
21 დეკემბერს, თბილისთან ახლოს, ერთ-ერთ რეგიონალურ კოვიდცენტრში საკმაოდ მძიმე შემთხვევა მოხდა. პაციენტმა შემოვლაზე მყოფი მორიგე ექთანი ყელისა და ლოყის არეში დაჭრა.
კოვიდკლინიკაში მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა, დილის ხუთ საათზე შემოვლაზე მყოფმა ექთანმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთი პაციენტი წუხდა, მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგვაბის ნიღაბი, დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ექთანი და დანა ყელის მიდამოსკენ დაარტყა.
პაციენტმა ექთანს ორი ჭრილობა მიაყენა, ერთ-ერთი ლოყის არეში, რომელზეც დასჭირდა 7 ნაკერი, დაუზიანდა სანერწყვე ჯირკვალი და ექთანს საკმაოდ რთული რეაბილიტაცია დასჭირდა. მეორე ჭრილობა კი მიაყენა ყელის არეში.
ამ ეტაპზე ექთანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დამნაშავე გადაყვანილია სასჯელაღსრულების მეთვრამეტე დასწესებულებაში...
როგორც ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავჯდომარემ სალომე ლოლუამ აღნიშნა, საკითხის მოკვლევის შემდეგ გაარკვიეს, რომ ექთანსა და სავარაუდო დამნაშავეს შორის არანაირი პირადი უთანხმოება არ ყოფილა. ეს პაციენტი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ინტენსიურ განყოფილებაში, რა პერიოდშიც ექთანს რამდენიმე მორიგეობა მოუწია და ის ყოველთვის ზრუნავდა პაციენტზე.
სალომე ლოლუა ამბობს, რომ მედპერსონალი ვერ გრძნობს თავს დაცულად და განსაკუთრებულად რეგიონალურ კლინიკებში. მან კიდევ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში მედიცინის მუშაკებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაემუქრნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და კაბინეტის მინებიც კი ჩაუმტვრიეს.