკენ გაემართა ნადირობის საბაბით. ინსპირაციისათვის ყაჯართა ის დიდებულებიც იახლა რაზმით, რომელნიც იმ წინასწარ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობდნენ, შაჰ-სეფისა და დაუდ ხანს შორის დაძაბული ურთიერთობის ქვედა დინებები სააშკარაოზე რომ გამოიტანა.

იორთან თეიმურაზ პირველი შეეგება ძმადნაფიცსა და დის ქმარს. წინასწარ არის ყველაფერი მომზადებული, ჭკუაში ვერ აჯობეს ქართველებს სეფიანებმა - თეიმურაზს მზად ჰყავს ლაშქარი განჯა-ყარაბაღის დასარბევად, მანამდე კი ყაჯართა დიდებულები და ის რაზმი უნდა ამოხოცონ, დაუდ ხანს რომ ახლავს თან.

ეს 1632 წლის სექტემბერია. ივრის ნაპირებთან თეიმურაზის კარავში პატივით მიღებულ ყაჯართ ერთიანად გაავლეს მუსრი. წითლად შეიღება იორი, არ იყო იოლი ამის გაკეთება. ისქანდერ მუნში იმასაც ამბობს, ამ არეულობაში დაუდ ხანი ვერ იცნეს და კინაღამ შემოაკვდათო.

მოულოდნელობის ფაქტორმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი, ამას არ ელის შაჰ-სეფი, ჰოდა, ასე მოულოდნელად არბევენ ორგზის თეიმურაზი და დავით უნდილაძე განჯა-ყარაბახს.

რატომ არ აჯანყდა იმამ ყული ხანი

ეს აშკარა აჯანყებაა, აჯანყება, რომელსაც სეფიანები არავის პატიობენ. ქართველებს შირაზის ხანის - იმამ ყული ხანის იმედი აქვთ. ელიან, რომ ის ირანიდან აუბამს მხარს. შირაზის ხანი საეჭვოდ დუმს, უმოქმედოდაა, თუმცა, ბუნებრივია, საკუთარ ძმას თანაუგრძნობს.

შაჰ-სეფი უთვლის ალავერდი ხანის უფროს ვაჟს, დაუყოვნებლივ ყაზვინში გამოცხადდეს. უარს ამბობს იმამ ყული ხანი - ვინმე რომ შემოიჭრას ჩემს სამფლობელოში, მე უნდა გავცე პასუხიო. აშკარაა - ეს უკვე ურჩობაა, მცირე მასშტაბის ურჩობა, რასაც მისი განწყობა სააშკარაოზე გამოაქვს.

ძნელია იმის თქმა, რა მოხდებოდა, იმამ ყული ხანი რომ აჯანყებულიყო, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იყო ისედაც ირანი, უგუნურ შაჰ-სეფის ისედაც ბევრი ჰყავდა მომდურავი. ისიც სათქმელია, რომ უნდილაძეს აშკარა კოზირი ჰქონდა - ჰორმუზი, ირანის სტრატეგიული პუნქტი სწორედ მის გამგებლობაშია, თავის დროზე პორტუგალიელებს რომ წაართვა.

ევროპელებისათვის შესანიშნავი შეთავაზება იქნებოდა, ჰორმუზის სანაცვლოდ სამხედრო დახმარება მიეღო, რაც, დიდი ალბათობით, გამარჯვების ტოლფასი უნდა ყოფილიყო, თუმცა იმამ ყული ხანი ვერ ბედავს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას. ისიც სათქმელია, რომ შაჰ-სეფი სხვაგვარად მოქმედებს - მისთვის ხელსაყრელი არაა შიდა არეულობა და ძმათა მეკავშირეობა, ამიტომაც მიმართავს ყველა ზომას, რომ შეიარაღებულ აჯანყებასა და განდგომაზე ხელი ააღებინოს.

სეფიანთა მთელი საახლობლოა ჩართული ამ პროცესში, შედეგსაც აღწევენ, იმამ ყული ხანს აჯანყება გადააფიქრებინეს.

ეს საკმაოდ ცუდი ნიშანია დაუდ ხანისთვის. ის ხედავს, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები და საქართველოს მოულოდნელად ტოვებს. გეზი სტამბოლისკენ აქვს. ბუნებრივია, ქართველთა და ირანელთა დაპირისპირება ოსმალთა გეგმებზე ასხამს წყალს, თანაც ისიც საგულისხმოა, რომ სეფი-მირზა თეიმურაზს ემტერება და დაუდ ხანის საქართველოში ყოფნა, აშკარაა, ჩვენი ქვეყნის მიმართ უფრო აგრესიული განწყობის მოტივაცია იქნება.

შაჰ-სეფის სისხლიანი ვენდეტა

თითქოს დალაგდა ვითარება, თუმცა შაჰ-სეფი პაპამისივით გულღრძოა, შესაბამის დროსა და ჟამს ელის ანგარიშსწორებისთვის. 1633 წლის დამდეგს ისევ უხმობს იმამ ყული ხანს ყაზვინში. უნდილაძე ამჯერად ჩადის შაჰთან. შაჰს სპექტაკლი სჭირდება და, ბუნებრივია, თავის განზრახვაზე ხელს არ იღებს. ალბათ გრძნობს კიდეც ამ ყველაფერს ქართველი, ინტუიციამ გაუმართლა - სიტუაცია პირველსავე შეხვედრისას დაიძაბა.

შაჰ-სეფი და იმამ ყული ხანი ერთად გადიან ყაზვინის ქუჩებში. ხედავს შაჰი, რაოდენ დიდი სიყვარულითა და გულისხმიერებით ესალმებიან უნდილაძეს, უფრო მეტი პატივით, ვიდრე თავად შაჰს. ეს კიდევ ერთი ნიშანია აბასის შთამომავლისთვის, რომ უნდილაძე უნდა მოკვდეს.

ჰოდა, სწორედ ამ გასეირნების შემდეგ გამოუტანა კიდეც შაჰმა სასიკვდილო ვერდიქტი - იმავე საღამოს ჰარამხანაში მიაკითხეს იმამ ყული ხანს და აუწყეს შაჰ-სეფის გადაწყვეტილება. რაინდობას ინარჩუნებს ქართველი - ჯალათებს სთხოვს, სხვაგან აღასრულონ ბრძანება და არა ჰარამხანაში - მისი სიკვდილით ქალები არ დაამძიმონ.

სეფიანთა კიდევ ერთი ცინიზმი ის არის, რომ იმამ ყული ხანი ისევ ქართველებმა, მისმა სიძეებმა, დაუდ ბეგმა და ალიყული ბეგმა, უნდა დასაჯონ.

სწორედ იმამ ყული ხანის დასჯით დაიწყეს სეფიანებმა აშკარა სისხლიანი ტერორი უნდილაძეების წინააღმდეგ. მოკლეს შირაზის ხანის სამი შვილი, დანარჩენებს კი თვალები დასთხარეს. შაჰ-სეფი ახლა დაუდ ხანის ირანში დარჩენილ შვილებზე გადაერთო და ყველა დაასაჭურისა.

როგორ დაიტირა ქართველმა ქალმა სახალხოდ შვილი და შვილიშვილები

აყველაზე საცნაური და დრამატული ამ პოლიტიკური პერფორმანსისა ის იყო, რომ სიკვდილით დასჯილები ყაზვინის ცენტრალურ მოედანზე უპატრონოდ დაყარეს. ადვილია იმის გათვლა, რატომ სჭირდება ეს შემზარავი სანახაობა შაჰ-სეფის. დიდხანს იქნებოდა მიწას მიუბარებლად იქ ქართველ უნდილაძეთა გვამები, რომ არა ერთი საკმაოდ მძიმე დეტალი.

გარდაცვლილ შვილსა და შვილიშვილებს მოთქმით დასტირის ალავერდი ხანის თანამეცხედრე, იმამ ყული ხანის დედა. ქართულად მოთქვამს და აღარც არაფრის შიში აქვს.

თავად იხილა ეს საცოდაობა შაჰ-სეფიმ, როგორც ჩანს, ადამიანობის განცდამ მცირედ მაინც იძალა მასში და გარდაცვლილების დაკრძალვა ბრძანა.

უნდილაძეთა "ქვათა ღაღადი"

რამდენიმე წლის შემდეგ სტამბულში აღესრულა დაუდ ხანი - დავით უნდილაძე.

ასე დაესვა წერტილი უნდილაძეთა საგვარეულოს სეფიანთა ირანში. მიუხედავად ამისა, ვერ შეძლო შაჰ-სეფიმ მათი ხსენების ამოძირკვა - ისპაჰანში, მდინარე ზენდერუდზე, დღესაც ამაყად დგას ალავერდი ხან უნდილაძის მიერ აგებული უზარმაზარი 33-თაღიანი ხიდი. სწორედ ეს ხიდი რჩება ირანელთა მეხსიერებაში, ვითარცა უტყვი მოწმე, ვითარცა ქვათა ღაღადი უნდილაძეთა უანგარო ღვაწლისა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×