სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "თიანეთში მეგობრებთან ერთად გამართა ასპარეზობა და რაც ფული შეუვიდა, სულ ლუკას მისცა პეტერბურგში წასასვლელად"
    ია აბულაშვილი
    19.06.2017

     "ქართულ ჭიდაობას", რომელსაც დღეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, დიდი ხნის ისტორია აქვს და სწორედ ამ ისტორიის შესახებ, გვინდა, რამდენიმე საინტერესო ამბავი გავიხსენოთ დღევანდელ სტატიაში.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, თავდაპირველად ჭიდაობა საბრძოლო დანიშნულების იყო, ტერმინი "რკენა" კი ნახსენებია მე-9 საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში "ცხოვრება სვიმონ მესუეტისა". ფალავნების შესახებ ცნობას კი ვხვდებით მე-12 საუკუნის "ამირანდარეჯანიანსა" და "აბდულმესიანში".

    ასევე, მე-12 საუკუნეში ფრანცისკელ ბერ ჯიოვანი პლანო კარპინის ნაამბობში. მესხურ ქრონიკებში კი მოიპოვება ცნობა, რომ სამცხე-საათაბაგოს თავკაც ყვარყვარეს ხონთქრის ფალავანი დაუმარცხებია.

    მე-15 საუკუნის მატიანემ შემოგვინახა მზეჭაბუკ ათაბაგისა და მაჰმადიან ფალავან ძალანის შერკინების ამბავი, სადაც მზეჭაბუკმა გაიმარჯვა.

    "იყო უსჯულოსა მის მთავარსა კაცი ერთი, ფალავანთა თავი. დიდი და გოლიათი, რომელსაც სახელად ძალანი ეწოდებოდა და ჰმატებდა ყოველთა კაცთა სიდიდითა ვითარ წყრთა ერთი ანუ უფროსცა, და არავინ გამოჩინებულ იყო სიმრავლისა მას, შინა მრკინობელ მისსა - ამან ინება უდესმე განმცდელობა მზეჭაბუკისა და ვითარცა ცნა ესე, არღარა ჰყოფნა, არამედ ვითარცა ლომმან მსწრაფლ შექმნა, აღიყვანა და უპატიოდ მიწასა ზედა დასცა".

    არჩილ მეფე "საქართველოს ზნეობანში" სხვა საბრძოლო-სპორტულ სახეებთან ერთად ახსენებს ჭიდაობას: "ხტომა, ქვის გდება, რკინობა, მოგვირტი, ფანდი რამ არი".

    მე-19 საუკუნეში ჭიდაობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სანახაობად იქცა. ჭიდაობაზე, როგორც სპორტულ სახეობაზე, აქტიურად წერდა მაშინდელი ქართული პრესა. გაზეთი "ივერია" და "დროება" სისტემატურად აქვეყნებდნენ ჭიდაობასთან დაკავშირებულ ამბებს.

    ჭიდაობის ცენტრად ქცეულ თბილისში, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ფალავნები, საგანგებოდ გაიხსნა საჭიდაო მოედნები, ე.წ. "კრუგები": მთაწმინდაზე, ვერაზე - "ფიქრის გორაზე", ავლაბარში, ნაძალადევში, ხუდადოვის ტყის მახლობლად, ელიას ზემოთ - მახათაზე. ჭიდაობა იმართებოდა უქმე დღეებში და დღესასწაულებზე, უკრავდა დაფა-ზურნა.

    მსაჯები იყვნენ ქალაქის პატივცემული ადამიანები, სახელოვანი მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, ცნობილი იურისტი შალვა მესხიშვილი და სხვები. წრეში წესრიგის დასამყარებლად არჩევდნენ მარდ ბიჭებს, რომლებიც სახრით ხელში გარს უვლიდნენ და აზარტში შესულ გულშემატკივარს "კრუგში" შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

    ერთმანეთს ერკინებოდნენ დათა ხიზანიშვილი, იაკობ ეგნატაშვილი, კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, ლუკა დადიანიძე, კოსტა მაისურაძე, ვანო აბულაძე, შაშო ვერელი და სხვები.

