სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამზარდიას მიაჩნია, რომ აქ პოლიტიკური პროცესების განვითარება დამოკიდებულია სააკაშვილის უკრაინაში წარმატება-წარუმატებლობაზე
    გვანცა ღვედაშვილი
    07.12.2017

     "სამინისტროების ოპტიმიზაციის იდეა შესაძლოა, გარკვეული პოპულისტური ნაბიჯი იყოს, რომელიც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნებმა განაპირობა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე რაც ჩანს, იქიდან გამომდინარე, ეს ცვლილებები გაუაზრებელია", - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას.

    ამასთან, ინტერვიუში იგი უკრაინასა და, ამის პარალელურად, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ქვეყანაში ჟურნალისტების არშეშვებასა და 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების დუმილზეც საუბრობს.

    "რეზონანსი": უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებდით?

    არჩილ გამზარდია: ბუნებრივია, თუკი კვალიფიციური ხელისუფლება გეგმავს ადამიანის დაკავებას, ეს უნდა განხორციელდეს. თუ ასე არ ხდება, და ახსნა-განმარტებები მიდის, რომ ასეთ შემთხთხვევაში უფრო მძიმე პროცესები განვითარდებოდა, მაშინ გამოდის, არასწორად იყო დაგეგმილი პროცესები.

    ნებისმიერ შემთხვევაში, არაკვალიფიციურად ჩატარებული დაკავების ოპერაცია დადებითად არ მოქმედებს ხელისუფლების იმიჯზე, სამაგიეროდ, აძლიერებს მის ოპონენტს.

    საჭირო იყო, ნებისმიერი კანონის დაცვის პოცედურებით მომხდარიყო სააკაშვილის დაკავება, მათ შორის იგულისხმება აქციის დაშლის ან სახელმწიფოს მიერ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის იქნებოდა აუცილებელი.

    "რ": "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია საქართველოშიც გამართა. როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია, რომ პროცესებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს?

    ა.გ.: ეს პროცესები, ალბათ, მრავალმხრივ იქნება დამოკიდებული სააკაშვილის უკრაინაში წარმატება-წარუმატებლობაზე. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის პირდაპირი ანარეკლი უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა. თუ სააკაშვილი გაძლიერდება, მაშინ ბუნებრივია, მისი წარმატება აქაც მის მხარდამჭერებში პოზიტიურად აღიქმება, თუ დასუსტდება, მაშინ - პირიქით.

    "რ": რამდენად დამაჯერებელია უკრაინის მხარის განმარტებები ქვეყანაში ქართველი ჟურნალისტების არშეშვებასთან დაკავშირებით?

    ა.გ.: ვფიქრობ, საკმაოდ გაურკვეველია უკრაინის განცხადებები. აქსიომაა ის, რომ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის საშუალება. თუ რომელიმე კონკრეტულ პირზე არსებობს სხვა ტიპის დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს არგუმენტირებული.

    ამასთან, შესაძლებელია გარკვეული პროცედურების წარმოება იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის ადამიანი გამოცხადდეს მიუღებლად და პერსონა ნონ გრატად.

    ამასთან, თუკი სახელმწიფოს არ შეუძლია მინიმალური უსაფრთხოების გარანტიები მისცეს ადამიანებს, ეს კიდევ დამატებით სხვა დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს.

    "რ": რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, დღეს ხელისუფლებაში დავა სამინისტროს სახელწოდებაზეა. უნდა იყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუ პირიქით, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო...

    ა.გ.: ძალიან ირონიულად ვუყურებ ამ პროცესს. ირონიულად და ტრაგიკულად, რადგან რისკენ არის მიმართული ეს ძალისხმევა და რა შედეგი უნდათ, რომ მიიღონ, უცნობია.

    საერთო ჯამში, ოპტიმიზაციაში გულისხმობენ ბიუჯეტის დაზოგვის "ზედმეტი" ადამიანური რესურსებისგან ხარჯებს თუ ეფექტურ მართვას და ადამიანებზე არ არის აქცენტი გაკეთებული, უცნობია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და გაუგებრობაა.

    სამინისტროების ოპტიმიზაციის იდეა შესაძლოა, გარკვეული პოპულისტური ნაბიჯის იყოს, რომელიც ოპოზიციასა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნებმა განაპირობა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე რაც ჩანს იქიდან გამომდინარე, ეს ცვლილებები გაუაზრებელია. შესაძლოა, მომავალ კვირაში სხვაგვარად გამოჩნდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ჩანს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter