როგორ არ სჯერა ისპაჰანს ცრემლების...
მამუკა ნაცვალაძე
30.09.2017

 სეფიანთა ირანის სახელმწიფოებრივი ძლიერება ალავერდი ხან უნდილაძეს უკავშირდება. მეთექვსმეტე საუკუნის 70-იანი წლებისას ყიზილბაშების მიერ სამ თუმნად ტყვედ გაყიდულმა ყმაწვილმა მძიმე გზა გამოიარა უკიდურესი გაჭირვებიდან ძლევამოსილი იმპერიის ყურალაღასის ტიტულამდე. უსასტიკესი ინტრიგების ფონზე შაჰ თამაზის კარზე მოხვედრა არ იყო იოლი საქმე, მით უმეტეს აქ აღზევება და ნდობის მოპოვება.

ეს ის დროა, სეფიანთა ირანს, როგორც სახელმწიფოს, ჯერ კიდევ ბევრი რომ არ უწევს ანგარიშს. ეს არის ჟამი ოსმალთა ძლიერებისა, მსოფლიო ბატონობაზე რომ აცხადებენ პრეტენზიას და სამ კონტინენტზე რომ არის გადაჭიმული.

ურთულესია ასეთ ძალასთან ჭიდილი, არადა, სულ მალე სეფიანებმა ეს შეძლეს, შეძლეს სწორედ ქართველი ალავერდი ხან უნდილაძისა და მისი შთამომავლობის მეშვეობით. შაჰ აბასმა, სეფიანთა ყველაზე ძლიერმა ხელისუფალმა, სწორედ ალავერდი ხანის თანადგომით მოიპოვა უდიდესი გავლენა წინა აზიაში.

როგორ გამოაცხადა ალავერდი ხანის მკვლელმა შაჰ აბასმა თავი პირველ ჭირისუფლად

სეფიანთა ირანის ერთ-ერთი სამიზნე ქართლ-კახეთია, სტრატეგიული თვალსაზრისით სწორედ საქართველოს დამორჩილებაა ისპაჰანის სასახლის ბინადართა ოცნება. და ასეთ დროს ირანის ერთ-ერთი გავლენიანი მოხელე ალავერდი ხანი ახერხებს, თავი აარიდოს ყველა ანტიქართულ ქმედებას.

ბუნებრივია, ცბიერი აბასი ყველაფერს ხვდება, კახეთზე ლაშქრობის იდეის განხილვისას წინააღმდეგობას ვერ პატიობს კაცს, რომელსაც თავის დროზე მამას ეძახდა და რომლის წყალობითაც იმპერიის კენწეროში მოექცა, ჰოდა, სამაგიეროს იმით უხდის, რომ უბინძურეს სპექტაკლს დგამს - კლავს ალავერდი ხანს და შემდეგ პირველი მირბის მის შვილებთან სამძიმარზე, გლოვის გამოცხადებაც არ ავიწყდება და თავს პირველ ჭირისუფლად ასაღებს.

რა სარგებელი ჰქონდა ირანს დავით უნდილაძისგან

ამ ამბიდან გადის ორი ათეული წელი და ისტორია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ისპაჰანს ცრემლების არ სჯერა... შაჰ აბასის სიცოცხლეში ალავერდი ხანის შვილები იმამ ყული ხანი და დაუდ ხანი საკმაო გავლენას ინარჩუნებენ. სწორედ დაუდ ხანის ძალისხმევით ამარცხებენ ირანელები პორტუგალიელებს და სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილებს იპყრობენ.

საქმე ეხება სანაპირო ზოლს, სადაც ირანის მთავარი ნავსადგური ბენდერ-აბასი გაშენდა. ეს 1614 წელს ხდება, ოთხიოდე წლის შემდეგ კი შირაზის ხანის სარდლობით მოიგერიეს სეფიანებმა ოსმალთა უმძიმესი შეტევა არდებილზე.

დაუდ ხანის, როგორც დიპლომატის, ძალა საკმაოდ კარგად გამოიკვეთა 1626 წელს, როცა ირანს გადამწყვეტი ბრძოლები აქვს ოსმალეთთან. ამ დროს, ბუნებრივია, სეფიანებს საქართველოსთვის არ სცხელათ, ისიც ბუნებრივია, რომ შანსს არ გაუშვებს თეიმურაზი, რათა ურთულესი პოლიტიკური ვითარება გამოიყენოს და ოსმალთა მოკავშირის რანგში ირანს შეუტიოს.

