პანდემიამ ყველაფერი ყირაზე დააყენა, ხოლო ინვესტორების „ონლაინ დარწმუნების“ მეთოდი არ მუშაობს
ირაკლი ლომიძე
18.05.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა მდგომარეობამ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები საგრძნობლად შეასუსტა. პანდემიის დასრულების წინ საფრთხე უფრო თვალსაჩინო გახდა.  საკმაოდ პესიმისტური აღმოჩნდა ,,თიბისი კაპიტალის“ კვლევა, რომლის თანახმადაც ინვესტიციები  2020 წლის განმავლობაში, 2019 წელთან შედარებით , სავარაუდოდ, 500 მილიონ დოლარით  შემცირდება და  დაახლოებით 770 მილიონი  დოლარი იქნება, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლი იქნება 2009 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში 667 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა.

როგორც კვლევაშია ხაზგასმული, ქვეყანაში სავალუტო ნაკადების დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარით შემცირება.  ამ ვარდნის დასაბალანსებლად ქვეყანა 3.1 მილიარდი დოლარის საგარეო დაფინანსებას მოიზიდავს.

ინვესტიციებზე საგრძნობი ნეგატიურ გავლენას ახდენს ანაკლიის პორტის გარშმო შექმნილი მდგომარეობამაც.  ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ  მთავრობამ არა მხოლოდ კონსორციუმთან დაკავშირებული საკითხი დახურა, არამედ მთლიანად ანაკლიის პორტის თემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება პრიორიტეტული, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ინვესტორების ნდობას კარგავს. 

,,დღეს მთელი მსოფლიო  ეძებს ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გზებს, საკმაოდ არაორდინალური შემთხვეაა, რადგან მსგავსი ტიპის პრობლემა კაცობრიობას აქამდე არ ახსოვს.  დახმარება სჭირდება ყველას. სავალუტო ფონდს უკვე 130-მა ქვეყანამ მიმართა. აქედან გამომდინარე, სტრატეგია თუ უცხოურ ინვესტიციებზე იქნება აგებული, ეფექტური ვერ იქნება. ჩვენ ესეც უნდა ვცადოთ, მაგრამ შიდა რესურსზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. 

მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის როლიც, არაორდინალურ ვითარებაში ჩვენ შეგვიძლია, რომ ბევრი ქართველი ინვესტორი დავაბრუნოთ ქვეყანაში. გასაგებია, რომ თავის დროზე ისინი წავიდნენ კეთილდღეობის და თავისუფლების საძებნელად, მაგრამ ახლა ყველამ დაინახა, რომ უსაფრთხოდ ვერსად იქნებიან, რადგან არსად არის კეთილდღეობა გარანტირებული - არც ევროპაში და არც აშშ-ში. ინვესტიციებთან ერთად უნდა მოვიზიდოთ ინტელექტუალური კაპიტალიც, რათა ყველამ ერთად შევქმნათ ახალი მოდელი ეკონომიკაში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ინვესტიციების მოზიდვას მნიშვნელოვნად უშლის ხელს ანაკლიის პორტის ფაქტორიც, რომელიც მთავრობის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს და ქვეყნის ეკონომიკასაც აზარალებს.

,,კონკრეტულად ამ პროექტის მიმართ და სამომავლოდ ნებისმიერ სხვა პროექტებზეც ინვესტორთა ინტერესიც ნაკლები იქნება,  გლობალური კრიზისია და რესურსების მოზიდვა განსაკუთრებით გაუჭირდებათ“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ინვესტიციების მოზიდვის საქმეში საგადასახადო შეღავათების გაწევას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევს "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მისი აზრით, მთავრობამ ინვესტორს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ განხორციელებული ინვესტირების მოგების მინიმუმ ნახევარი დარჩეს. ეს ბიზნესის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია. 

"მთავრობის სტრატეგია უნდა იყოს ისეთი, რომელმაც არ უნდა ავნოს სისტემას და მაქსიმალურად შეძლოს ბიზნესის დაინტერესება. უნდა დაფინანსდეს ყველა ის მიმართულება, რაც ხალხს სჭირდება. ამით დიდი სტიმული მიეცემა იაფი სესხის მიმღებ სუბიექტებს და ეკონომიკური განვითარების მხრივაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკაც უნდა გადაიხედოს, რადგან მიმაჩნია, რომ არსებული მოდელი განაპირობებს ბანკების პრივილეგირებულ მდგომარეობას  და ეს მიდგომაც საბოლოოდ შესაცვლელია. კარგი იქნება, თუ ახალი საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში ამ საკითხსაც გაითვალისწინებენ", - განაცახადა შეშელიძემ.

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე ფიქრობს, რომ ეპიდემიის დამანგრეველი შედეგების გამო ინვესტიციები სერიოზული რისკის ქვეშ მოექცა, რადგან გაუფასურდა აქტივები, ქონება და რესურსი, რამაც გლობალურ დონეზე პრობლემა  შეუქმნა ბიზნესს და ინვესტორებს.  

,,პანდემიის გამო მსოფლიოში ინვესტორების ძირითად გამოწვევად იქცა სამოხმარებლო აქტივობის დაცემა, მსყიდველობითუნარიანობის შენელება, მიწოდების ქსელის ცვლილება, სოციალური მღელვარება, ნაციონალიზაციისა და დროებითი რეკვიზიციის რისკი. იცვლება კრიზისამდელი საინვესტიციო ინტერესები, რასაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის პოლიტიკა და საინვესტიციო პოლიტიკა უწყობს ხელს. 

რეალურად თუ გვინდა შედეგის მიღწევა და ინვესტორების მოზიდვა,  ქვეყანაში ანტიკრიზისული გეგმები და პროგრამები  მშვიდობიან დროს, კრიზისამდე უნდა იწერებოდეს, რომელიც, შემდგომ პროცესების განვითარების შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს. ასე იზრდება როგორც საინვესტიციო მიმზიდველობა, ისე სისტემის საიმედოობა, რაც საქართველოს შემთხვევაში, ვერ მოხერხდა“, - განუცხადა აბულაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“ და დასძინა, რომ საქართველოს, კრიზისისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, სჭირდება ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც კონკრეტულ ინვესტორზე, ჯამში კი, ქვეყნის სარგებელზე იქნება მორგებული. 

,,დღეს სახეზეა მხოლოდ სტიმულირების პროგრამა, რაც საინვესტიციო აქტივობის გასააქტირებლად არასაკმარისია. ინვესტორები იმპროვიზებულ ეკონომიკურ პოლიტიკას კარგად აფასებენ და აქტივობისაგან თავს იკავებენ ან  უფრო მეტ სიკეთეს ითხოვენ, ვიდრე ქვეყნისთვის მათი საინვესტიციო სარგებელია. სამწუხაროდ, ინვესტორებთან ინდივიდუალური შეხვედრებისა და პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა დაბალია, ხოლო  ინვესტორების „ონლაინ დარწმუნების“ პოტენციალი ახალი მოცემულობაა. ცვლილებები და ახალი პოლიტიკური მოცემულობა არის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის გარანტი“, - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" რატი აბულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×