ია აბულაშვილი
18.05.2020

მაცხოვარმა პირველი სასწაული, წყლის ღვინოდ გადაქცევა კანას გალილეას, სვიმონ კანანელის ქორწილის დღეს აღასრულა. შუა ნადიმის დროს ღვინო შემოაკლდათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია.

მოატანინა ცარიელი ქვაბები, ბრძანა რომ შიგ ჩაესხათ წყალი, სასწაულის შემდეგ ღვინო პირველი სუფრის თამადას მიართვეს. ამ სასწაულით აღფრთოვანებულმა სვიმონ კანანელმა ირწმუნა იესო ქრისტე-მესია.

დატოვა ოჯახი, ახლად შერთული მეუღლე და მაცხოვარს გაჰყვა. ამ ადგილას, სადაც კანანს გალილეაში აღსრულდა პირველი სასწაული წმინდა მოციქულთა სწორმა ელენემ ტაძარი ააგო.

სვიმონ კანანელი კანას გალილეაში დაიბადა და ცხოვრობდა, იგი იოსებ დამწმინდელის შვილი იყო. მოციქულს დიდი დამსახურება მიუძღვის ქრისტიანობის გავრცელებაში, მისი სახელი რამდენჯერმე მოიხსენიება სახარებაში.

სულთმოფინობის დროს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმონზეც გადმოვიდა სულიწმინდის მადლი, წმინდა მოციქულმა ქრისტეს მოძღვრება იქადაგა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინიაში.

წმინდა მამების გადმოცემით, სვიმონ კანანელმა წმინდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრსიტანობა საქართველოში, ჯერ სამხრეთ-დასავლეთში, შემდეგ აფხაზეთში, სადაც წარმართა მოსაქცევად დარჩა. დასახლდა ფსიცხალას გამოქვაბულში.

მოციქულმა დაამარცხა კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლთშეწირვას აიძულებდა. ახალი წელთაღრიცხვის 55 წელს წარმართებმა მოციქული წმინდა სვიმონ კანანელი ჯვარზე გააკრეს და მოწამებრივი სიკვდილით დასაჯეს. ამბობენ, ამ ადგილას სისხლის კვალი დღესაც ეტყობაო.

მორწმუნებებმა იპოვეს რა მოციქული, დიდებით მიაბარეს მდინარის პირას მიწას. წმინდანი ნიკოფსიაში დაასაფლავეს, იქ სადაც ფლავიუს არონეს ცნობით უფრო ადრე ყოფილა ქალაქი ძველი ლაზიკის სახელწოდებით. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით კი " ანაკოფიის აღესრულა წმინდა სვიმონ კანანელი, ქალაქ ნიკოფსისასა, საზღვარსა".

სოხუმთან ახლოს დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმინდა მოციქული მოღვაწეობდა. მე-4 საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში, ივერიიის მთაზე, პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც ხის იყო.

ურჯულოთა შემოსევის დროს ეკლესია დაინგრა. მე-10 საუკუნეში სვიმონ კანანელის სახელზე ახალი ეკლსია აშენდა. ტაძრის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის, შემორჩენილია მხოლოდ რელიეფური გამოსახულებები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სიმონ კანანელის ხსენების დღეს 23 მაისს აღნიშნავს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×