რეზონანსი
03.04.2020

საგანგებო ვითარების გამოცხადების ფარგელბში, მთავროსბი დადგენილების თანახმად საგამომცემლო საქმიანობის შეწყვეტისა და წიგნის ონლიან გაყიდვების აკრძალვას ქართველი გამომცემლები და მწერილები ეხმაურებიან და მთავრობას, საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ღია წერილით მიმართავენ.

„21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ქართველმა გამომცემლებმა და წიგნის გამავრცელებლებმა უმოკლეს დროში გადავინაცვლეთ ონლაინ პლატფორმაზე, რათა არ შეფერხებულიყო სასურველი წიგნის მკითხველამდე დროულად და უსაფრთხოების დადგენილი წესებით მიწოდების პროცესი.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ბრძანებით შეიზღუდა საგამომცემლო საქმიანობა და წიგნების ონლაინ გაყიდვები. ცნობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვა საგამომცემლო სფეროს მიმართ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, არ გამოუყენებია მსოფლიოს არც ერთ დიდ თუ პატარა ქვეყანას. რადგან მიჩნეულია, რომ ეს არა მხოლოდ ბიზნესისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის არის გადამწყვეტი, არამედ მოსახლეობისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იზოლაციის დროს წიგნების ხელმისაწვდომობა შენარჩუნდეს.

საგამომცემლო სექტორი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სასწავლო პროცესის შეჩერებისთანავე გამოიჩინა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და 6000-ზე მეტი ელექტრონული წიგნი, მათ შორის სახელმძღვანელოები და სხვა დამხმარე რესურსები სრულიად უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, წიგნების მაღაზიებისა და სხვა ტიპის საჯარო გაყიდვის წერტილების დახურვამ მოკლე დროში უდიდესი ზარალი მიაყენა ამ სექტორს, თუმცა ჩვენ ვცდილობდით ეს ზიანი დამანგრეველი არ ყოფილიყო და ამ მიმართულებით ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ სფეროს სასიცოცხლოდ ეხმარებოდა ონლაინ გაყიდვების კომპონენტი, რისი შეზღუდვის შემთხვევაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა სექტორი, ფაქტობრივად, შეწყვეტს ფუნქციონირებას.

იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, რომ აღდგეს საგამომცემლო საქმიანობისა და ონლაინ გაყიდვების შესაძლებლობა, რაც მოგვცემს წიგნის მომზადების, გამოცემისა და მკითხველისთვის მიწოდების საშუალებას“, - ნათქვამია ღია წერილში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×