9 თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა
მაკა ხარაზიშვილი
17.11.2015

 74 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 18 საკრედიტო კავშირი, 1000-ზე მეტი ლომბარდი და ასეულობით მცირე სესხის გამცემი დაწესებულება - ეს არის უკონტროლო ფინანსური ბაზრის ნაწილი, რომლის მონაწილეები დღეში რამდენჯერმე ურეკავენ, "ესემესებს" უგზავნიან ადამიანებს და სესხს სთავაზობენ. არ არსებობს უახლესი კვლევა, რომელიც დაადგენდა, რამდენად რისკის შემცველია ამდენი უკონტროლო საფინანსო ორგანიზაცია ქვეყანაში, რა ზღვარს უახლოვდება ე.წ. ჭარბვალიანობის კოეფიციენტი. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება ერთ დღეს ბუმერანგივით დაატყდეს ისედაც გაღატაკებულ ქვეყანას.

"ბიზნეს-რეზონანსის" ერთ-ერთი რესპონდენტი, ნაირა მჭედლიშვილი 58 წლისაა, უმუშევარი. არ აქვს სოციალური დახმარება, პენსია ან სხვა ტიპის შემოსავალი. კვირა არ გავა მის მობილურ ტელეფონზე რამდენიმე შეტყობინება არ მივიდეს კრედიტის შეთავაზების შესახებ. ამჯერად საფინანსო კომპანიები უკვე "ესემესებს" აღარ სჯერდებიან და პოტენციურ კლიენტებს პირდაპირ ტელეფონზეც ურეკავენ.

"ამასწინათ დამირეკეს ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციიდან და 600-ლარიანი სესხი შემომთავაზეს. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ არ მინდოდა. ოპერატორი გოგონა არ მომეშვა და მარწმუნებდა, რომ მის ორგანიზაციას სესხის ძალიან კარგი პირობები ჰქონდა. რამდენიმე წუთი მესაუბრა სასესხო პირობებზე. ვუთხარი, რომ არანაირი შემოსავალი არ მქონდა სესხის დასაბრუნებლად და ძალიან გამიკვირდა, რომ ჩემნაირ ადამიანს სთავაზობდნენ.

საბოლოოდ, როგორც გავარკვიე, გარანტია იყო ჩემი ქონება. არ მაქვს შემოსავალი, მაგრამ მაქვს სახლი, შესაბამისი ნივთებით. თუ სესხს ვერ გადავიხდიდი, გარანტი სწორედ ეს ქონება იქნებოდა", - ამბობს ნაირა მჭედლიშვილი.

საკრედიტო დაწესებულებები ყოველგვარ რისკზე მიდიან, მთავარია პოტენციურ კლიენტს რაიმე სახის ქონება გააჩნდეს. მათთვის მთავარი ფაქტორი კლიენტის გადახდისუნარიანობა არ არის. დაბალი საფინანსო განათლების მქონე, ეკონომიკურად გაჭირვებული ადამიანები ამგვარი ცდუნების მსხვერპლნი ხშირად ხდებიან. შესაბამისად, მოსახლეობა უფრო მეტად ღატაკდება, ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმდება და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფოს აწვება მძიმე ტვირთად. ხელისუფლება კი ამ ბიზნესის რეგულირებისთვის არაფერს აკეთებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში 18 საკრედტო კავშირია. მათი აქტივების მოცულობა, ამ დროისთვის, 10,6 მილიონ ლარს აღემატება, მათ მიერ გაცემული სესხების ოდენობა 7,275 მილიონი ლარს აღწევს. მე-2 კვარტლის მოანცემებით, საკრედტო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 200 ათასი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მიკროსაფინგანსო ორგანიზაციებს, საქართველოში ეს სეგმენტი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. ეროვნულ ბანკს 74 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აქვს აღნუსხული. საფინანსო სივრცეში პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2006 წელს გამოჩნდა, როცა მიიღეს კანონი "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ".

2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს არის რეკორდული მოგების მაჩვენებელი. შარშან მთელი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციების მოგება 80 მილიონ ლარს შეადგენდა. ასევე სწრაფად იზრდება მათი აქტივები - 1,546 მილიარდი ლარი. ამ ორგანიზაციებს 1,160 მილიარდი ლარის კრედიტი აქვთ გაცემული. ყველაზე დიდი წილი სამომხმარებლო სესხებზე მოდის - 560 მილიონი ლარი, შემდეგია სოფლის მეურნეობა - 245 მილიონი ლარი და მას მცირედით ჩამორჩება ვაჭრობა - 238 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, ქვეყანაში 1000-ზე მეტი ლომბარდია რეგისტრირებული, ამასთანავე ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა მცირე სესხის გამცემი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა საერთოდ უკონტროლოა. ასევე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რამდენია ასეთი ორგანიზაცია და რა რაოდენობის სესხი აქვს მას გაცემული. საკმარისია პირი დარეგისტრირდეს ინდმეწარმედ ან შექმნას შპს და იწყებს ფინანსურ საქმიანობას. შემდეგ მათი წარმომადგენლები ურეკავენ ადამიანებს სთავაზობენ სესხებს, ხოლო ნოტარიულად დამოწმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ პირობების დარღვევის შემთხვევაში, სესხის ანაზღაურება ხდება მსესხებლის ქონებით.

ხშირ შემთხვევაში მსესხებელი ისე აწერს ხელს ხელშეკრულებას, რომ მას არ კითხულობს. ზოგადად კი ხელშეკრულებაში გაწერილი მუხლები იმდენად რთულად აღსაქმელია, რომ ფინანსურად გაუნათლებელმა ადამიანმა შეიძლება ვერც კი გაიგოს.

საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენელი, კლიენტის დაკარგვის შიშით მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მას არაფერს ეუბნება. გარდა ამისა, არასაბანკო დაწესებულებათა კლიენტები ის ადამიანებია, რომლებსაც ბანკში გადახდისუუნარობინადან გამომდინარე სესხი არ მისცეს.

ფინანსისტი არჩილ ბაკურაძე ამბობს, რომ საფინანსო ბაზარზე ბევრი მოთამაშის გამოჩენა ცუდი არ არის, თუმცა უნდა შემცირდეს მევახშეობის ფაქტები და რეგულრიების მიღმა არსებული სუბიექტების მოქმედება.

"პირდაპირ იმის თქმა, რომ სესხის გამცემი ორგანიზაციების მომრავლება ცუდი ან კარგია შეუძლებელია. ზოგადად არსებობს მოთხოვნა და დიდია კონკურენციაც. რაც უფრო მეტი რეგულირების ქვეშ მოქცეული საფინანსო ინსტიტუტი გაჩნდება ბაზარზე, კარგია. ცუდი შეიძლება იყოს ის, რომ მომრავლდნენ ლომბარდები და მცირე ორგანიზაციები.

ბოლო დროს სამომხმარებლო სესხების ბაზარი იზრდება. ეს ხშირად გამოწვეულია ეკონომიკური პრობლემებითა, ამ ყველაფერს სჭირდება დიაგნოსტიკა და კარგი დაკვირვება", - აღნიშნავს არჩილ ბაკურაძე და დასძენს, რომ უნდა შეიქმნას ჭარბვალიანობის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც დაადგენს უახლოვდება თუ არა ქართული ფინანსური სექტორი ჭარბვალიანობის წერტილს, რომლის მიღმა შეიძლება საკრედიტო კრიზისის რისკი შეიქმნას.

ბაკურაძის აზრით, ლარის გაუფასურების ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საკრედიტო პორტფელების ხარისხი მკვეთრად არ გაუარესებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა სირთულეების მიუხედავად მაინც ემსახურება ფინანსურ ვალდებულებებს.

"თუმცა, საფრთხე მაინც არსებობს. ამიტომ მეჩვენება, რომ საქართველოში მოვიდა ის დრო, როდესაც ფინანსური საქმიანობა ლიცენზირებული უნდა გახდეს. მხოლოდ, ლიცენზირებულ პირს შეეძლოს ფინანსური ოპერაციების განხორციელება, კლიენტისთვის ფინანსური რჩევის მიცემა. დღეს ბაზარი მეტისმეტად თავისუფალია, ხოლო მომხმარებელთა უფლებები გარანტირებული არ არის", - მიიჩნევს არჩილ ბაკურაძე.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა კი აღნიშნავს, რომ ფინანსური ბაზრის რეალური სურათი უნდა გვაჩვენოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშმა, რომელიც ეროვნულ ბანკს მესამე წელია არ გამოუქვეყნებია. მისი აზრით, სწორედ ასეთი ანგარიშის საფუძველზე უნდა დავინახოთ ექმნება თუ არა საფრთხე ეკონომიკასა და ფინანსურ სტაბილურობას კვალფიციური და არაკვალიფიციური საკრედიტო ორგანიზაციების მიერ "ჭარბი კრედიტის წარმოების" გამო.

დუნდუა მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ასეთი ორგანიზაციებისთვის დაწესდეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ისეთი ზედა ზღვარი, რომელიც ფინანსური სტაბილურობის საფრთხეს და ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს.

"ასეთი ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას, მაგრამ ამისთვის შესაბამისი ანალიზის ჩატარებაა საჭირო. ეს პრეროგატივა და წარმმართველი ძალაუფლება ეროვნულ ბანკს აქვს, მაგრამ იგი ამ ფუნქციას არ ახორციელებს. არ აკეთებს ანალიზს ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით და არ იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით", - ამბობს მიხეილ დუნდუა.

ეკონომისტების განცხადებით, ფინანსური ბაზრის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი, ჯერჯერობით, მხოლოდ ეროვნული ბანკია. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს ვერ შეისწავლის სოფლის მეურნეობის, განათლების ან ეკონომიკის სამინისტროები.

"თუ ეროვნული ბანკი ხედავს რისკს, უნდა წარმოადგინოს მათი შემცირების ადეკვატური პოლიტიკა. ეს იქნება საკანონმდებლო ინიციატივა, რეკომენდაცია, თუ ნორმატიული აქტების გამოცემა. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც ეროვნულ ბანკს მესამე წელია არ გაუკეთებია", - აცხადებს დუნდუა.

ანალიტიკოსები მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ სასწრაფოდ ჩატარდეს ჭარბვალიანობის კვლევა. ამასთანავე, სესხის გამცემი ორგანიზაციები ლიცენზირებას დაექვემდებაროს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×