სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    26.12.2017

     "უკრაინის მხრიდან კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი აქტიურად და მასშტაბურად ჩაერთვება. საწინააღმდეგო ვარიანტი დაახლოებით აფხაზური (ან ცხინვალის) სცენარი იქნება", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

    მისივე თქმით, რამდენიმე დღეა, კონფლიქტის ზონაში საარტილერიო სისტემებიდან, მათ შორის - რეაქტიული დანადგარებიდან, ცეცხლი იხსნება. უკრაინას ამ დაპირისპირების დროს შიდა სტაბილურობა, რეფორმები და ეკონომიკური აღმავლობა სჭირდება.

    ამირან სალუქვაძე: თეთრი სახლი კარგად ათვითცნობიერებს, რომ უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანია რუსეთის ამბიციების შესაკავებლად. კიევის დამარცხება კრემლთან დაპირისპირებაში ნიშნავს აქამდე არსებული ევროპული ღია კარის პოლიტიკის დამარცხებას და რუსეთის ძალისხმევის გადატანას სხვა მიმართულებებზე.

    ომის, წინა ხელისუფლებების დროს იარაღის მასშტაბური გაყიდვების, ასევე ბოლო ორი წლის მანძილზე სამი მასშტაბური ხანძრის შედეგად, როცა შეიარაღების უმსხვილესი ბაზები დაიწვა, უკრაინამ დიდი დანაკლისი განიცადა. ომის შედეგად სერიოზული პრობლემები აქვს უკრაინის ეკონომიკას, ამიტომ დახმარება სამხედრო სფეროში უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქედანაა ასეთი მასშტაბური დახმარებები.

    "რეზონანსი": კონკრეტულად რაზე შეიძლება დაიხარჯოს აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხა და რამდენად მნიშვნელოვანი დახმარებაა ეს უკრაინისთვის?

    ა.ს: ჯაველინების 36 დანადგარი, რაზეც საუბარია, გამოყოფილი თანხის სოლიდურ ნაწილს, ალბათ, სულ მცირე 20%-ს წაიღებს. რას მოხმარდება დანარჩენი თანხა, უცნობია. უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეული ნაწილი დაიხარჯება ამერიკელი სპეციალისტების უზრუნველყოფაზე. ყველა შემთხვევაში ეს საგრძნობი მხარდაჭერა იქნება.

    რაც შეეხება ჯაველინებს, ნუ გვექნება ისეთი წარმოდგენა, რომ ამას გადამწყვეტი როლი ექნება ამ სამხედრო დაპირისპირებაში. მხოლოდ დონბასში არსებული კონფლიქტის ფრონტის ხაზი 300 კმ-ზე მეტია და ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნება.

    საბრძოლო მოქმედებების არეალის გაზრდის შემთხვევაში შეიარაღებისა და ტექნიკის საჭირო რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. სხვათა შორის, არანაკლები ეფექტიანობის მქონე საკუთარი წარმოების ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები გააჩნია როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს.

    "რ": ეს დახმარება ნიშნავს თუ არა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია პოროშენკოს მთავრობას ღია მხარდაჭერას უცხადებს?

    ა.ს: პოროშენკოს მთავრობის მხარდაჭერა ისედაც ნათელი იყო. ეს გამოჩნდა იმითაც, რომ ახლახან მიმდინარე საპროტესტო აქციებს რამე საგრძნობი წარმატება არ ჰქონია. თეთრი სახლის მხრიდან ოპოზიციური ძალების მხარდაჭერის შემთხვევაში კი თუნდაც რამე მინიშნებას ვიხილავდით.

    იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებისას, მთელმა მსოფლიომ იხილა ვიქტორია ნულანდი ორცხობილებით, რომლებსაც მომიტინგეებს ურიგებდა. მოკლედ, რომ არა მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერა, აშშ 350 მლნ დახმარებას მომავალი წლის ბიუჯეტში არ გამოყოფდა.

    "რ": უკრაინისთვის იარაღის გადაცემა სეპარატისტულ რეგიონებში კიდევ უფრო ხომ არ გაამწვავებს ვითარებას?

    ა.ს: ვითარება უკვე საკმაოდ გამძაფრდა. როგორც ვიცით, საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მინსკის შეთანხმების საფუძველზე იყო შექმნილი, მოსკოვის გადაწყვეტილებით, რუსეთის არმიის ოფიცრებმა დატოვეს. რამდენიმე დღეა, კონფლიქტის ზონაში საარტილერიო სისტემებიდან, მათ შორის - რეაქტიული დანადგარებიდან, ცეცხლი იხსნება.

    რუსეთის პოლიტიკური თოქ-შოუების საერთო განწყობით თუ ვიმსჯელებთ, საინფორმაციო მანქანა უკრაინის ფრაგმენტაციის მიმართულებით რამდენიმე თვეა, მუშაობს.

    უკრაინის მხრიდან კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი აქტიურად და მასშტაბურად ჩაერთვება. საწინააღმდეგო ვარიანტი კი დაახლოებით აფხაზური (ან ცხინვალის) სცენარი იქნება, რაც უკვე მიმდინარეობს: პასპორტიზაცია დასრულებულია, ადგილობრივი ორგანოები ჩამოყალიბებულია, ე.წ. არმია შეუქმნეს, ხალხის განწყობების შემოტრიალებაზე კი თვითონ კიევიც არაფერს აკეთებს.

    "რ": საქართველო აშშ-ის მსხვილ რესიპიენტთა სიაში ვერ მოხვდა. ჩვენს ქვეყანას ჯაველინებშიც ფულის გადახდა მოუწია. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

    ა.ს: თქვენი კითხვა სრულიად ლოგიკურია. ჩვენი საზოგადოება გაცილებით მასშტაბური დახმარების მოლოდინშია. მაგრამ, მოდით ამერიკელების თვალით შევხედოთ ამ ყველაფერს. იყო დრო, როცა საქართველოს ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაში იყო. მაშინ აშშ საკმაოდ მასშტაბურ დახმარებას გვიწევდა.

    გავიხსენოთ "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა", როცა რამდენიმე ბატალიონი მომზადდა და აღიჭურვა. ასევე გავიხსენოთ იროკეზების ტიპის ერთი სრული ესკადრილიის გადმოცემა და წლების განმავლობაში მისი როგორც სასწავლო, საფრენოსნო და ლოგისტიკური უზრუნველყოფა. თუნდაც ამ ორი პროგრამის ფარგლებში სოლიდური ხარჯები იქნა გაწეული.

    როცა ეკონომიკა ფეხზე დადგა, 2006 წლიდან დღემდე, განსაკუთრებით ომის წინ, ჩვენ ასეულობით მილიონი დოლარის შეიარაღება და ტექნიკა შევიძინეთ ყველა ქვეყნისგან ამერიკის გარდა.

    როცა ფრანგული კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა, მაშინ დავწერე, რომ თუ ამდენი რესურსი გვაქვს, სტრატეგიული პარტიორისგან გვეყიდა-მეთქი. სტრატეგიული პარტნიორობა ცალმხრივი არაა. ამიტომ იყო, როცა მივესალმე ჯაველინების ყიდვას. რადგან, იმის მიუხედავად, რომ არსებობს უფრო იაფი ანალოგები, რომლებიც გარკვეული პარამეტრების მიხედვით ნაკლებეფექტიანი არიან, თუმცა ფასის მხრივ საგრძნობლად განსხვავდებიან, ამერიკასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, შეიარაღების შესყიდვები, მომავალში მეტ დივიდენდს მოგვცემს.

    ამერიკელები ფულს კარგად თვლიან. ეს ყველასათვის ცნობილია. შესაბამისად, როცა დაინახავენ, რომ შესყიდვებისას ამერიკის სამხედრო წარმოებას წავახალისებთ, თუნდაც მცირედით, ისინი თვითონ გამონახავენ ფონდებს, იაფფასიან კრედიტებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

    თუ ჩვენ მილიონებს ამერიკის კონკურენტი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებისკენ მივმართავთ, რასაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2006 წლიდან ვაკეთებთ, მათი დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter