რეზონანსი
20.06.2020

„ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს და საარჩევნო ცვლილებებზე პარლამენტში დადგეგმილ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კენჭისყრის მომენტში გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში იქნება. ასეთი მინიშნება „რეზონანსთან“ საუბრისას პარტიის წევრმა სერგო რატიანმა გააკეთა. მოგვიანებით კი პარტიის წევრებმა საგანგებო შეკრებაზე სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩვენ ვუწევთ ანგარიშს დიპლომატიურ კორპუსს და გვექნება შეხვედრები და კონსულტაციები. ჩვენ ფაქტობრივად რეპრესიების ფონზე ვატარებთ საარჩევნო კამპანიას, ეს ნიშნავს იმას რომ არცერთი მოქალაქე არ არის დაცული. ესაა ძალიან მძიმე გარემო და ამ გარემოსთან შეგუებას ჩვენ არ ვაპირებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დიპლომატიური კორპუსის განცხადებების შემდეგ, ჩვენ დღეს შევიკრიბებით  და გავაკეთებთ საერთო განცხადებას“, - ამბობს სერგო რატიანი. 

საპარლამენტო ოპოზიცია ამჟამად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ითხოვს, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით გაფორმდა. მათი თქმით, ეს შეთანხმება გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებასაც გულისხმობს და სანამ ეს არ მოხდება, ოპოზიცია უარს ამბობს საპარლამენტო პროცესებში და მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რომელიც 120/30 საარჩევნო სისტემას გულისხმობს.  

ამ საკინსტიტუციო ცვლილების მისაღებად პარლამენტში საჭიროა 113 ხმა, რომლის მობილიზება  მმართველ პარტიასაც შეუძლია, თუმცა, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა ეს ცვლილება ჩავარდეს.

სწორედ ამიტომ, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩები მოუწოდებენ მონაწილე მხარეებს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და  ყველა ხელმომწერს ურჩევენ, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო კენჭისყრაში: 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ. მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობისა და ცვლილებების სრულად მიღებისკენ“, - ნათქვამია ელჩების საერთო განცხადებაში.

მარიამ ნებულიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×