თეონა ვეშაგური
09.06.2022

არაენდემურ ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის" გავრცელების რისკი რეალურია, მაგრამ, ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არსებობს რისკი არაენდემურ ქვეყნებში კიდევ უფრო გაიზარდოს ინფიცირება მაიმუნის ყვავილით, რადგან ამ ქვეყნებში არ არის გამომუშავებული იმუნიტეტი.

„ვირუსი გავრცელებას იწყებს უფრო ფართო მასშტაბით, მიზეზი კი ისაა, რომ არაენდემურ ქვეყნებში არ არის იმუნიტეტი. ის გამომუშავებულია იქ, სადაც ხშირი იყო მაიმუნის ყვავილით ინფიცირება. ახლა, იქ სადაც ადრე არ იყო გავრცელებული, უფრო ადვილად გავრცელდება ეს ვირუსი.

„რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, თუ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, აუცილებელი გახდება აცრა. თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, იმ დროისთვის ვაქცინები უკვე იქნება მობილიზებული. ჩვენ გვმართებს სიფრთხილე და დაავადების გავრცელების კონტროლი, რათა პრევენციული ზომებით თავიდან ავიცილოთ ის", - განაცხადა ხმალაძემ.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მოუწოდა ქვეყნებს გაზარდონ ჯანდაცვის მეთვალყურეობის ზომები, რათა გააკონტროლონ ეს დაავადება და თავიდან აიცილონ გავრცელება.

"ახლა მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯანმო-ს 29 ქვეყანაში, სადაც დაავადება ენდემური არ არის", - თქვა გენერალურმა დირექტორმა.

ჯანმო-ს მონაცემებით, ამ ქვეყნებში სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, განსხვავებით ენდემური ქვეყნებისგან, მათ შორისაა - ნიგერია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

"ჯანმო განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ რისკებით, რასაც ეს ვირუსი ქმნის დაუცველ ჯგუფებს, მათ შორის ბავშვებსა და ორსულებს ", - განმარტა დოქტორმა ტედროსმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებები, რომლებიც ცხოვრობენ იმ ქვეყნებში, სადაც მაიმუნების ყვავილი ენდემურია, იმსახურებენ ერთსა და იმავე ყურადღებას, იმავე ზრუნვას და იგივე წვდომას ინსტრუმენტებზე, რათა დაიცვან თავი დაავადებისგან, რომელიც ვრცელდება ახლო კონტაქტით.

ამ დროისათვის მსოფლოს 29 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის ვირუსის, 1000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები უშვებენ, რომ შესაძლოა ერთეული შემთხვევები გამოვლინდეს, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ არის.

"მთავარი კითხვა, რაზეც ახლა კვლევები მიმდინარეობს, არის ის, თუ რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი არაენდემურ კერაში ამ დაავადების გავრცელებას. ამჯერად იმაზე საუბარი თუ რა ტიპის გავრცელება ექნება ამ დაავადებას, ცოტა რთულია, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "მაიმუნის ყვავილმა" პანდემიური ხასიათი მიიღოს.

„ერთეული შემთხვევები მოსალოდნელია რომ გვქონდეს, მაგრამ, დღეს ნამდვილად არ არისა პანიკის საფუძველი. ქვეყანაში არსებობს მიმდინარე დაავადების მართვის პროტოკოლი,"- აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, საბერძნეთში „მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სახელმწიფო სააგენტო AMNA-ს ინფორმაციით, ქვეყანაში მაიმუნის პირველი შემთხვევა, ანდრეას სინგროსის საავადმყოფოში ერთ-ერთ მამაკაცს დაუფიქსირდა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტი უახლოეს წარსულში პორტუგალიაში იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×