ია აბულაშვილი
05.03.2020

"დღეს წმინდა მოწამის სახსოვრად ისეთი ღარიბულად მორთული ნიშია, რომ ბერმა მისი არსებობა არც იცის, ნუთუ ღირსი არაა წმინდა აბო, რომელიც ქალაქ თბილისის მფარველ ანგელოზად და მხურვალე მეოხედ ითვლება, რომ ერთი მშვენიერი შესაფერისი ტაძარი აღშენებული იქნეს ამ ქალაქში მის სახელზედაო"- წერდა 1899 წელს გაზეთი "ცნობის ფურცელი".

თბილისის იმ ადგილას, სადა წმინდა აბოს, მტკვრის ერთ მხარეს, ნარიყალას ციხესთან თავი მოჰკვეთეს, მოპირდაპირე მხარეს მტკვართან კი დაწვეს, ამ ადგილას იმ ღამესვე მოხდა სასწაული - უფალმა კაშკაშა ვარსკვლავი გამოაბრწყინა, ქრისტიანთა სასიხარულოდ, ქრისტეს მოძულენი კი შიშით აავსო.

მეორე ღამეს მტკვარი განათდა, ხიდქვეშ, სადაც წმინდა აბოს ძვლები ჩაყარეს, დიდი ნათელი სვეტი ამბრწყინდა, ნათელი, როგორც ელვა.

ქრისტიანობისთვის წამებული არაბი, ნელსაცხებლების ოსტატი, ბაღდადიდან ჩამოჰყვა ქართლის ერისთავს ნერსეს. ისწავლა ქართული, დადიოდა ეკლესიებში, ლოცულობდა და მარხულობდა.

შემდეგ, ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც მიიღო ქრისტიანობა. შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა და სამი წელი მოღვაწეობდა.

თბილისში ახალი ამირა დასვეს, რომელმაც წმინდა აბოს მაჰმადიანობის დაბრუნება მოსთხოვა. აბომ ქრისტეს რჯულს არ უღალატა, განრისხებულმა მბრძანებელმა აბო შეიპყრო და ბორკილებდადებული დილეგში ჩააგდო.

9 დღის შემდეგ აბომ მასთან საპყრობილებში მყოფ ქრისტიანებს უთხრა, რომ მეორე დღეს განვიდოდა მისი სული ხორცისგან და წარსდგებოდა უფალი იესო ქრისტეს წინაშე.

მართლაც, ამირას ბრძანებით აბოს თავი მოჰკვეთეს, მისი ნეშტი დაწვეს, ხოლო ძვლები, რომელიც არ დაიწვა, ცხვრის ტყავში გამოკრეს და მტკვარში გადაყარეს.

იმ ადგილას, სადაც აბო აწამეს ქართველებმა პატარა სამლოცველო ააგეს და იგი თბილისის მფარველად აღიარეს. იმ დღიდან ამ ადგილმა კურნების მადლი შეიძინა.

არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ შორეულ წარსულში, ყოველ წელს აბო თბილელის ხსნების დღეს მისი ძვლები მტკვრის ზედაპირზე ამოიწეოდა და ისეთ უჩინარდებოდა.

აბო თბილელის წამების ადგილას პირველად ჯვარი აღიმართა. აქ გადიოდა ხიდი, რომელიც ყოველთვის ხის იყო, მტრის შემოსევის შემთხვევაში ხეს ადვილად შლიდნენ, რათა მტერი არ გადმოსულიყო. ხიდზე გადასულ კაცს აუცილებლად უნდა გაევლო ამ ადგილზე სადაც აბო თბილელი დაწვეს და ისე შესულიყო ქალაქის მეორე ნაწილში.

კრწანისის ომში მიმავალ მეფე ერეკლეს, რომელსაც მტერი ფეხ და ფეხ მოსდევდა, აბო თბილელის ჯვართან დაუჩოქია და წმინდანისთვის საქართველო და დედა თბილისი შეუვედრებია.

1852 წელს წმინდა აბოს ნიშა განაახლეს, კლდეში აშენებული ნიშა, სადაც დავანებული იყო წმინდანის ორი ხატი და წმინდა ნაწილები, საზეიმოდ იკურთხა. მის სახელზე შექმნილი ხატი კი ისე დაასვენეს, რომ ყველა გამვლელს ხიდზე თაყვანი ეცა წმინდანისთვის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×