ია აბულაშვილი
24.02.2020

"ბედმა თუ გვიღალატა და მტრის ძალა ვერ დავძლიეთ, შერცხვენილ იყოს, ვინც ჩვენთაგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზე" - ეს ფიცი 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300 არაგველმა, სოფელ ნაღვარევის წმინდა გიორგის კლესიაში დადო.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ნაღვარევი "მეფეთა მოსასვენებელი ალაგი" ყოფილა. ეკლესია, რომელიც 12 საუკუნით თარიღდება, თავდაპირველად მთის წვერზე აუგიათ და იქიდან გადმოჰყურებდა ხეობას. მე-16 საუკუნეში ნიაღვარს ეკლესია საძირკვლიანად მოუწყვეტია და ბარში ჩამოუტანია. ამიტომ უწოდეს მთიულებმა ამ წმინდა დაგილს ნაღვარევი. მერე ეს ეკლესია სამეფო კარის სალოცავი ყოფილა.

მთიულები ბრძოლის წინ ფიცს ლომისიის სალოცავში დებდნენ, მაგრამ როდესაც მეფე შიკრიკს უეცრად გამოაგზავნიდა, და დრო აღარ იცდიდა, არგვისპირის მებრძოლები ბრძოლის წინ ნაღვარევის ეკლესიაში იკრიბებეოდნენ და აქ დებდნენ ერთგულების ფიცს. ასე ყოფილა კრწანისის ბრძოლის დროსაც, 300-მა არაგველებმა ფიცი დადო, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ, გამარჯვებულები დაბრუნდებოდნენ ან ბრძოლის ველზე გმირულად დაეცემოდნენ. სიჩქარის გამო მიწით ეზიარნენ. ამ უთანასწორო ბრძოლიდან არცერთი მათგანი ცოცხალი არ დაბრუნებულა. კრწანისის ველიდან ხეობაში მხოლოდ ერთ-ერთი მებრძოლის შუბგაყრილი ცხენი დაბრუნდა.

კრწანისის ბრძოლის წლისთავზე ვახტანგ ბატონიშვილმა 300 არაგველის სულის მოსახსენიებლად ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიას ოქროს ბარძიმი შესწირა, რომელიც დღეს ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ინახება. თასს აქვს წარწერა: "შენ წმინდისა დიდებულისა მთავარმოწამისა გიორგის ეკლესიასა ლომისად წოდებულსა თასი ესე მსასოებელმა მფარველისა შენისამ ყოვლისა, საქართველოსა მეფის ირაკლის მეორის ძემან ვახტანგ მპყრობელმა არაგვსამან მოგართვით. შეიწირე და იოხენ მათთვის, რომელნიც არაგველნი აღამაჰმადხანის ომში მოისრნენ, რათა საუკუნესა ცხოვრებისა ღირს იქნენ."

ნატეხი ქვით ნაგები, შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია თავის მხატვრობითაც არის უნიკალური. ტაძრის ჩრდილო კედელზე მხატვრობისა და ასომთავრული წარწერის კვალი დღესაც არის შემორჩენილი "მოიხსენიე, უფალო, მხატვარი მათე", რომელიც სამეფო კარის მხატვარი ყოფილა. სავარაუდოდ ეკლესიის მშვნება მე-12 საუკუნის წმინდა გიორგის ხატი მის მიერ არის დაწერილი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×