სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    23.12.2017

     პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები სარეგისტრაციო ბარათს სხვის მაგივრად ატარებენ. როგორც გუშინ რიგგარეშე სხდომის გახსნისას აღმოჩნდა, რეგისტრაცია 9 დეპუტატმა ისე გაიარა, რომ სესიაზე არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო ბარათის სხვის მაგივრად გამოყენების გარდა, პარლამენტში არის შემთხვევები, როდესაც დეპუტატები ხმას სხვის მაგივრად აძლევენ.

    ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისთვის, რომ მსგავსი პრაქტიკა აღიკვეთოს სამომავლოდ, დასახელდება იმ დეპუტატების სახელები, რომლებიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას ბარათით გაივლიან.

    "76 დეპუტატი ზის დარბაზში. რეგისტრირებულია 85. გამოვაქვეყნებთ იმ დეპუტატების სიას, რომლებიც იყენებენ ბარათებს. რეგისტრაცია გაიარა 85-მა დეპუტატმა. მე ვთხოვე მანდატურის სამსახურს, მომაწოდოს იმ დეპუტატების სია, რომლებმაც ე.წ. ბარათების მეშვეობით გაიარეს რეგისტრაცია.

    "როგორც გაირკვა, 9 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია დაუსწრებლად ბარათის მეშვეობით. სამომავლოდ იმისათვის, რომ იყოს აღკვეთილი ძალიან მკაცრად ასეთი პრაქტიკა, სახელობითად დასახელდება თითოეული დეპუტატი, რომელიც ბარათის მეშვეობით გაივლის რეგისტრაციას პლენარულ სხდომაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    როგორც "ქართული ოცნების" წევრმა გუგული მაღრაძემ გვითხრა, მისთვისაც მიუმართავთ თხოვნით, რომ სარეგისტრაციო ბარათი სხვის მაგივრად გაეტარებინა.

    "რამდენი წელია, პარლამენტში ვარ და არასდროს არც სხვის მაგივრად დამიტოვებია პულტი, არც გამომირთმევია და არც ჩემი პულტი გადამიცია ვინმესთვის. ვინც ჩემ ირგვლივ სხედან, არც მათ მოუმოქმედებიათ მსგავსი რამ.

    "2004, 2008 წლის პარლამენტში იყვნენ ხოლმე ისეთები, რომლებიც იტოვებდნენ მთელი ჯგუფის პულტებს და ერთი პულტიდან მეორეზე გადადიოდნენ. ყოფილა შემთხვევა, ჩემთვისაც უთხოვიათ, დაგიტოვებ პულტსო, თუმცა უარი მითქვამს, რადგან ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

    "მიმაჩნია, რომ ეს არის სამსახური, რაშიც ფულს გიხდიან. შესაბამისად, უნდა იარო და იმუშაო, რაც შეგიძლია. თუ ბევრი მუშაობა არ შეგიძლია, ის მაინც უნდა გააკეთო, რომ მიხვიდე, მოუსმინო და ხელი მიაჭირო ან არ მიაჭირო ღილაკს. მაგრამ იქ უნდა იყო და რეგისტრაცია გაიარო", - აცხადებს გუგული მაღრაძე და დასძენს, რომ უნდა იყოს სანქცია, რომელიც ასეთ შემთხვევაში დეპუტატებს დაეკისრებათ.

    "ეს საკუთარი სამსახურის უპატივცემულობაა. ვფიქრობ, უნდა გვქონდეს მკაცრი სანქციები, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები არიან ისეთივენი, როგორიცაა მოსახლეობის უმეტესობა, რომელებიც საქმეს ცნობიერებითა და შეგნებით კი არ აკეთებენ, არამედ კანონის დავალდებულებით. ცნობიერებისთვის ჯერ კანონი უნდა იყოს, რომელიც დაგაფიქრებს და გაიძულებს, აასრულო ესა თუ ის ნორმა. მერე, თანდათან ჩვევაში გადავა და ალბათ მენტალობის ნაწილიც გახდება", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

    როგორც უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, გუშინდელ ფაქტზე ინფორმაცია არ აქვს: "პარლამენტში არ ვყოფილვარ და არ ვიცი, რა მოხდა"

    "რეზონანსის" კითხვაზე, უთხოვია თუ არა მას კოლეგა დეპუტატისთვის მის მაგივრად პულტის გამოყენება, ან თავად თუ გაუკეთებია მსგავსი რამ, ქანთარია გვპასუხობს, რომ არა.

    "თუ ადამიანი იქვეა, პარლამენტში და, დავუშვათ, ახლოს გავიდა, მაშინ არის ხოლმე, რომ მუდმივზე ჩართო და შემდეგ თავისით ჩაირთოს, მაგრამ თუ არ არის პარლამენტში და ბარათიც არ არის, ასე გამორიცხულია", - გვითხრა დეპუტატმა.

    "რეზონანსი" შეეცადა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანს და მის ერთ-ერთ მდივან შალვა კიკნაველიძეს დაკავშირებოდა, რათა მათგან გაეგო, არის თუ არა სანქციები ასეთ შემთხვევებზე ან იგეგმება თუ არა რაიმე ვალდებულების შემოღება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved