სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ბახტაძეს ამ თემასთან დაკავშირებით სიტყვა არ დასცდენია, საეჭვოდ დუმან დეპუტატებიც
    თამუნა მუკბანიანი
    13.07.2018

     ქვეყანაში ყველაზე მზარდი სათამაშო ბიზნესის რეგულაციაზე კვლავ არავინ ფიქრობს. ბოლო 6 წლის განმავლობაში მათი წლიური ბრუნვა 10-ჯერ გაიზარდა და 2017 წელს 5,7 მლრდ შეადგინა. ამ სფეროს რეგულირების შესახებ განცხადებას ვისმედით ყველა ახალი პრემიერის დამტკიცებისას, მამუკა ბახტაძეს კი ამ თემასთან დაკავშირებით სიტყვა არ დასცდენია. ჯერ უცნობია, გეგმავს თუ არა ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ახალი პრემიერი.

    "ოცნების" ხელისუფლების წინა პრემიერ-მინისტრები აზარტული თამაშების სფეროს რეგულირების პირობას იძლეოდნენ, თუმცა ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ეს პრობლემა საქართველოში ოჯახების უმეტესობას უდგას და საცხოვრებლის, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასადაც უჯდებათ. ბახტაძეს ჯერჯერობით ამ მიმართულებით არაფერი უთქვამს, პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროსაც არ დასმულა ამ თემაზე კითხვები.

    საქართველოში აზარტულ თამაშებში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე კვებაში, საწვავში და ა.შ. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. თითქმის 4,1 მლრდ ლარით აღემატება სათამაშო ბიზნესის ბრუნვა რესტორნებისა და სასტუმროების მთლიან ბრუნვას. კერძოდ, 2018 წელს განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული დაწესებულებების ბრუნვამ სულ 1,559 მლრდ ლარი შეადგინა. როგორც ამ მონაცემიდან ჩანს, ადამიანები აზარტულ თამაშებზე იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში, კვებასა და სასტუმრო-რესტორნებში.

    "ოცნების" დეპუტატები 2017 წლის ივლისში ბოლომდე ჩართულნი იყვნენ აზარტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების კონცეფციის განხილვაში. პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებდა, რომ უნდა შეიქმნას მარეგულირებელი კომისია, რათა აზარტული ბიზნესის ზრდა შეჩერდეს.

    "2012 წელთან შედარებით, ათჯერ არის გაზრდილი თანხის ბრუნვა აზარტულ თამაშებში და უკვე 4,5 მილიარდს შეადგენს. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ენერგეტიკაში ან კომუნიკაციების ბიზნესში, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას მარეგულირებელი კომისია, რომელიც ამ სფეროში პოლიტიკას განსაზღვრავს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა 2017 წლის 6 ივლისს. ამჯერად მისი პოზიციის გადამოწმება ვერ მოხერხდა. "რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა პარლამენტართან დაკავშირებას.

    მარეგულირებელი კომისია არ შექმნილა, არ მიუღიათ არც ერთი რეგულაცია, რომელიც სათამაშო ბიზნესს შეეხებოდა. კანონპროექტი კი, რომელიც ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობას ეხება, უკვე 6 წელია, განიხილება. მეცხრე მოწვევის პარლამენტში თემა ისევ აქტუალური გახდა, შეიქმნა პარლამენტის წევრებითა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური სამუშაო ჯგუფიც. გასული წლის ნოემბერში კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა, თუმცა მისი მიღება კვლავ დროში ჭიანურდება.

    "ბიპიენი" თებერვალში იმ დეპუტატებს დაუკავშირდა, რომლებიც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის მომზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. დეპუტატებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსი კობა გრიალაშვილი, რომელმაც განაცხადა: "კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ორ-სამ კვირაში განახლდება. ამჟამად კი მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს".

    ამჯერად "რეზონანსი" დაუკავშირდა გრიალაშვილს, რომელმაც აღნიშნული კომენტარი ვერ გაიხსენა, სათამაშო ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ საკითხს არ იცნობს და არაკომპეტენტური იქნება მისგან კომენტარი.

    ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ კუკულაძე კი პირდაპირ ამბობს, რომ აუცილებელია საზოგადოების მხრიდან იძულება, რათა პოლიტიკოსებმა გამოავლინონ ნება და დაარეგულირონ სათამაშო ბიზნესი.

    "ზეპირი განცხადებების დონეზე ყველა თანხმდება, რომ ამ სფეროს სჭირდება რეგულირება. პრემიერ კვირიკაშვილის კაბინეტის დამტკიცების დროსაც ისმოდა ხმამაღალი განცხადებები, რომ სისტემა აუცილებლად უნდა დარეგულირდეს, რადგან იგი ძირს უთხრის ოჯახებს. მიუხედავად ამისა, არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი ამ კუთხით არ გადადგმულა. ასე რომ, ზეპირ განცხადებებს აზრი არ აქვს.

    მამუკა ბახტაძეს რაიმე კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით მართლაც არ გამოუთქვამს, მაგრამ რაღაც დოზით მაინც მაქვს იმედი. მგონია, რომ ის მეტად მიხედავს ამ ქაოსს, ეს აზრი საბანკო სფეროსადმი მისი დამოკიდებულების გამო გამიჩნდა. მეორე მხრივ კი, არის მმართველი უმრავლესობა, რომელთა შორისაც აზარტული თამაშების უამრავი ლობისტია, რაც, რა თქმა უნდა, მუხრუჭია რეალური ცვლილებისათვის.

    არსებობს ერთადერთი გამოსავალი, საზოგადოების მხრიდან იძულება. უნდა ვაიძულოთ, რომ შექმნან ადეკვატური საკანონმდებლო ბაზა ტოტალიზატორებისა და კაზინოებისათვის. არის ერთი მომენტი, რომლის შესახებაც დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა მიჩნდება ვარაუდი. 2013 წელს, როცა კობა დავითაშვილმა წამოაყენა ინიციატივა აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვაზე, შეიქმნა მათი უფლებადამცველი ორგანიზაციები. შემდეგ ეს მიივიწყეს. ახლაც გამოჩნდა მსგავსი ორგანიზაციები, რაც აჩენს ეჭვს, რომ მზადდება მათი რეგულირების გეგმა. ამის შესახებ აქვს ინფორმაცია სათამაშო ბიზნესს და აქედანვე ემზადება შეტევისათვის", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კუკულაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved