ქრისტინე კაპანაძე
02.10.2021

„მოლნუპირავირი" არის მედიკამენტი, რომელზეც ყველაზე დიდ იმედებს ვამყარებთ, - ასე აფასებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ედელაძე, მედიკამენტ მოლნუპირავირს, რომელიც, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკის" კვლევის მიხედვით, 50%-ით ამცირებს კორონავირუსით დაინფიცირების შემდგომ ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

„მოლნუპირავირი" არის ის მედიკამენტი, რომელზეც ყველაზე დიდ იმედებს ვამყარებთ, საკმაოდ დიდი ხანია უკვე. ეს მედიკამენტი ძალიან კარგად უმკლავდება ვირუსს. სამწუხაროდ, ჯერ საქართველოს აღნიშნული მედიკამენტი არ აქვს, თუმცა ეს მედიკამენტი არის ჩვენი იმედი", - ამბობს ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ მოლნუპირავირი 50%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

„კომპანია „მერკმა" გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა „მოლნუპირავირმა" 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი.

„მოლნუპირავირის" ჯგუფში არავინ დაღუპულა, განსხვავებით პლაცებო ჯგუფისგან სადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა. გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია", - წერს კულუმეგოვი.

კომპანია „მერკისა" და მისი პარტნიორის, „რიჯბეკ ბიოთერაპევტიკის" ინფორმაციით, კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებმაც მათი პრეპარატი „მოლნუპირავირი" სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მიიღეს, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის დაახლოებით ორჯერ მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა იმათთან შედარებით, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.

კვლევაში 775 ზრდასრული კოვიდინფიცირებული იყო ჩართული, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებად მიიჩნეოდნენ.

კომპანია „მერკი" აცხადებს, რომ ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან და გეგმავს, რომ კვლევის შედეგები განსახილველად უახლოეს დღეებში წარუდგინოს. კომპანიის მტკიცებით, მედიკამენტის გამოყენების ნებართვის გასაცემად აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სტრუქტურებს უახლოეს მომავალში მიმართავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×