სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ეკონომიკურად აქტიური სეზონია და ეს ნავთობპროდუქტების ბაზარზეც აისახება"
    მარი გოცირიძე
    10.06.2019

     საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი მატულობს. როგორც მოსალოდნელი იყო, იმპორტმა გაზაფხულიდან გეზი ზრდისკენ აიღო და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, წინა თვეებისგან განსხვავებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვეა და იგი აშკარად გამოკვეთილი მზარდი ტრენდით გამოირჩევა. 

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საწვავის გაზრდილი იმპორტი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასთან კავშირშია, რაც ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მიღწეული შედეგითაც დასტურდება. 

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება აპრილის მაჩვენებელს.

    ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,48 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუსეთი -  0,31 ათასი ტონა (17,2%), თურქეთი - 0,25 ათასი ტონა (13,9%), გერმანია - 0,24 ათასი ტონა (13,3%) და სხვ.

    მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 7,6  ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

    2019 წლის მაისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,0 ათასი ტონა, რაც 2,8 ათასი ტონით აღემატება აპრილის მაჩვენებელს.

    ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის მაისში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ეგვიპტიდან - 6,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 54,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: თურქეთი - 3,9 ათასი ტონა (32,5%) და თურქმენეთი - 1,6 ათასი ტონა (13,3%).

    მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 42,9 ათასი ტონა, რაც 11,6 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (31,3 ათასი ტონა).

    2019 წლის მაისის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,2 ათასი ტონა, რაც 3,4 ათასი ტონით მეტია აპრილის მაჩვენებელზე. აქედან მთელი იმპორტი მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

    ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, ეკონომიკურ სექტორში მიმდინარე ცვლილებებმა სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტების იმპორტზეც ადეკვატური გავლენა მოახდინა. 

    "როგორც იმპორტის დინამიკიდან ჩანს, განსაკუთრებით გაზრდილია საავიაცი ნავთის იმპორტი და მოხმარება. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო რეისების განხორციელება მატულობს. ვიზიტორებისა და ტურისტების ნაკადების შემოსვლა არის მაღალ მაჩვენებელზე. იმავდროულად, საგზაო ბიტუმის იმპორტიც შესამჩნევად გაზრდილია. ეს უკავშირდება საგზაო ინფრასტრქუტურას, რაც ბოლო დროს მაღალი აქტიურობით გამოირჩევა. გზების მშენებლობის დინამიკა გაზრდილია და ესეც ერთ-ერთი პოზიტიური ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის. 

    რაც შეეხება ხარისხს, ცხადია, რომ საავიაციო ნავთი, სხვა ნავთობპროდუქტებისგან განსხვავებით, ამ მხრივ მოწინავე პოზიციაზეა და ეს ყოველთვის ასეა. ამ ტიპის პროდუქტს სისტემატურად უტარდება ლაბორატორიული კვლევები. აბსოლუტურად ყველა პარტია საგულდაგულოდ მოწმდება მოხმარების წინ, ამას უსაფრთხოების სტანდარტი მოითხოვს. ცხადია, ჩვენ ხარისხთან დაკავშირებით შენიშვნა არ გვაქვს, შემოდის მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც მოხმარებისთვის მისაღებია. 

    საავიაციო ნავთის იმპორტის გამოცოცხლება დაკავშირებულია ტურიზმის სფეროს მიღწევებთან. ბოლო წლებში ნათლად ჩანს, რომ უცხოელი ვიზიტორები აქტიურად შემოდიან საქართველოში და მიმდინარე წელსაც რეკორდულ მაჩვენებელს ველდოებით. ყველაფერი ეს ცალსახად დამოკიდებულია საავიაციო ნავთის იმპორტის ზრდასთან. საქართველო, მათ შორის, თბილისი შესაძლოა საჰაერო ჰაბი გახდეს ამიერკავკასიის რეგიონში, რისი პოტენციალიც დიდია. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს იქითკენ, რომ რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გავხდეთ", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

    რაც შეეხება სხვა სახის ნავთობპროდუქტებს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 44,1 ათასი ტონა, რაც 21,7 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (22,4 ათასი ტონა).

    2019 წლის მაისში საქართველოში გათხევადებული აირების ("ელპიჯი")  იმპორტმა შეადგინა 1,9 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით აღემატება აპრილის მაჩვენებელს. რაც შეეხება ბოლო 5 თვის შედეგს, იანვარ-მაისის განმავლობაში გათხევადებული აირების იმპორტმა შეადგინა 5,8 ათასი ტონა, რაც 1,0 ათასი ტონით მეტია შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (4,8 ათასი ტონა).

    "საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი ასევე შესამჩნევად არის გაზრდილი. საავტომობილო, ინდუსტრიული თუ სხვადასხვა სახის ზეთების მიმართულებითაც ტრენდი პოზიტიურია. თხევადი აირის მოხმარებაც მატულობს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ასევე კომპანიებისთვისაც. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ მუდმივად იზრდება იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც თხევად აირს მოიხმარს. 

    დღესდღეობით საშუალოდ 5000-მდე სატრანსპორტო საშუალება გათხევადებულ აირს უკვე მოიხმარს. გარდა ამისა, თხევადი აირის 70-მდე გასამართი სადგური გაკეთდა. ვხედავთ, რომ ეს მიმართულება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. იყენებენ ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულებითაც, რადგან იგი ბუნებრივი აირის ალტერნატივაა. მისი ფასი შედარებით დაბალია და მოთხოვნის ზრდას განაპირობებს. 2 წლის წინ თუ საქართველოში 100-მდე სატრანსპორტო საშუალება მოიხმარდა, როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს უკვე 5000 ერთეული მოიხმარს და ეს ტენდენცია მუდმივად მატულობს. 

    მთლიანობაში, ეკონომიკურად აქტიური სეზონია და ეს ნავთობპროდუქტების ბაზარზეც აისახება. ვვარაუდობთ, რომ იმპორტის ზრდა მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდება", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (11.06.2019)
    ხო, ათმაგი მოგება დაგრჩათ, თქვე წურბელებო. ერთი თუ ქვეყანა აირია, მე თქვენ განახებთ....


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×