რეზონანსი
28.11.2020

აიღებენ თუ არ აიღებენ დაფინანსებას, ეს არის მავნებელთა გაერთიანება, რომელსაც უნდა, რომ საქართველო დამარცხდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც ისედაც მშვენივრად არიან დაფინანსებული და არიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას არ გრძნობენ არც თავიანთი ქვეყნის და არც მხარდამჭერების წინაშე.

„არიან ლიდერები, რომლებიც ამის გარდა, არიან ვალდებულებაში იმ ძალებთან, ვინც მოახდინა ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაცია და იმ რესურსს იყენებენ, რასაც ჰქვია დესტრუქცია. ზუსტად ემთხვევა საოკუპაციო ძალების ინტერესებს მათი ქმედება. არ არის აუცილებელი, ყველა იყოს ამ საქმეში ჩახედული და ჩართული, მაგრამ ფაქტია, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის ისტორიაში, პრაქტიკულად, არ ყოფილა ისეთი რთული პერიოდის სეგმენტი, როცა ამ ადამიანების მოქმედება არ ემთხვეოდა რუსულ ინტერესებს კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკიმ ოპოზიციის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმას ეხება.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

„კარგი არაფერია იმაში, როდესაც პარლამენტი საქმიანობს ოპოზიციის გარეშე. მაგრამ არსებობს უპირველესი ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს ინტერესი, საქართველოს ინტერესი ჰქონდეს ბიუჯეტი და ჰქონდეს სტრუქტურები, რომლებიც იმუშავებენ 2021 წელს საგანგებო რეჟიმში. როდესაც პანდემიამ მოიცვა მთელი მსოფლიო, როდესაც ეკონომიკური დარტყმები არის ძალიან ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად სუსტი ქვეყნისათვის. განათლების სისტემას ძალიან გაუჭირდა. ეს ყველაფერი უნდა პარლამენტში წყდებოდეს და უნდა იღებდეს კანონების სახეს და ამის წინაპირობა არის დამტკიცებული ბიუჯეტი. ვინც ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ის არის მონაწილე საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებისა. ეს არის ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვების გარეშე. ეს რეალობა დგას და ამ რეალობას აკეთებენ ისინი, ვინც წინა პერიოდში სათავეში ედგნენ საქართველოს დამარცხებას ოკუპანტის წინააღმდეგ და ეკონომიკური სიდუხჭირის პირობების შექმნას, სოციალური პაკეტების აბსოლუტურად გაუქმებას. უამრავი ადამიანის ოჯახებზე გადაიარა მმართველობის იმ მძიმე პერიოდმა მათ ღირსებაზე, ჯანმრთელობაზე, ქონებაზე და დღეს აი, ამის განმეორება არის დაუშვებელი.  ძალიან ცუდია, როდესაც ოპონენტები არ არიან პარლამენტში, მაგრამ არსებობს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×