უკვე გამოჩნდა, რომ მშპ-ს მატების ტემპი იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე საერთაშორისო ინსტიტუტები ვარაუდობდნენ
გვანცა წულაია
11.05.2022

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაზარდა. მაშინ, როდესაც საქართველოს ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, მეორეს ებრძვის, სებ-ი ეკონომიკური პროგნოზს მაინც ზრდის. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მცირედი იქნება. კიდევ უფრო ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს და ამბობენ, რომ უარყოფითი ფაქტორების გარდა, არსებობს დადებითი მომენტიც. მაგალითად, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ გაზრდილი ინტერესი, რომელიც ეკონომიკას სწრაფი აღდგენისკენ უბიძგებს.

ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე, მიიჩნევს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. წინა პროგნოზი, რომელიც სებ-მა 30 მარტს გამოაქვეყნა 3,5%-ის ფარგლებში მერყეობდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, ეროვნული ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. შესაბამისად, ომის ნეგატიურ ეფექტს სებ-ი სულ რაღაც 0.5 პროცენტული პუნქტით აფასებს.

“განახლებული პროგნოზებით, 2022 წელს მშპ-ს 4.5-პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია. ინფლაციური რისკების მატების ფონზე, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია და ასე დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, 2022 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი აღდგენის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, საომარი მოქმედებების ფონზე, ამ მიმართულებით რისკები მაღალია. წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად დაახლოებით 43 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები ანალოგიურ პერიოდში, წლიურად დაახლოებით 7.4-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (32 პროცენტი). გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც - 2022 წლის იანვარ-მარტში წლიურად 36 პროცენტით.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს," - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკამ 2022 წელს კარგი სტარტი აიღო, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის აგრესიამ საქართველოს ეკნონომიკას პრობლემები შეუქმნა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც სავაჭრო პარტიორი ქვეყნები არიან, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ომის გავლენა საქართველოზე მასშტაბური არ იქნება. სწორედ ამას ამტკიცებს სებ-ის გადაწყვეტილება, როცა ცენტრალური ბანკი პროგნოზს ზრდის.

გაცილებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძეს, რომლის აზრითაც, მშპ-ს წლიური ზრდა, მინიმუმ, 6.5% იქნება და შესაძლოა, 8%-საც კი მიაღწიოს.

“პარამეტრები, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ეყრდნობა, არის არსებული სტატისტიკური მონაცემები. ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა გვქონდა. 10.6% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ხაზს ვუსვამ, ეს პირველი კვარტალის მონაცემებია.

ეროვნული ბანკის პროგნოზი ითვალისწინებს იმ მოსალოდნელ ნეგატიურ გავლენებს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე შეიძლება შეიქმნას. ორივე ქვეყანა არის ჩვენი წამყვანი სავაჭრო პატრნიორი, როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის კუთხით.

ჩემი შეფასება მაინც უფრო ოპტიმისტურია, რადგან თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრანსციმბირული მაგისტრალს, ფაქტობრივად, გაჩერებულია და უკვე იწყება ტვირთების ტრანსაზიურ მაგისტრალზე, ანუ საქართველოზე გამომისამართება. პირველი მატარებელი უკვე წამოვიდა ჩინეთიდან და მხოლოდ ამ სატრანსპორტო ეფექტით, ჩვენს ეკონომიკას, მინიმუმ, 2%-ით მეტ ზრდას მოუტანს, ამიტომ მაქვს ეროვნული ბანკის პროგნოზზე უფრო ოპტიმისტური მოლოდინი და წლიური ზრდა, მინიმუმ, 6.5% იქნება და შეიძლება 8%-ზეც კი ავიდეს”, - განუცხადა “რეზონანსს” ცუცქირიძემ.

ჯერჯერობით შედარებით დაბალ მაჩვენებლებს ელიან საერთაშორისო ორგანიზაციები. აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.7%-დან 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა უკვე გამოიკვეთა, რომ ეს არარეალური ვარაუდია.

აკადემიკოსი, ავთო სილაგაძეც დარწმუნებულია, რომ მიუხედავად საომარი პროცესებისა, რომელიც საქართველოზე გარკვეულწილად უარყოფითად აისახება, არსებობს შანსი, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

“რეგიონში ომია და ეს გავლენას აუცილებლად მოახდენს, როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ექსპორტ-იმპორტთან მიმართებით. ეს მასშტაბები შეიკვეცება და მისი კომპენსანცია უნდა მოხდეს. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ცოტა უფრო მეტი მასშტაბიც მიიღოს, რადგან ენერგეტიკული რესურსები შესაძლოა, მეტი ოდენობით შემოვიდეს და როგორც უკვე ირკვევა, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. ეს ყველაფერი არის პროგნოზი, რეალობა გამოჩნდება შემდეგ, თუ როგორ გაგრძელდება ვითარება მომავალში.

მიუხედავად იმისა, რომ საომარი პროცესები საქართველოზე გარკვეულწილად უარყოფითად აისახება, მაინც მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი, მნიშვნელოვნად მზარდი ტემპი ჰქონდეს, რადგან დივერსიფიცირება გარკვეულწილად არის იმ დონეზე, რომ დანაკარგის აღმოფხვრა მოხერხდეს.

გასათვალისწინებელია და ალბათ დადგა დრო, რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან ვექტორზე, რომელიც იქნება აზიურ გიგანტებზე - ინდოეთზე და ჩინეთზე. მათი ეკონომიკა ძალიან მზარდია და მსხვილია. ინდოელი ინვესტორები დაინტერესებულები არიან საქართველოთი, ასევე ჩინეთთან ურთიერთობის მასშტაბები შესაძლოა, გაიზარდოს და ამით მოხდეს დანაკარგის კომპენსირება.

ვინაიდან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა არ შეწყდა და ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს, შეიძლება მოვლენები დადებითად განვითარდეს. სანქციების დაწესების პირობებში, ეკონომიკური პროგნოზი ნაკლები იქნებოდა, მაგრამ როდესაც ეკონომიკური ურთიერთობები არ შეწყვეტილა, შეიძლება, ნავარაუდევი მაჩვენებელი გაიზარდოს კიდეც”, - განუცხადა “რეზონანსს” სილაგაძემ.

წლის დასაწყისიდანვე მშპ-ს ტემპი ძალიან დამაიმედებელია. 2022 წლის იანვარში ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა, თებერვალში - 14.8%-ით, ხოლო მარტში - 10.6%-ით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×