აბასი კარგად ხვდება, რა შეიძლება მოჰყვეს მოვლენების ასეთ განვითარებას და ყველაფერს აკეთებს, რათა მისი დაუძინებელი მტერი თეიმურაზი გაანეიტრალოს.

თეიმურაზის და ელენე დაუდ ხანის ცოლია. ბუნებრივია, ეს ახლობლობა საშუალებას აძლევს მას, წარმატებული დიპლომატის როლი შეასრულოს. საქართველოში დიდი პატივით იღებენ დაუდ ხანს. სისხლისგან დაცლილი ქართლისთვის რთულია ახალი სამხედრო ოპერაციის წამოწყება. ორმხრივი გათვლისას თეიმურაზი თანხმდება, ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს და წყალობად მიიღოს აბასის აღიარება, როგორც ქრისტიანმა მეფემ.

ეს სპარსული დიპლომატიის გამარჯვებაა, აბასი სათანადოდ უფასებს დაუდ ხანს სამსახურს და ყარაბაღის ბეგლარბეგად ნიშნავს. ამ მოლაპარაკებამ საკმაოდ დააახლოვა თეიმურაზი და დაუდ ხანი. გარდა იმისა, რომ მათ სიძე-ცოლისძმის სტატუსი აკავშირებთ, დამატებით იმის აუცილებლობასაც ხედავენ, სიახლოვე ძმადნაფიცობით განიმტკიცონ.

რატომ აითვალწუნა შაჰ სეფიმ უნდილაძეები

ეს სწორედ ის მომენტია, საიდანაც საფუძველი ეყრება დაუდ ხანის პატრიოტულ პოლიტიკურ თამაშს. შაჰ აბასის სიცოცხლეში ამას გართულება არ მოჰყოლია, როგორც ჩანს, სიძე-ცოლისძმა ახერხებს ინსპირირებას, აბასის გარდაცვალების შემდეგ კი მოვლენები კარდინალურად იცვლება.

ტახტზე ადის შაჰ სეფი - აბასის შვილიშვილი, რომელიც როსტომ ხანის ფავორიტია. უნდილაძეებთან ხოსრო მირზას - მომავალში როსტომ ხანს, უშეღავათო დაპირისპირება აქვს, ორივე ირანის ტახტზე თავიანთი ფალავნის აღზევებას ლამობს. აქ უნდილაძეებს არ გაუმართლათ, ჰოდა, იწყება კიდეც ის უკეთური ანგარიშსწორება მათ მიმართ, რომელიც უგუნური შაჰ-სეფისთვის აკვიატებული იდეა-ფიქსია.

შაჰის გარდაცვალების შემდეგ მას ქმედუნარიანი შვილი არ დარჩენია - სამი ვაჟიდან ერთი თავად მოაკვლევინა, ორს კი თვალები დასთხარა. ამ ფონზე სწორედ მოკლული სეფი მირზას ვაჟს მოიაზრებს ტახტის მემკვიდრედ. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილია, თითქოს უნდა დაისვენოს ისპაჰანის შაჰის კარმა მორიგი სისხლისღვრისაგან, არადა, ისეთი ამბავი ვრცელდება, ყველაფერს რომ თავდაყირა აყენებს.

იყო თუ არა იმამ ყული ხან უნდილაძის უფროსი შვილი შაჰ-აბასის შვილი

სეფიანთა კარი ნამეტანი აფორიაქებულია. არქანჯელო ლამბერტი, იტალიელი მისიონერი, გადმოგვცემს, ირანში ხმა გავრცელდა, შირაზის ხანის - იმამ ყული ხანის უფროსი შვილი შაჰ აბასის შვილიაო.

ბუნებრივია, ამ ამბავს ბევრი კითხვა ახლავს თან. ყველას აინტერესებს, როგორ უნდა იყოს იმამ ყული ხანის უფროსი შვილი შაჰ-აბასის შვილი. იტალიელი მისიონერი ამ საკითხსაც ჰფენს ნათელს - როგორც არქანჯელო ლამბერტი გადმოგვცემს, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად აბასს იმამ ყული ხანი თავის ჰარამხანაში შეუყვანია და მისთვის სასურველი ქალის ამორჩევა შეუთავაზებია. იმამ ყული ხანსაც ერთი ლამაზი ასული აურჩევია და წამოუყვანია. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ქალი ფეხმძიმედ ყოფილა აბასისგან. სწორედ ამ ქალისგან შობილი ვაჟი აფიქრებს სეფი მირზას.

არავინ უწყის, ეს მოგონილი ვერსიაა თუ სინამდვილე, თუმცა ფაქტია, რომ უნდილაძეები კიდევ უფრო არასასურველი და მიუღებელი პერსონები ხდებიან შაჰ-სეფისათვის.

შარზეა უგუნური შაჰი და ასეთი განწყობით აბა დაპირისპირების მიზეზს რა გამოლევს. შაჰის ინტრიგებმა და გაუგონარმა სისხლიანმა რეპრესიებმა ღონე გამოაცალა სეფიანთა სახელმწიფოს. ოსმალოსაც მეტი რა უნდა - ჩასაფრებულია და ბაღდადს უტევს. ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი საქმე დაუდ ხანის გარეშე არ ჩაივლის, სწორედ ბაღდადთან დაპირისპირებიან მას ყაჯართა ტომის წარჩინებულები.

ჩანს, წინასწარ გათამაშებული სპექტაკლია - უხეშად მოგვექცა დაუდ ხანი და იქნებ დასაჯოო - მაშინვე მიურთმევიათ უსტარი შაჰისთვის.

ამბავი შაჰ-სეფის ტრაგიკომიკური სპექტაკლისა

სწორედ აქ იწყება სპექტაკლის მორიგი ფაზა - სეფის რომ უხსნის ნამეტანი ხელ-ფეხს. ისპაჰანში მეჯლისზე შეკრებილან სეფიანთა დიდებულები, აქ ელის თავის ჟამს შაჰ-სეფი. უხეშად ელაპარაკება დაუდ ხანს. ჩანს, არც ეს უკანასკნელი იცავს ეტიკეტს. ამას კი სეფი არავის პატიობს.

ამ ამბის გაგრძელებას რამდენიმე ავტორი სხვადასხვანაირად გადმოგვცემს. ისქანდერ მუნში მოგვითხრობს, რომ ამ საქციელისთვის მეჯლისიდან გაუძევებიათ დაუდ ხანი და სასჯელად ეს უკმარებიათ, გაითვალისწინეს მამამისისა და მისი ძმის დამსახურებაო. შაჰისგან დაუკითხავად წასულა დაუდ ხანი ყარაბაღს და, მუნშის ვერსიით, სწორედ ამან გააღიზიანა თურმე სეფი. მეორე წყარო, ინგლისელი ოფიცერი კი, მიანიშნებს - დაუდ ხანი გაროზგესო.

თუ გავითვალისწინებთ სეფიანთა სასახლის ინტრიგების ხარისხსა და ხასიათს, ბუნებრივია, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ შაჰ-სეფის წინააღმდეგობა სწორედაც რომ ისე უნდა დასრულებულიყო, ინგლისური წყარო რომ მიანიშნებს. ის ქვედა დინებები, რაც ისპაჰანის შაჰის კარზეა, ბუნებრივია, უკვალოდ არ ქრება - შაჰ-სეფის მამობილის, უნდილაძეებთან დაპირისპირებული ხოსრო მირზას, ფაქტორიც საკმაოდ წონადი უნდა იყოს მოვლენების ასეთი განვითარებისას. ხოსრო მირზასა და თეიმურაზის დაპირისპირებაც, ბუნებრივია, თამაშობს გარკვეულ როლს. თეიმურაზი დაუდ ხანისთვის გარდა იმისა, რომ ცოლსძმაა, ძმადნაფიცია.

სეფიანთა ტროას ცხენი დავით უნდილაძისთვის

ფაქტია, რომ შაჰ-სეფი აქტიურად იწყებს ფიქრს, ჩამოიცილოს უნდილაძეები, თუმცა იმასაც ხვდება, რომ ეს ურთულესი საქმეა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შესაფერისი დრო და ჟამი შეარჩიოს.

საგულისხმოა, რომ უნდილაძეთა გავლენა ახლაც საკმაოდ დიდია, მათ მყარი დასაყრდენი აქვთ მოსახლეობის ყველა ფენაში, მათ უფრო მეტი პოპულარობა აქვთ, ვიდრე შაჰ-სეფის. ესეც კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორია შაჰისთვის.

და ისევ მზაკვრული გეგმა. შაჰ სეფი ვერ ბედავს, აშკარა შეტევა განახორციელოს უნდილაძეზე, ბუნებრივია, კარგად აქვს გააზრებული ისიც, უაზრო სისხლიანი რეპრესიები უკვალოდ რომ არ ქრება და ამიტომაც ეშინია. და აქ ამზადებს უკიდურესად მზაკვრულ გეგმას - დაუდ ხანს ახალ სამფლობელოს - თბილისს აძლევს სამართავად.

საჩუქარს კბილი არ გაესინჯებაო, ნათქვამია, თუმცა ისპაჰანის კარზე გაზრდილი დაუდ ხანისთვის ადვილად გასაშიფრია, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს შაჰ-სეფის ფეშქაში. ამიტომაც თვინიერად იღებს შაჰის წყალობას და თბილისში თავის წარმომადგენელს გზავნის. მალე ირკვევა, რომ შაჰ-სეფის თბილისში ყიზილბაშებისთვის შეუთვლია - როგორც კი დაუდ ხანი ჩამოვა, მოკალითო.

ჩაუვარდა კოვზი ნაცარში სეფიანთა მბრძანებელს, თბილისში ვერ შეიტყუა დაუდ ხანი, თუმცა საკუთარ განზრახვაზე არ აუღია ხელი, ახლა მკვლელი დაიქირავა, რომელსაც შაჰის ბრძანება განჯაში უნდა აღესრულებინა.

დაუდ ხანი არ არის გულუბრყვილო, მან ზუსტად უწყის, რა გათვლები შეიძლება ჰქონდეს შაჰს და იქით უმზადებს ისეთ სიურპრიზს, სეფიანები სიზმარშიც კი ვერ ნახავენ.

ამბავი ივრის ნაპირებთან სისხლიანი პოლიტიკური პერფორმანსისა

1632 წლის სექტემბერში დავით უნდილაძე დედაწულიანად აიყარა განჯიდან, ხმა დააგდო, ივრის ნაპირებისკენ მივდივარ სანადიროდო. ეს არც არავის უკვირს, ნადირობა მისი ჰობია და წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს ივრის ნაპირებს, მაგრამ ამჯერად სულ სხვა განზრახვა აქვს.

იმისათვის, რომ თავისი ხვაშიადი შენიღბოს, ყაჯართა ის რაზმი მიჰყავს, მას რომ დაუპირისპირდა და შაჰ-სეფისთან ერთად ტრაგიკომიკური სპექტაკლი რომ დადგა.

ახლა საპასუხო ჯერია - თავად დავით უნდილაძე დადგამს სპექტაკლს, ყაჯართა და დიდებულებს ძმრად ადენს უკეთურებას. დაუდ ხანს თეიმურაზი ხვდება, გულმოწყალეა ქართლის მეფე და ხვავრიელად "მასპინძლობს" სტუმრებს.

ნამეტანი გაწაფულან ქართველები ირანულ თვალთმაქცობაში, არც გაემტყუნებათ, იმ უბინძურეს ინტრიგებში მათ გარშემო რომ მუდმივად ტრიალებს, ერთობ კარგად ერკვევიან. როგორც ჩანს, სეფიანებს თავის დროზე არ უზრუნიათ იმისთვის, რომ მეტოქეს ხეზე ასვლა არ ესწავლა.

სულ მალე ივრის ნაპირები ყაჯართა სისხლით შეიღებება. სიძე-ცოლისძმა, თეიმურაზი და დავით უნდილაძე, ერთიანად ამოხოცავენ იმ ლაშქარს, ჭალებში ნადირობა რომ აქვს ჩაფიქრებული.

და დგება სულ სხვა ჟამი საქართველოს ისტორიაში - შაჰ-სეფი საპასუხოდ ხოსრო მირზას კოზირის ამოქმედებას გეგმავს, მშვიდობიანობის ნიღბით ქართველთა გადაგვარებას რომ ისახავს მიზნად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×