სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მასზე არაფერია მიბმული და გამუდმებით ვითვლით მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სხვა ქვეყნებშიც აკეთებენ"
    თამუნა მუკბანიანი
    16.12.2017

     საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 294 ლარით განისაზღვრა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციამ საზოგადოებაში ნიჰილიზმი გამოიწვია. საარსებო მინიმუმი წელს 5.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ინფლაცია 6.9%-ია. გამოდის, ფასები გაიზარდა, მინიმალური მოთხოვნილებებისათვის აუცილებელი თანხა კი - არა. თანაც სოციალურად დაბალი ფენისთვის ინფლაციური წნეხი გაცილებით მაღალია, რადგან ფასები პირველადი მოხმარების საქონელზე წელს გაცილებით მეტად გაიზარდა, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს.

    საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს "საქსტატი" 2004 წლიდან ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ნორმით - "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ". წლიდან წლამდე ამ მონაცემების მიმართ უნდობლობა იზრდება.

    2017 წლის ნოემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმმა უმნიშვნელოდ მოიმატა და საშუალო მომხმარებლისთვის 155 ლარი და 70 თეთრი შეადგინა. "საქსტატის" მონაცემებით, 175 ლარს და 70 თეთრს შეადგენს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის განსაზღვრული მაჩვენებელი.

    ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი შემდეგნაირად ნაწილდება: ერთსულიანი - 155,7 ლარი, ორსულიანი - 249,1 ლარი, სამსულიანი - 280,2 ლარი, ოთხსულიანი - 311,3 ლარი, ხუთსულიანი - 350,2 ლარი, ექვსსულიანი და მეტი - 414,1 ლარი. რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, იგი 294 ლარია.

    ეკონომისტები ამბობენ, რომ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგია რეალობისაგან მოწყვეტილი და არასრულია, მაგრამ ამ ციფრებითაც კი ჩანს, რომ, მაგალითად, 6-სულიანი ოჯახისათვის 414 ლარი სრულიად არასაკმარისია. მით უფრო ზამთრის პერიოდში ოჯახს კომუნალური ხარჯებიდან მიზერული თანხა დარჩება ამ შემოსავლის პირობებში. კვებისა და სხვა სამომხმარებლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კი ე.წ. ნარჩენი თანხა არავითარ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება.

    ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი საარსებო მონიმუმის გამოთვლის "საქსტატის" მეთოდოლოგიას არ ენდობა და ამბობს, რომ ნებისმიერი ციფრის შეფასება მიუღებელია მაშინ, როცა თავად დათვლის წესია აბსურდული.

    "არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ მონაცემებს, რადგან საარსებო მონიმუმის დათვლის მეთოდიკა ჩვენთან მთლიანად არასწორია. 2004 წელს შეიქმნა ეს სისტემა იმისათვის, რომ გაემართლებინათ რეალური სიტუაცია. ციფრებთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან მიმაჩნია, რომ მეთოდიკაში თავისთავად ფალსიფიცირებაა ჩადებული. აღრეულია სასურსათო და არასასურსათო პროდუქცია, რაც არც ჯანსაღ აზრს და მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის საარსებო მინიმუმის გაანგარიშების სტანდარტს არ შეესაბამება", - განუცხადა "რეზონანსს" მიხეილ ჯიბუტმა.

    წლის დასაწყისიდან მოყოლებული, საარსებო მინიმუმი 5.8%-ით გაიზარდა მაშინ, როცა ინფლაცია 6.9%-ია. აქ საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი. იმ მეთოდოლოგიითაც კი, რომლითაც სტატისტიკის სამსახური ხელმძღვანელობს, როგორც ჩანს, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, რადგან საერთო ინფლაციის ზრდაში დიდი წილი იმ პროდუქციას უჭირავს, რომლებიც პირველადი მოხმარებისაა და საარსებო მინიმუმთან ახლოს მყოფ ოჯახებს ესაჭიროებათ.

    ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საარსებო მინიმუმის დადგენილ მაჩვენებლებს საერთო არაფერი აქვს ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათთან, რადგან ამ თანხით არსებობა შეუძლებელია. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საარსებო მინიმუმის მეშვეობით არაფერი განისაზღვრება და ამიტომ მისი დაანგარიშებაც აზრს მოკლებულია.

    "ერთი მხრივ, პირდაპირი კავშირი ინფლაციასა და საარსებო მინიმუმს შორის, რასაკვირველია, არ არსებობს. ინფლაციის გამოთვლისას ჩამონათვალში ხვდება ხოლმე გიტარის ფასიც, ასევე ბინის ღირებულება. ასეთი მონაცემები არ შედის "მინიმუმში". მეორე მხრივ, "საქსტატის წარმოდგენილი მაჩვენებლები, შეიძლება ითქვას, არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს, რადგან ამ თანხით არსებობა შეუძლებელია.

    სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მესმის, რატომ ვითვლით საარსებო მინიმუმს. საქართველოს სტატისტიკის სამსახური ხარჯავს რესურსს მის გამოსაანგარიშებლად, მაგრამ არაფერი არ არის ამაზე დამოკიდებული. მაგალითად, არ არსებობს ჩანაწერი კანონში, რომ ხელფასი და პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე მაღალი, ანუ არაფერია მიბმული ამ სტატისტიკაზე. შესაბამისად, აბსოლუტურად ამოვარდნილია რეალობიდან დათვლაც და მეთოდოლოგიაც. გამოდის, რომ გამუდმებით ვითვლით მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სხვა ქვეყნებშიც აკეთებენ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მერაბ ჯანიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter