სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "შეიძლება, ლარი დასტაბილურდეს, თუმცა მაღალი ფასები ბაზარს დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვება"
    ნათია ლომიძე
    22.11.2017

     როგორც მოსალოდნელი იყო, წლის ბოლოს ქვეყანა ინფლაციურ წნეხში მოექცა. მთავრობა და ეროვნული ბანკი მხოლოდ მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან, თუმცა მდგომარეობის გამოსასწორებელ ნაბიჯებს არ დგამენ. ამასობაში, ფასები მაღლა იწევს და ძალიან მალე ინფლაციური პროცესების შეჩერება შეუძლებელი გახდება. სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლომდე ინფლაცია 8%-ს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ მიზნობრივს ორჯერ გადააჭარბებს.

    ხალხი ერთბაშად შეეჯახა გაძვირების ახალ ტალღას. ფასი მკვეთრადაა მომატებული საწვავზე, რაც შემდგომში მასზე დამოკიდებული პროდუქტის ღირებულებაზეც აისახება. გაძვირებულია პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები. მალე ადგილობრივი მოსავლის მარაგი ამოიწურება, იმპორტირებული საქონლის ფასი კი მუდმივად მაღლა მიიწევს.

    დღევანდელი ფასები მოსახლეობას 2018 წელსაც შეაწუხებს. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი იმპორტირებული პროდუქტის წილზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქვეყანას ადგილობრივი პროდუქტის მარაგის ამოწურვა და იმპორტირებულზე გადასვლა ძვირი უჯდება.

    "ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ 2018 წლის იანვრამდე ამ მდგომარეობაში იქნება ქვეყანა, ანუ მათ არ აქვთ გეგმა, თუ რა უნდა გააკეთონ, რომ პროდუქტების გაძვირება და მისი თანამდევი ინფლაცია თავიდან აიცილონ. უკვე სახეზეა აგფლაცია, რაც აშკარა და თვალში საცემია სოფლის პროდუქტებზე გაძვირების კუთხით. ამას გარდა, მოიმატა ავტოგაზისა და თხევადი საწვავის ღირებულებამაც. ეს აუცილებლად ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და ინფლაციის მაჩვენებელს გაზრდის.

    ერთ თვეში ახალი წელია. ქართული ოჯახი წლის განმავლობაში სხვა ხარჯებს ამცირებს და საახალწლო სუფრისთვის ემზადება. ამ დროს ბაზარი იმპორტირებული პროდუქტითაა სავსე, რასაც მაღალ ფასად სთავაზობენ მყიდველს. თითქმის ყოველდღე მესმის განცხადებები, თითქოს მაკროეკონომიკური ფაქტორები მოქმედებენ ფასებზე, არადა, პირიქით, მიკროეკომიკური ვითარება ქმნის ქვეყანაში პროდუქციას და ზუსტად ეს მაჩვენებელია კატასტროფული ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთმანეთზე მოქმედებს, სერიოზული პრობლემები გვაქვს ამ თვალსაზრისით, ამის მომწესრიგებელი კი ქვეყანაში არავინ გამოჩნდა.

    ყველა შეშინებულია და გადაწყვეტილებას თავის თავზე არავინ იღებს, მით უმეტეს - ბოლოდროინდელი სამთავრობო ცვლილებების გამო. ეს ცვლილებაც არასრულფასოვანი იყო, თუ რეორგანიზაცია უნდოდათ, დამატებით ოთხი სამინისტრო იყო კიდევ გასაუქმებელი (ლტოლვილთა, რეგიონალური მართვის, სასჯელაღსრულებისა და ე.წ. მობოდიშებისა და შერიგების სამინისტრო). მაშინ იქნებოდა ცვლილება სრულფასოვანი და იქნებ, დადებითად ასახულიყო კიდეც ქვეყნის მდგომარეობაზე", - განუცხადა "რეზონანსს" კოღუაშვილმა.

    ლარის დევალვაციისა და გაზრდილი ფასების მიხედვით ინფლაციის ახალ მაჩვენებელს შეუსაბამოდ მიიჩნევს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. მისი აზრით, ამჟამინდელი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რომელიც წლის ბოლომდე კიდევ მოიმატებს. ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ ქვეყანა მთლიანად იმპორტზე დამოკიდებული ხდება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ძაბავს.

    "ინფლაცია მაღალი სამომხმარებლო ფასებიდან გამომდინარე მატულობს. ფასების ზრდას კარგა ხანია, ყველა ვგრძნობთ. შეიძლება, ლარი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდეს, თუმცა უკვე დადგენილი მაღალი ფასები ბაზარს დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვება, ვგულისმობ მომდევნო წელსაც. პირადად მე მგონია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არის უფრო მაღალი, ვიდრე სინამდვილეშია, რადგან წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე ფასები მუდმივად იზრდება.

    ამას გარდა, ქვეყანა მთლიანად იმპორტირებულ პროდუქტზეა დამოკიდებული, რადგან ადგილობრივი მარაგი უკვე იწურება. აუცილებლად გადასახედია სამომხმარებლო კალათის შედგენის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ინფლაცია განისაზღვრება.

    რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, კიდევ თუ გაგრძელდება, თავისთავად ცხადია, რომ სამომხმარებლო ბაზარზე უარყოფით გავლენას მოახდენს. შეიძლება, ოფიციალურმა მაჩვენებელმა 8%-საც მიაღწიოს.

    რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ყველაფერი კარგადაა, ბაზარი თავისი გაზრდილი ფასებით სხვა რამეზე მიუთითებს. დამატებითი ფაქტორიც გვაქვს წლის ბოლომდე გადასახდელი საგარეო ვალის სახით, რომელიც 1 მლრდ დოლარის ფარგლებშია", - განუცხადა "რეზონანსს" სილაგაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter