სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ეს პრობლემა სახელმწიფო დონეზე სასწრაფოდ მოსაგვარებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წინ ვერაფერი დაუდგება"
    ნათია ლომიძე
    26.10.2017

     მსოფლიოს მასშტაბით ტყის საფარი ნადგურდება. წინა წლის მონაცემებით, დაკარგული ტყეების რაოდენობამ 29.7 მილიონი ჰექტარი შეადგინა. ეს შეუქცევადი პროცესი დაუდევრობის შედეგია, რომელმაც საქართველოშიც იჩინა თავი. ტყის მასივის გაჩანაგების საფრთხე ყოველწლიურად გეომეტრული პროგრესიის სისწრაფით იზრდება. სპეციალისტები მსოფლიო მდგომარეობის პარალელურად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც საგანგაშოს უწოდებენ და სახელმწიფოს როლზე საუბრობენ.

    ტყის ფართობის გაქრობა ახალ რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2016 წელს განადგურებული მასივის რაოდენობამ 29.7 მილიონი ჰექტარი შეადგინა, რაც დაახლოებით ახალი ზელანდიის ფართობს უტოლდება და 51%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. "გლობალ ფორესტ ვოჩის" სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ საგრძნობლად გაზრდილია ტყის ხანძრების რაოდენობა და მასშტაბი. ხანძარი ტროპიკულ წვიმიან ტყეებშიც კი ვრცელდება, სადაც ბუნებრივად ამის მიზეზი არ არსებობს. ტროპიკული ტყეების მდგომარეობა უფრო პრობლემური გახდა მათი არასწორი მართვისა და კლიმატური ცვლილებების გამოისობით.

    ტყის დაცვის უპირობო მოთხოვნით სატყეო სფეროს სპეციალისტები გამოდიან. "რეზონანსთან" საუბრისას თემურ ვეკუა აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ამ პრობლემაზე სახელმწიფომ დროული რეაგირება მოახდინოს, რადგან ტყის მასივი ისევე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც გეომეტრიული პროგრესიის სისწრაფით ქრება და ეს პროცესი შეუქცევადია.

    "საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ხანძარი გაჩნდა. 2017 წელს ამ მხრივ მართლაც "რეკორდული შედეგი" გვაქვს. მარტო ბორჯომში 100 ჰექტარია განადგურებული. პირადად მე ამას ტყეების არასათანადო მოვლას ვუკავშირებ. ამას კლიმატის ცვლილება ემატება და ვიღებთ სავალალო შედეგს. ჩვენ ძალიან კარგი მეტყევეები გვყავს და მათ აუცილებლად სჭირდებათ ხელშეწყობა, რათა დაიცვან გარემო. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მათი აზრი. ასე თუ გაგრძელდა, საქართველო, რომელიც ბუნებრივი სიმდიდრით გამოირჩევა, დარჩება ტყის გარეშე. ეს პრობლემა სახელმწიფო დონეზე სასწრაფოდ მოსაგვარებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას წინ ვერაფერი დაუდგება", - განუცხადა "რეზონანსს" ვეკუამ.

    ბოლო 25 წელიწადში ტყის საფარი საქართველოში დაახლოებით 30%-ით შემცირდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უცხოელებზე ლიცენზიის გაცემაცაა.

    "ბუნებრივი რესურსების, ტყეების მოხმარების ლიცენზიების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოურ კომპანიებზეა გაცემული. ეს ნიშნავს, რომ თუ ცოტა რამ გვქონდა, ისიც უცხოელებს მივეცით. გვიხარია, ინვესტიცია თუ შემოვა, მაგრამ მოვა რომელიმე კომპანია, ჩადებს 5 მილიონ დოლარს, წაიღებს 25 მლნ დოლარის მოგებას და 50 მილიონი დოლარის ზიანს მიაყენებს ჩვენს ბუნებას. ეს არის დანაშაული და ამ მხრივ სახელმწიფო სტრუქტურები ძალიან სცოდავენ", - აცხადებს ვეკუა.

    "გლობალ ფორესტ ვოჩი" საქართველოში არსებულ მდგომარეობას 2001 წლიდან იკვლევს. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით 8917 ჰექტარი ტყეა გაჩეხილი.

    აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. რუსეთისა და თურქეთის შემდეგ ტყის ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში განადგურდა. სომხეთში ამ მონაცემმა - 2000 ჰექტარი, აზერბაიჯანში კი 7223 ჰექტარი შეადგინა.

    ტყის ხანძრები იწვევს არა მარტო მატერიალურ ზარალს, არამედ მსხვერპლსაც. ასამდე ადამიანი ემსხვერპლა ცეცხლის სტიქიას წელს კალიფორნიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში. ინდონეზიაში ხანძრების შედეგად 100 000 სიკვდილის შემთხვევა აღირიცხა.

    ხანძარი ასევე უარყოფითად მოქმედებს წყლის მიწოდების ხარისხზე, ტყის სტრუქტურასა და ბიომრავალფეროვნებაზე, იწვევს ჭარბი რაოდენობით კარბონის გამოყოფას ატმოსფეროში. ტყის ხანძრების პრევენცია არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე მათ შედეგებთან ბრძოლა.

    საქართველოში 2016 წელს დაიკარგა 523 ჰა ტყის საფარი, საიდანაც 109 ჰა სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე მოდის, 71 ჰა - მცხეთა-მთიანეთზე, 89 ჰა - სამეგრელო-ზემო სვანეთზე, 76 ჰა - აფხაზეთზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter