რეზონანსი
31.03.2020

გუშინ, 30 მარტს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. დღეს, დილის 8:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, რაც, სხვადასხვა შეზღუდვებთან ერთად, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს, როგორც ქალაქებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.

ნაწილი სამსახურების, როგორიცაა საავადმყოფოები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ბანკები, სასტუმროები და სასურსათო მაღაზიები, კვლავ აგრძელებენ ფუნქციონირებას.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვის პირობებში, ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ მოხდება აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების ტრანსპორტირება.

"ფორტუნა" შეეცადა გაერკვია, რა ელით ადამიანებს, რომლებსაც კვლავ უწევთ სამსახურში სიარული. დავუკავშირდით ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელის თანამშრომელს, რომელმაც გვითხრა, რომ კომპანია თითოეულ თანამშრომელს ტაქსით მგზავრობის საფასურს ურიცხავს.

ერთ-ერთ მსხვილ ბანკში, ქვეყნის მასშტაბით თანამშრომლებს ავტომანქანები გამოუყვეს, რომლებიც მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

კიდევ ერთი ბანკის თანამშრომელმა გვითხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან, თუმცა სავარაუდოდ, მენეჯერი ან ავტომობილის მქონე რომელიმე თანამშრომელი ახლო-მახლო მცხოვრებ სხვა თანამშრომელს გაუვლის და სამსახურში მიიყვანს, კომპანია კი მას საწვავის ხარჯს აუნაზღაურებს.

რაც შეეხება აფთიაქებს, როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა გვითხრა, აღნიშნულ პრობლემაზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

ფუნქციონირებას აგრძელებენ ბენზინგასამართი სადგურებიც, თუმცა თანამშრომლებმა ჯერ აქაც არ იციან, როგორ მოხდება მათი გადაადგილება.

ავტომომსახურება გამოუყვეს მსხვილი სასტუმროებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები 21 აპრილამდე არ დატოვებენ სამუშაო ადგილს. ანუ დარჩენილ დღეებს ადგილზე გაატარებენ. მათ გამოუყვეს და კეთილმოუწყვეს ოთახები, სადაც მუშაობის შემდგომ ცხოვრებასა და დასვენებას შეძლებენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×