    თავისებური იყო ქართული საჭიდაო სამოსიც. თავდაპირველად იგი მუქი ფერის მტკიცე ქსოვილისგან იკერებოდა. საჭიდაო ჩოხის მკლავები იდაყვამდე იყო და მკერდზე იხსნებოდა. შარვალი გრძელი და სრული, რათა ფალავნებს ადვილად ემოძრავათ. ჭიდაობდნენ ფეხშიშველები.

    მოგვიანებით საჭიდაო ჩოხის მოდელი შეიცვალა. მკლავები მხრებამდე დამოკლდა, ჩოხაც უფრო დაამოკლეს. ქართული ჭიდაობის ღერძი იყო ქართლ-კახური ჭიდაობა. მე-20 საუკუნეში შეირჩა მთელი რიგი ილეთები, რომლებმაც საფუძველი დაუდო დღევანდელ ქართულ ჭიდაობას.

    ლეგენდარული ქართველი ფალავნები

    ძველი თბილისის ლეგენდად წოდებული კულა გლდანელი (ივანე ყირიმელაშვილი) დაიბადა 1858 წელს სოფელ გლდანში. როგორც მოჭიდავემ, სახელი გაითქვა ძველი თბილისის უბნებში - ორთაჭალაში, ვერაზე, "ფიქრის გორაზე", ჩუღურეთში გამართულ ორთაბრძოლებში.

    ბევრი მაშინდელი ცნობილი ფალავანიც დაუმარცხებია - რენელი, თიანელი, ღოღაძე, გონგაძე და სხვები. პირველი საჭიდაო წრე, ე.წ. "კრუგი" მისი დაარსებულია თბილისში, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები.

    ამბობენ, რომ იგი იყო ძალიან მარდი და ღონიერი. წარმატებით გამოდიოდა ამიერკავკასიისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ შეჯიბრებებზე.

    "მშვენიერი თვალტანადი გლდანელი, ვიწრო ჩოხა შემოწურული, სწორედ გმირსა ჰგავს, როდესაც გამოვა მოედანზე. მისი ამაყი, დარწმუნებული სიარული, მდიდრული მიხვრა-მოხვრა, განიერი და ძარღვიანი გულმკერდი მართლაც სასიამოვნო სანახავია" - წერდა გაზეთი "დროება" 1882 წლის ერთ-ერთ ნომერში.

    კულა გლდანელის სახელი ისტორიაში შევიდა არა როგორც მხოლოდ სახელოვანი ფალავანი, არამედ როგორც დიდი ქველმოქმედი. პეტერბურგში სასწავლებლად წასვლაში ვაჟა-ფშაველას ლეგენდარული კულა გლდანელი დაეხმარა.

    ეს ამბავი კი ასე ყოფილა: ცნობილ ფალავანს გლდანში ჰქონია დუქანი და საქონლის ბაკები. სოფლიდან ჩამოსული ხალხი, რომლებსაც შაბათ-კვირას ბაზარში საქონელი უნდა გაეყიდათ, კულა გლდანელთან ჩერდებოდა, ისიც ჩამოსულებს ხელს უმართავდა.

    ერთხელაც ჩარგლიდან ჩამოსულ ფშაველებს ლუკა რაზიკაშვილიც ახლდათ, ღამე კულას დუქანში გაუთევიათ. მაშინ გაიგო კულა გლდანელმა, რომ ლუკას პეტერბურგში სწავლა უნდოდა და დახმარება აღუთქვა.

    თიანეთში მეგობრებთან ერთად გამართა ასპარეზობა და რაც ფული შეუვიდა, სულ ლუკას მისცა პეტერბურგში წასასვლელად. 1883 წლის აგვისტოში 22 წლის ლუკა რაზიკაშვილი ლეგენდარული ფალავნის - კულა გლდანელის დახმარებით სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    levani   (26.09.2017)
    ვანო ყირიმელი და არა ყირიმელაშვილი. სოფელ გლდანსი მოდით და ნახეთ რა აწერია საფლავის ქვაზე.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter