სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "კურსის ფორმირება დამოკიდებულია კომერციული ბანკების მადაზე"
    ნათია ლომიძე
    24.10.2017

     როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების ჩატარებისთანავე ლარმა თავბრუდამხვევი სისწრაფით დაიწყო გაუფასურება. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებული ომახიანი განცხადება აბსოლუტურად მცდარი აღმოჩნდა. ფინანსისტები და უმრავლესობის დეპუტატებიც კი დევალვაციაზე პასუხს ეროვნულ ბანკს სთხოვენ.

    ლარის გაუფასურება ბიზნესსექტორსა და მოსახლეობას თავსატეხს უჩენს და მოკლევადიან პერიოდშიც კი ვერ ახერხებენ სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას. ჯერ კიდევ 21 ოქტომბრისთვის 1 დოლარი 2.4850 ლარი ღირდა, ახლა კი 2,54-ის ფარგლებშია. მთავრობის ეკონომიკური ბლოკი და ეროვნული ბანკი ახლა სიტყვას არ ძრავენ, როცა რამდენიმე დღის წინ თავს იწონებდნენ სავალუტო ბაზრის სტაბილურობითა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით.

    ლარის ერთბაშად დაცემა იმდენად მოულოდნელი იყო, გალისწყრომა საპარლამენტო უმრავლესობამაც ვერ დაფარა. "ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან კობერიძე ეროვნულ ბანკს მიმართავს, ლარის გაუფასურების თაობაზე განცხადება გააკეთოს და განმარტოს, თუ რატომ მოხდა ორ დღეში ლარის კურსის 4-5 პუნქტით გაუფასურება. როგორც კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში რაიმე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ისეთი ცვლილება არ მომხდარა, რაც ლარის კურსის ვარდნას გამოიწვევდა.

    ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის ბრალეულობას ხედავენ ფინანსისტებიც. როგორც ვახტანგ ხომუზურაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა, სებ-ი ვალდებულია, პრობლემის გადასაჭრელად ზომები მიიღოს და მეტად გააქტიურდეს. ლარის ასეთი ტემპით გაუფასურება, გარკვეულწილად, მისდამი უნდობლობამ გამოიწვია. ხომიზურაშვილი მინისტრის მოადგილის განცხადებასაც იხსენებს და აცხადებს, რომ მათ კომერციული ბანკების ოლიგოპოლიაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რაც კურსის ვარდნის მთავარი მიზეზია.

    "რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა განცხადება და ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ცრუ მოლოდინების შექმნაში სპეციალისტები დაგვადანაშაულა. ეს არის აბსურდი. აჯობებდა, ყურადღება გაემახვილებინა იმ ბანკების ოლიგოპოლიაზე, რომლებიც თავისუფლად მოქმედებენ სავალუტო ბაზარზე. მოლოდინი არ იქმნება ექსპერტის გამონათქვამით, აქ სხვა საქმესთან გვაქვს საქმე.

    ერთიანი სავალუტო პოლიტიკა არ ჩანს არც ეროვნული ბანკისა და არც მთავრობის მხრიდან. ეს ყველაფერი იციან სპეციალისტებმა და ამიტომაც აკეთებენ შესაბამის განცხადებას. არა მგონია, განსაკუთრებული რყევა დაიწყოს სავალუტო ბაზარზე. მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ნიშნული 2.50 აქვთ და ამ ფარგლებში იმოძრავებს ლარიც. პოზიტიური იქნებოდა სავალუტო კურსის სტაბილურობის თვალსაზრისით ეროვნული ბანკის შეფასებები, თუმცა ის არავითარ განცხადებას არ აკეთებს, რაც ძალიან ცუდი ფაქტია", - განუცხადა "რეზონანსს" ხომიზურაშვილმა.

    ლარის გაუფასურების მთავრ ფაქტორად უცხოური ვალუტის დეფიციტს მიიჩნევს ეკონომისტი გია ხუხაშვილი. მისი აზრით, ბოლო ორ დღეში ეროვნული ვალუტის სწრაფი დევალვაცია არჩევნებსაც უკავშირდება, რადგან ბევრი ლარი გამოვიდა მიმოქცევაში.

    "დრამატიზების საფუძველი ჯერ არ არის, მაგრამ საქმე ისაა, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა ძალიან ჭირს. ტურიზმის და ფულადი გადმორიცხვების იმედზეა სახელმწიფო, რადგან ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკა, რომელიც თავისი ექსპორტით დააბალანსებს იმპორტზე მოთხოვნილებას. ეს იწვევს მუდმივ არასტაბილურობას და რა დროს იფეთქებს, არავინ იცის. მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ მხოლოდ ზაფხულში, როდესაც ტურისტები შემოდიან ქვეყანაში და ფულს ხარჯავენ. ნებისმიერ სხვა პერიოდში სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ.

    წინასაარჩევნოდ გამოვიდა ბაზარზე უამრავი ფული (არა მხოლოდ მთავრობის მხრიდან), რამაც ნეგატიურად იმოქმედა კურსზე. არ ვარ მომხრე, ამჟამინდელმა გაუფასურებამ პანიკაში ჩაგვაგდოს, რადგან ეს არის გრძელვადიანი პრობლემა, რომელიც დღეს არ დაწყებულა და არც დასრულდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ხუხაშვილმა.

    საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ლარის კურსის გაუფასურებას კომერციული ბანკების ქმედებას უკავშირებს. ზოგადად, არ არის აუცილებელი, გაცვლითი კურსი იყოს დაბალი, მთავარია, მან შეინარჩუნოს სტაბილურობა. ეს ეროვნულ ბანკს ევალება, თუმცა ის შესაბამის ნაბიჯს არ დგამს.

    "ლარის კურსი არ არის დამოკიდებული ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ - კომერციული ბანკების მადაზე. ეკონომიკაში რაც არ უნდა მოხდეს, ლარის კურსზე არაპირდაპირი გავლენა აქვს. თავად გაცვლითი კურსის ფორმირების პროცესი არ არის საბაზრო, იგი არის მახინჯი და აუცილებლად შესაცვლელი. სხვა ქვეყნებში ეროვნული ვალუტის ღირებულება ფორმირდება ბირჟებზე და გააჩნია ეკონომიკასთან დაახლოებული ხასიათი. საქართველოში თავისუფალი კურსწარმოქმნა არ გვაქვს, ეს არ არის სიმართლე.

    ეკონომიკისთვის მთავარია, ლარი იყოს სტაბილური, რაც ეროვნულ ბანკს ევალება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამისკენ არ დგამს ნაბიჯებს.  ვალუტის არასტაბილურობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. არამყარი კურსის პირობებში ბიზნესი შესაბამის გადაწყვეტილებას ვერ იღებს და მოსახლეობაც მუდმივი სტრესის ქვეშაა", - განაცხადა ელიავამ.

    "რეზონანსი" დაინტერსდა, თუ რის საფუძველზე გააკეთა რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განცხადება, რომ ლარი არ გაუფასურდებოდა, ხოლო მოსახლეობასა და სპეციალისტებს ცრუ პროგნოზების გავრცელებისგან თავის შეკავება ურჩია. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ჩვენ ქუმსიშვილის უწყებასთან დაკავშირება მთელი დღის განმავლობაში ვერ შევძელით, რადგან კომუნიკაციის ყველა არხი დახშული აღმოჩნდა. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, იქ აცხადებენ, რომ სებ-ი 25 ოქტომბერს, კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ყველა თემაზე, მათ შორის, ლარის კურსზეც დეტალურად ისაუბრებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    LEKSO .   (26.10.2017)
    ORI FULI TRIALEBS , DZVELI DA AXALI ...BANKEBI DZVEL FULS AR ANADGUREBEN , UKAN UHVEBEN ...PENSIEBI , XELFASEBI ...KAXETSHI KURDZENZE DZIRITADAT DZVELI FULIT HEIDZINES ....DA AI HEDEGI ....FULI ROGORC KAGALDI UFASURDEBA !!!

    beqa   (25.10.2017)
    Gasakviria uketesobas ratom elodit

    roma   (25.10.2017)
    ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა ვაღიაროთ, რომ საბოლოოდ ყველაფერი დოლარებში უნდა აისახოს, ასეა ეს მთელს მსოფლიოში და რაც უფრო შენი ვალუტა ახლოსაა დოლართან, მით უფრო ახლოს ხარ მსოფლიო ეკონომიკასთან, ამიტომ ნებისმიერი კურსის ვარდნა ნიშნავს ხალხის, ქვეყნის, გაღარიბებას... მდიდრები რომლებსაც დოლარები აქვთ, კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღარიბები პირიქით...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter