რეზონანსი
23.09.2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის სხდომა გაიმართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შტაბის ფორმატში დეტალურად განიხილეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა, ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი და მიმდინარე ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი რესურსების მობილიზებით, მეწყრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფენ, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის ახალი სახლით უზრუნველყოფისთვის მთავრობა იზრუნებს.

„მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები 20-ზე მეტი მიმართულებით. ამავე დროს ყველა ის ოჯახი, რომელიც ამ პროცესების შედეგად გარკვეულ საფრთხეს დაექვემდებარა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილას და პრემიერ-მინისტრის დავალებით, როგორც ცენტრალური მთავრობის, ასევე ადგილობრივი რესურსების მობილიზებით ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა ამ ოჯახს დავეხმაროთ უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფაში. ერთ-ერთი სახლი წაიღო მეწყერმა და შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს ახალი სახლი ჰქონდეთ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზებისა და არხების გაწმენდის სამუშაოები.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის მუშაობაში ჩართული არიან როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები და აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რათა ყველა ოჯახს, რომელსაც მატერიალური ზარალი მიადგა, დანაკლისი მალე აუნაზღაურდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×