სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    05.07.2019

     აზერბაიჯანული დიზელი, შესაძლოა, რუსული და თურქმეული პროდუქტით ჩანაცვლდეს. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, მომავალი წლიდან ბაზრების დივერსიფიცირება დაიწყება, კონკრეტულად რომელი ქვეყნებით, ამაზე ორგანიზაციაში ჯერ არ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტების ვარაუდით, რუსული დიზელის წილი მოიმატებს, რაც არასახარბიელოა. მიუხედავად ამისა, როგორც ბაზრის მკვლევარები აცხადებენ, დიზელის იმპორტში პრობლემა მოსალოდნელი არ არის.

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხის ევრო 4-დან ევრო 5 სტანდარტამდე აწევასთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც ძალაში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შევიდეს, ქვეყანაში დიზელის საწვავის იმპორტიორი ქვეყნების დივერსიფიცირებას გამოიწვევს.

    კერძოდ, როგორც მთვრალაშვილი აღნიშნავს, ამჟამად აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის საწვავის ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი ქვეყანაა, რომელსაც დიზელის საწვავის ევრო 5 სტანდარტი არ გააჩნია. მთვრალაშვილი განმარტავს, რომ შესაბამისად, მომავალი წლიდან აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის დიზელის საწვავის მიწოდება შეწყდება და ქვეყანა იმპორტიორი ბაზრების დივერსიფიცირებას დაიწყებს.

    ცნობილია, რომ რუსული დიზელი ქართულ ბაზარზე საკამოდ დიდი მოცულობით არის წარმოდგენილი. როგორც მთვრალაშვილი ამბობს, ტენდენცია განსაკუთრებით 2014 წლიდანაა, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

    ვანო მთვრალაშვილი: ,,რუსეთიდან იმპორტის თვალსაზრისით მიმდინარე წლის პირველ 6 თვის მონაცემს თუ ვნახავთ, ეს რიცხვი დაახლოებით, 31%-ია. ამას თავისი ლოგიკური მიზეზები აქვს. პირველი ის, რომ რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტი ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტისაა, მათ შორის როგორც ბენზინი, ასევე დიზელი ანუ სტანდარტებს ორივე აკმაყოფილებს. მეორე, ლოგისტიკური საკითხიც მოწესრიგებულია და პროდუქტი შედარებით იაფი ჯდება" - განაცხადა ვანო მთვრალაშვილი.

    რაც შეეხება აზერბაიჯანული დიზელის ჩანაცვლებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოწოდების დივერსიფიცირება სხვადასხვა ბაზრებიდან მოხდება.

    „პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში დიზელის (ევრო 4-ის სტანდარტის) ყველაზე დიდი ოდენობით იმპორტი - 41%- სწორედ აზერბაიჯანიდან განხორციელდა. თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ბაზარი არსებობს, საიდანაც შესაძლოა დიზელის საწვავის იმპორტი მოხდეს. მათ შორის როგორიც არის - რუსული, რუმინული, ბერძნული და ბულგარული პროდუქტები. თუ პროდუქცია აზერბაიჯანიდან არ წამოვა დეფიციტი არ გვექნება, რადგან პროდუქციის მოწოდების დივერსიფიცირება სხვადასხვა ბაზრებიდან მოხდება" - აცხადებს მთვრალაშვილი.

    ამდენად, არ არის გამორიცხული, რუსული დიზელი წილი გაიზარდოს, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელის ბექა კემულარიას თქმით, პრობლემა არ იქნება, მაგრამ არასტაბილურობის განცხდას გააჩენს.

    ,,ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე იაფად საწვავი აზერბაიჯანიდან შემოდის. ტრანსპორტირება იაფი ჯდება და აქედან გამომდინარე, იმპორტი ამ მიმართულებით ყოველთვის დადებითი ტენდენციით ხასიათდებოდა. ჩემი აზრით, თუკი იმპორტი აზერბაიჯანიდან შეწყდება, ეს ფასის ზრდას არ გამოიწვევს. ევრო 5 სტანდარტის დიზელი შემოდის ევროპიდანაც, ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ტრანსპორტირების ხარჯი აზერბაიჯანიდან 5 თეთრით მაინც ნაკლებია და კონკურენცია ამ მხრივ, საბითუმო და საცალო ფასებში იქნება მნიშვნელოვანი, აზერბაიაჯნულ საწვავთან შედარებით. სავარაუდოდ, დიზელს რუსეთიდან და თურქმენეთიდან ავითვისებთ, არ არის პრობლემა, მაგრამ რუსული ბაზარი არასაიმედოა. ბოლო დროს ისეთი განცხადებები კეთდება, რომ ლამის ყოველდღიურად ვართ ემბარგოს მოლოდინში და რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება, დიზელის შემთხვევაში, ნამდვილად არასასურველია. როდის რა გაუხარდება ან როდის გაგვინაწყენდება და როდის შეგვიწყვიტავს მიწოდებას, არავინ იცის. თუმცა როგორც არ უნდა მოხდეს, საწვავის ბაზრისთვის ეს არანაირად არ იქნება პრობლემა, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ბიზნესი გადაეწყოს, ამიტომ რუსული დიზელი მაშინვე ჩანაცვლდება თურქმენული ან სხვა ქვეყნის პროდუქტით", - ამბობს კემულარია.

    ცნობისთვის: საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 4-იდან ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს ძალაში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ამჟამად საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი: აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან ხდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×