სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.11.2019

    (რეზონანსი) რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, - ამის შესახებ განცხადებას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი აკეთებს.

    მისი თქმით, „პოლიტიკური ლიდერები აქციის მონაწილეებს ღიად მოუწოდებდნენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლისკენ".

    ცაციაშვილის თქმითვე, შსს-ს არაერთი მიმართვის და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს.

    „ყველამ ვიხილეთ კადრები, რომლებშიც ნათლად ჩანს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა დარღვევა, რომლებიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებისა და მისი საქმიანობის შეფერხების აკრძალვას.

    ასევე, დილიდან ვრცელდება კადრები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა საშუალება არ მისცეს პარლამენტის დეპუტატებს, შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, რითაც ფერხდება პარლამენტის საქმიანობა.

    პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი მუშაობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და პროტესტი განაგრძონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

    კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ გამართულ ბრიფინგზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×