სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ეს არის მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი პროცესი, ვნახოთ, გარისკავს თუ არა ხელისუფლება"
    თამუნა მუკბანიანი
    13.07.2018

     ახალი პრემიერი სსიპ-ებსა და ააიპ-ებს ცუდი თვალით უყურებს. მათი ნაწილი, სავარაუდოდ, გაუქმდება, ნაწილი კი გაერთიანდება. ფაქტია, რომ ამის შემდეგ დასაქმებულთა ნაწილი უმუშევარი დარჩება. ეს მაშინ, როცა სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად 2000-მდე ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური და რამდენიმე ასეული კიდევ დაკარგავს. უცნობია, წავა თუ არა ამ რისკზე ხელისუფლება და გაზრდის თუ არა ისედაც უკმაყოფილო ადამიანების რიცხვს.

    ჯერ კიდევ უცნობია, რამდენი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე, რა ვადაში დაიწყება სსიპ-ების ოპტიმიზაცია და ეს ნაბიჯი გადაიდგმება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

    "სსიპ-ებსა და ააიპ-ებთან დაკავშირებით, ზოგადად, ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს პოლიტიკასა და მიდგომებში. ამისთვის არის მნიშვნელოვანი რესურსი გამოყოფილი და უნდა მივიღოთ გაცილებით ეფექტური შედეგი და ნაკლები ბიუროკრატია. შესაძლოა, სსიპ-ებისა და ააიპ-ების ნაწილი გაუქმდეს ან გაერთიანდეს და მივიღოთ ის შედეგი, რაც საზოგადოებას სჭირდება", - ეს არის მამუკა ბახტაძის ზოგადი შეხედულება ამ საკითხზე.

    წლების განმავლობაში სსიპ-ებისა და ააიპ-ების დიდი ნაწილი სახელისუფლებო ელექტორატის დასაქმების ადგილად მოიაზრებოდა. ყველა მთავრობა მათ შესანარჩუნებლად გაუმართლებელ ხარჯს ეწეოდა. ახალი პრემიერის პოზიციას თუ მივიღებთ მხედველობაში, მოსალოდნელია ბიუროკრატიის შეკვეცა და თანამშრომელთა გათავისუფლება. უცნობია, სად და როგორ გადანაწილდებიან დასაქმებულები ამ ორგანიზიციების გაუქმების შემთხვევაში, თუ სახლში წასვლა მოუწევთ.

    სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად წლის დასაწყისში 2000-მდე ადამიანმა დაკარგა სამსახური. უახლოესი თვეები გვიჩვენებს, მიამატებს თუ არა "ოცნება" გაბრაზებულ ელექტორატს სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულებს.

    ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ ასეთი ორგანიზაციების გაუქმება ადამიანების გარკვეული რაოდენობის უმუშევრად დარჩენას ნამდვილად გამოიწვევს, თუმცა სახელმწიფო სახსრების დაზოგვა და სწორად გადანაწილება აუცილებელია.

    "სსიპ-ებისა და ააიპ-ების, ისევე როგორც სამინისტროების, შერწყმა და გაუქმება საკმაოდ მტკივნეული საკითხია. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს დიდი ოდენობით დასაქმებულთა უმუშევრად დარჩენა. ეს არის სინამდვილეში საკმაოდ დიდი გამოწვევა და პრობლემა ქვეყნისათვის, სადაც ისედაც ამდენი დაუსაქმებელი ადამიანია.

    მეორე მხარეს კი დგას ის უპირატესობა და შესაძლებლობა, რომელიც მოგვცემს სახელმწიფო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის შესაძლებლობას. სახელმწიფო სამსახური არ უნდა იყოს სოციალური დანიშნულების. საქართველოში დღეს შტატები ნამდვილად გაბერილია და სახელმწიფო რესურსი იხარჯება არამიზნობრივად. ამის შეჩერება კი თუნდაც მტკივნეული ნაბიჯებით გარდაუვალია", - აცხადებს "რეზონანსთან" ვახტანგ ჭარაია.

    ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ ოპტიმიზაცია აუცილებელია, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის სსიპ-ებში და ააიპ-ებში დასაქმებულები განსაკუთრებით დიდი ელექტორატია ხელისუფლების ხელში.

    "მთავარი პრობლემა მდგომარეობს სახელმწიფო სრუქტურების გაბერილ ხარჯებში. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ თუ სადმე საჭიროა 5 ადამიანი კონკრეტული საქმის საკეთებლად, იქ დასაქმებულია 10 და 15 ადამიანი.

    თუკი მოხდება ოპტიმიზაცია, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. სახელმწიფო სამსახური აღქმულია გარანტირებულ შემოსავლად. თუ ადამიანი მუშაობს საჯარო მოხელედ, ის აღარ ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, რადგან გარანტირებული აქვს ადგილი და აღარ ვითარდება. ეს დრო ნამდვილად წარსულს უნდა ჩაბარდეს.

    არის რამდენიმე უხერხული მომენტი, მათ შორის ისიც, თუ როგორ აპირებენ მათ გაუქმებას, როცა არსებობს შრომის კოდექსი და საჯარო მოხელეებს ჩაბარებული აქვთ გამოცდები, რითიც მოიპოვეს კონკრეტულ ადგილზე მუშაობის უფლება.

    საპრეზიდენტო არჩევნების წინ მასობრივი შემცირება განსაკუთრებით რთული იქნება, რადგან ვიცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულები განსაკუთრებით დიდი ელექტორატია ხელისუფლების ხელში. ამიტომ ხისტი ნაბიჯებით უკმაყოფილოთა რაოდენობა გაიზრდება.

    რამდენიმე ადამიანმაც რომ დაკარგოს სამსახური, რომლებიც სხვაგან ვერ დასაქმდებიან, მათ ირგვლივ მყოფი 3-4 ან მეტი პიროვნება ავტომატურად გადადის უკმაყოფილოთა რიგებში. მიუხედავად ამისა, ამ შიშს არ უნდა გადაჰყვეს რესურსის სწორად გადანაწილება და სახელმწიფო სახსრების დაზოგვის საკითხი.

    არის საფრთხე, რომ ოპტიმიზაციის გამოცხადების შემდეგ კადრების გადარჩევა მოხდება ნეპოტიზმითა და ნაცნობობით. ესეც ძალიან სერიოზული გამოწვევაა", - განუცხადა "რეზონანსს" პაატა აროშიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved