სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "უნდა გამკაცრდეს კანონი, დაცვის გაძლიერებით ვერაფერი მოხდება, ამით კრიმინალი ვერ შემცირდება"
    თეო გუდავაძე
    13.07.2018

     არასრულწლოვანთა მიერ სავაჭრო ობიექტების ძარცვამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. ბოლო პერიოდში იმდენად გახშირდა მსგავსი ფაქტები, რომ მაღაზიის მეპატრონეები დაუცველად გრძნობენ თავს. ისინი საკუთარი ობიექტების დასაცავად უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას აპირებენ, რაც, პირველ რიგში, ხარჯთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით უჭირთ კერძო მაღაზიების მფლობელებს.

    სავაჭრო ქსელებისა და ტექნიკის მაღაზიების ძარცვის ფაქტები ძალიან გახშირდა, საუბარია ქვეყანაში კრიმინალის შემცირებაზე, თუმცა ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. სხვადასხვა მედიასაშუალება ყოველდღიურად აშუქებს კრიმინალურ ამბებს, განსაკუთრებით სჭარბობს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ძარცვისა და ხულიგნობის ფაქტები.

    2018 წელს ქვეყნის კრიმინოგენული მდგომარეობა თვეების მიხედვით ასეთია: იანვარში სულ რეგისტრირებულია 4410 დანაშაული, საიდანაც გახსნილია 1302 ფაქტი, ანუ 29,52%; თებერვალი - 4589 ფაქტი, გახსნილია 1142 (24.89%); მარტი - 5380 ფაქტი, გახსნილია 1448 (26.91%); აპრილი - 5210 ფაქტი, გახსნილია 1237 (23.74%).

    განსაკუთრებული პრობლემის წინაშე დგანან სავაჭრო ობიექტები და სპეციალიზებული ტექნიკის მაღაზიები. ნიკოლოზ მერაბიშვილი 26 წლისაა და ერთ-ერთი სუპერმარკეტის დაცვის სამსახურში მუშაობს. მას ხშირად ესმის კოლეგებისგან, რომ მაღაზიებს თუ ბანკებს დაცვის ორი თანამშრომელი არ ჰყოფნის.

    "უნივერსამში ვმუშაობ, უკვე 7 თვეა. აქამდეც დაცვაში ვმუშაობდი, ჯერ "კარაოკე" ბარში და მერე ერთ-ერთ ბანკში. ბანკში მუშაობის პერიოდში მახსოვს, როგორ აქტიურად აყაჩაღებდნენ ექსპრესფილიალებს, არასრულწლოვნების თარეში იყო ქალაქში, პირდაპირი მნიშვნელობით. დაცვის არავის ეშინოდა და ალბათ იმიტომ. საქმე ისაა, რომ, უკიდურესი შემთხვევის გარდა, ასეთ ადგილებში დაცვას არ აქვს სროლის უფლება. ახლა იგივე ხდება მაღაზიებში.

    უნდა გამკაცრდეს კანონი, დაცვის გაძლიერებით ვერაფერი მოხდება, ამით კრიმინალი ვერ შემცირდება. ასეთ ბავშვებს სასჯელით თუ შეაშინებ, თორემ ფაქტია, დაცვა არის თუ არა კონკრეტულ ობიექტზე, ისინი ღამით თუ დღისით პირდაპირ შედიან და ძარცვავენ ტექნიკის მაღაზიებს, ბანკებს.

    სხვა ამაზე უფრო დიდი დანაშაული რა უნდა ჩაიდინოს 14 წლის ბავშვმა, ვერ ვხვდები. არც მედია არ აშუქებს ნორმალურად მსგავს შემთხვევებს. მაგალითად, დაიჭირეს ეს ბავშვები და გამოუშვეს, რა ბედი ეწია მოპარულ ნივთებს? გადაახდევინეს თუ არა საჯარიმო თანხა? დაუბრუნდათ თუ არა მფლობელებს მოპარული ნივთები? ასეთი რამ ნაჩვენები უნდა იყოს, რომ სხვებმა მსგავსი არ გაიმეორონ, აღარ ჩაიდინონ მსგავსი სისულელე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნიკოლოზ მერაბიშვილმა.

    "ბეკოს" მარკეტინგის მენეჯერი ხატია ტყებუჩავა ადასტურებს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მათი ფილიალები 6-ჯერ დააყაჩაღეს ახალგაზრდებმა.

    "გვაქვს ფაქტის ამსახველი კადრებიც. აქედან ერთი შემთხვევა მოხდა ბათუმში, დანარჩენი კი - თბილისში. ვიცით, რომ არავინ დაუკავებიათ, თუმცა პოლიციას ყველა საჭირო ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ. კრიმინალი არის მკვეთრად გაზრდილი და არ ვიცით, ეს ვითარება როგორ მოვაგვაროთ. ფაქტია, საკუთარი დაცვის სისტემა არ არის საკმარისი და გვაქვს განცდა, თითქოს იმ პერიოდში დავბრუნდით, როცა მაღაზიებთან რკინის ჯებირების დაყენება იყო საჭირო", - ამბობს ტყებუჩავა.

    გოგი ლურსმანაშვილს ლილოს ბაზრობაზე აქვს ტექნიკისა და ძვირადღირებული ჭურჭლის მაღაზიები. იგი ასეთი ამბების გახშირების შემდეგ გამუდმებით ფიქრობს, რა სახით დაიცვას თავისი ობიექტები.

    "როგორც ჩანს, არც მე ვარ დაზღვეული, რომ ვიღაცამ გამძარცვოს. მაღაზიაში ორი კამერა მიყენია, მაგრამ ეს უკვე ვეღარ მშველის. ხშირად მქონია ასეთი ფაქტი, დღის ბოლოს, ნივთების აღწერის დროს მაკლდა ან ლარნაკი, ან საფერფლე, ანდა სხვა ნივთი. საუბარია საკმაოდ ძვირადღირებულ ჭურჭელზე, რომელთა ფასიც 100 ლარიდან იწყება.

    ეს ხალხი როგორ ახერხებს ასე ქურდობას, ვერ ვხვდები, მაგრამ ფაქტია, ახერხებენ. ვისაც ასეთი მცირე ზომის მაღაზიები გვაქვს და დაცვაც არ გვყავს, დიდ პრობლემას ვაწყდებით.

    მეტი კამერის დაყენებას და კონსულტანტის დამატებას ვაპირებ. მაღაზიაში ვერ დავაყენებ გისოსებს და ამის საშუალებაც რომ მქონდეს ფინანსურად, ამ ეტაპზე არ ვარ მზად. ვფიქრობ, სასჯელია გასამკაცრებელი. ქვეყანაში ყველანაირმა კრიმინალმა იმატა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ არასრულწლოვანთა დაუმორჩილებლობაზე.

    მკვლელობა ყოველდღე ხდება, უკვე ქუჩაში სიარულიც კი საფრთხილოა. უკან-უკან მივდივართ ყოველმხრივ და პოლიცია ძალიან უნდა გამკაცრდეს", -აღნიშნა გოგი ლურსმანაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    ქვეყანაში კრიმინალის გახშირებას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ შესაბამის სტრუქტურებს არ აქვთ საკმარისი გავლენა, ამას ემატება საზოგადოების დაბალი თვითშეგნება და სოციალური სიდუხჭირე, რაც ადამიანების ნაწილს კრიმინალისკენ უბიძგებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved