სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "თავად რექტორმა პირად საუბარში მითხრა კიდეც, რომ გერმანელს რამდენიმე ადამიანი გაეპარაო"
    მარი ოთარაშვილი
    (17.10.2009)

    თსუ-ში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი რექტორის გია ხუბუას 2009 წლის 16 ივნისის #74/01-01 ბრძანებით, 17 აგვიტოს გამოცხადდა. კონკურსანტთა (სულ 172 კაცი) საბუთების მიღება ერთ თვეს გაგრძელდა, მათი მონაცემების შეფასებას და, საერთოდ, კონკურსის ჩატარებას კი 21 სექტემბერს შემდგარმა საკონკურსო კომისიამ რეკორდული დრო - 3 დღე მოანდომა.
    "რეზონანსი" კონკურსით უკმაყოფილო პროფესორთაგან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან ერთ-ერთს - ნატო ხარაძეს დაუკავშირდა.
    ნატო ხარაძე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი: "კონკურსი (ძალიან მიჭირს ამ ყველაფერს კონკურსი დავარქვა) მომზადდა და ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ხოლო შედეგების შეჯამება-დამტკიცება განხორციელდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-16 მუხლში ჩამოყალიბებული პრინციპების (სამართლიანობა, გამჭვირვალობა და კონკურსების საჯაროობა) იგნორირებით.
    "საკონკურსო კომისია შეიქმნა მიმდინარე წლის 21 სექტემბერს. თსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საბუთების მიღების დამთავრებიდან 4 დღის შემდეგ შედეგები დამტკიცდა 3 დღეში - 24 სექტემბერს, რაც ეწინააღდეგება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 34-ე მუხლს. ამ მუხლის მიხედვით კი აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობას, თანასწორი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
    "ამასთან, კონკურსის ჩატარების პირობები ქვეყნდება დადგენილი წესით საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე, საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი კვირისა, ხოლო კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 2 თვის ვადაში. დარღვეულია როგორც ზოგადი პრინციპები, ასევე საბუთების მიღების ვადები (მაქსიმუმ 3 კვირის ნაცვლად, რექტორის ბრძანებით 1 თვის ვადით განისაზღვრა). კონკურსი, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა, რადგან საბუთების მიღების დასრულებიდან 7 დღის შემდგომ მოხდა კონკურსის დასრულება და აკადემიურ საბჭოზე შედეგების დამტკიცება".
    ხარაძე "რეზონანსთან" საუბარში კანონზე დაყრდნობით ამბობს, რომ, თსუ-ს წესდების შესაბამისად, აკადემიური საბჭო მხოლოდ ადგენს აკადემიური პერსონალის სამსაურში მიღების ერთიან წესს და არც ერთ შემთხვევაში არ ანაცვლებს რექტორის, დეკანის და ფაკულტეტის საბჭოს უფლება-მოსილებებს. თუმცა უნივერსიტეტის მესვეურები საკუთარი წესდების საწინააღდეგოდ წასულან.
    "აკადემიურმა საბჭომ, 2009 წლის 21 სექტემბრის #260 დადგენილებით, დაამტკიცა აკადემიური პერსონალის შესარჩევი კომისია 5 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან ერთს კომისიის მუშაობაში, ფაქტობრივად, მონაწილეობა არ მიუღია, 2 წევრი იყო გერმანელი, რომელთაც არ შეეძლოთ ქართულ ენაზე წარდგენილი დოკუმენტაციის წაკითხვა, ხოლო ქართველი წევრები რეალურად არ ფლობდნენ სიტუაციას. შესაბამისად, წარმოუდგენელია, კომისიას 172 კონკურსანტის საქმე 3 დღეში არათუ განეხილა, არამედ გადაეხედა".
    როგორც კონკურსით უკმაყოფილო პროფესურა იტყობინება, კომისიის თავმჯდომარემ ციმერმანმა 23 სექტემბერს გია ხუბუასთან ერთად გამართა ბრიფინგი თსუ-ში ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განხორციელებული რეფორმების შესახებ.
    ყოველივე ამის შემდეგ ხარაძის დასკვნა ასეთია: "პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ საკონკურსო კომისიის გერმანელი თავმჯდომარე ხუბუას დაკვეთას ასრულებდა, რადგან შეუძლებელია, გერმანელს რომელიმე კონკურსანტის საბუთი და მონაცემები ენახა და შეეფასებინა. ელემენტალურად, მან საერთოდ არ იცის ქართული, რომ წაეკითხა.
    "ჩემი აზრით, კონკურსი საერთოდ არ ჩატარებულა. ვთვლი, რომ, როგორც სხვა ფაკულტეტებზე, უნდა ჩატარებულიყო მეორე ტური, სადაც კონკურსანტი წაიკითხავდა ლექციას და გამოჩნდებოდა, ვის რისი გაკეთება შეუძლია.
    "შეიძლება საბუთები კარგი გქონდეს, მაგრამ ლექციაზე ვერ შედიოდე და ვერ კითხულობდე. ამის სურვილი ეკონომიკის ფაკულტეტზე გია ხუბუას არ გაუჩნდა იმიტომ, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელთა გაყვანაც მას სურდა, ვერ მოახერხებდნენ ლექციის წაკითხვას. თავად რექტორმა პირად საუბარში მითხრა კიდეც, რომ გერმანელს რამდენიმე ადამიანი გაეპარაო. კი, მაგრამ, რაღა უღირსი გაეპარა?!
    "რამდენადაც საბუთებს კომისიის თავმჯდომარე ვერ განიხილავდა (საბუთები კი თუ ვერ ნახა კომისიამ, მაშინ როგორ გაიმარჯვა ამა თუ იმ კონკურსანტმა?!), არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ არსებობდა კონკურსში გასამარჯვებელთა სიები. დანარჩენს კი სასამართლო იტყვის და დაადგენს".
    ნატო ხარაძემ სარჩელი ადმინისტრაციულ სასამართლოში აღძრა და მოითხოვს, რომ ბათილად ცნონ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარებული კონკურსის შედეგები, კონკურსი კი თავიდან გამოცხადდეს.
    ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსმა" თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებთან სცადა დაკავშირება, თუმცა გუშინ ამ ბრალდებებზე მათი პოზიციის დაფიქსირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter