ია აბულაშვილი
04.02.2020

ბედიის მონასტერი, რომელიც აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს, ისტორიული წყაროების მიხედვით, მე-10 საუკუნის მიწურულს - 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ.

„ბაგრატ მეფემ აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, შეწირნა სოფელნი მრავალნი ხევითა და ადგილთა. განასრულა ყოველთა განგებითა, შეამკო ყოველთა სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი“, - გადმოგვცემს „მატიანე ქართლისაი“.

„წელსა ჟამსა 999, ბაგრატ კურაპალატმა ბედია აღაშენა“, - ვკითხულობთ სხვა ისტორიულ წყაროში.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „აღაშენა მეფემან ბაგრატ ეკლესია დიდშუენიერ გუმბათოვან და შეამკო სიმდიდრითა ფრიად“.

სამწუხაროდ ამ იტაძარს ჩვენამდე არ მოუღწევია. მე-13 საუკუნეში ახალი ტაძარი ბაგრატისეულ ნაშთებზე დაუშენებიათ.

ბედიის მონასტერთან დაკავშირებით არსებობს ერთი თქმულებაც, რომელიც გვხედება იტალიელი მოგზაურის ქრისტოფორე კასტელის ჩანაწერებში:

„ამ სოფელს უწოდებენ ბედიას. ერთ დღეს საქართველოს მეფეს, რომელიც მთებში ნადირობდა, თავიდან დოლბანდი გადმოვარდა, სწორედ ამ ადგილას ოქროს ჯვარი უპოვია და უთქვამს - კარგი ბედი მქონიაო. მეფეს უბრძანებია აქვე აეშენებინათ ეკლესია და გაემდიდრებინათ ძვირფასეულობით“.

ბედიის მონასტერშია დასაფლავებული მეფე ბაგრატ მესამე და მისი დედა დედოფალი გურანდუხტი. ბედიის ტაძრის ფასადებზე შემიორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები, რომლებიც ტაძრის აგების შესახებ მოგვითხრობს. უიშვიათესი საეკლესიო ნივთი ბედიის ბარძიმი, რომელზედაც ამოტვიფრულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე და მისი დედა გურანდუხტ დედოფალი ბარძიმს სწირავენ მათ მიერ აგებულ ბედიის ტაძარს.

ბედიის ოქროს თასი 999 წლით თარიღდება და ქართული ოქრომჭედლობის შესანიშანვ ნიმუშს წარმოადგენს. ჩვენამდე მხოლოდ თასის ზედა ნაწილმა მოაღწია, ფეხი კი დაკარგულია. დღეს ეს უნიკალური ნივთი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

თასს მომრგვალებული ფორმა აქვს, გამოჭედილია ბაჯაღლო ოქროს მთლიანი ფურცლისგან. მისი სიმაღლე 12,5 სმ-ია, სიგანე - 14 სმ.

თასის ზედაპირი დაყოფილია თაღებად. თითოეული თაღის ქვეშ წმინდანებია გამოსახული, შუაში - ტახტზე მჯდომი ქრისტე, მეორე მხარეს - ღვთისმშობელი ყრმით ხელში. ყველა ფიგურასთან, გარდა ღვთისმშობლისა, ამოტვიფრულია წერწერები.

ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ 1865 წელს ბედიის ბარძიმს ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის სალაროში მიაკვლია, რომელიც აქ ბედიის მონასტრიდან მოხვედრილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×