სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    24.11.2017

     ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რვა ბინა დაზიანდა - ერთ სადარბაზოში პირველ სამ სართულზე განთავსებული ბინები და მეორე სადარბაზოში ერთი ბინა. ამ ეტაპზე დახმარებისთვის ისნის გამგეობას 12-მა ოჯახმა მიმართა, თუმცა გამგეობაში აცხადებენ, რომ რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

    ოჯახებს, რომელთაც საკუთარ სახლში შესვლა ჯერჯერობით არ შეუძლიათ, აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე ჯერ სასტუმროში დააბინავებენ, შემდგომ კი ქირით გადაიყვანენ.

    კახა კალაძისა და ისნის გამგეობის თავმჯდომარე კახა ლაბუჩის განცხადებით, მოქალაქეებს ყველა ზიანი აუნაზღაურდებათ, რაც მათ სპეცოპერაციის დროს მიადგათ.

    "სრულფასოვნად ვერ გავეცანით მდგომარეობას, რადგან კრიმინალისტები მუშაობენ. დავათვალიერეთ სადარბაზო. მეოთხე სართულზე და ზემოთ არ არის პრობლემა ხალხის დაბრუნების, ამის ნება უნდა დაგვრთონ კრიმინალისტებმა და ტექნიკურმა ექსპერტებმა. 8 ბინაა, სადაც ხანძარი იყო. სპეცოპერაციის მეორე ღამეს სამი ოჯახი მივიღეთ. სხვებსაც თუ სურვილი ექნებათ, გადავიყვანთ სასტუმროში და შემდეგ ყველას გავიყვანთ ქირით. სხვა სადარბაზოების მცხოვრებლებს, სავარაუდოდ, სახლების დატოვება არ მოუწევთ. მხოლოდ ერთ სადარბაზოში არ ხდება მოსახლეობის შეშვება, სადაც შესულები არიან კრიმინალისტები და ვერ გვაძლევენ ზუსტ ინფორმაციას, როდის დასრულდება სამუშაოები. სავარაუდოდ, ეს ალბათ მოხდება ხვალ. ჩვენ ველოდებით ამ სადარბაზოს 25-ვე ოჯახს. ამ დროისთვის მოგვმართა 12-მა, ხოლო გუშინ სასტუმროში განთავსდა სამი ოჯახი, რომლებიც ვერ ბრუნდებიან ბინებში. თუ იქნება მეტი მომართვა, რა თქმა უნდა, მზად გვაქვს სხვა სასტუმროც, სადაც დაბინავდებიან," - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ და აღნიშნა, რომ ყველა იმ ოჯახის მდგომარეობას შეისწავლიან, რომლებსაც სპეცოპერაციის დროს უძრავ-მოძრავი ქონება დაუზიანდათ.

    "დაზიანებულ ავტომანქანებთან დაკავშირებით კი მფლობელებმა საპატრულო პოლიციას უნდა მიმართონ და პატრულიდან უნდა შემოვიდეს საბუთები. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ზოგი მანქანა დაზღვეულია, ზოგი არ არის დაზღვეული," - განაცხადა გამგებელმა.

    მისივე ინფორმაციით, ისნის რაიონის გამგეობის ცხელ ხაზზე ასევე შევიდა ზარები მოპირდაპირე კორპუსიდან.

    "იყო ზარები მოპირდაპირე კორპუსიდან მინების ჩამსხვრევასთან დაკავშირებით, რომ მათ ფანჯრებს მოხვდა ტყვია. თუმცა უნდა შევისწავლოთ. ხვალიდან, სავარაუდოდ, დავიწყებთ შესწავლას და ვიმსჯელებთ, როგორ უნდა ანაზღაურდეს," - განაცხადა ლაბუჩიძემ

    გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსის იმ სადარბაზოს მცხოვრები, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, აცხადებს, რომ საკუთარი ბინის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არავის მიუწოდებია. როგორც მაია სულავამ ჟურნალისტებს უთხრა, ის მერვე სართულზე ცხოვრობს.

    "ჯერჯერობით ვერ შევდივართ ჩვენს საცხოვრებელ სახლებში, ამიტომ აქ გადმოგვიყვანეს და დაგვაბინავეს. სანამ არ გადაწყდება, არ გვეცოდინება, რომ კორპუსში შესვლა უსაფრთხოა, მანამდე სასტუმროში ვიქნებით. მე მერვე სართულზე ვცხოვრობ ამ სადარბაზოში, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია, რა არის ჩემს ბინაში დაზიანებული. ვიზუალურად გარედან ჩემს ბინას არ ეტყობა, რომ დაზიანებულია, შიგნით რა ხდება, სადარბაზოში, სართულებს შორის რა მდგომარეობაა, არ ვიცით. არც ის ვიცით, როდის გვექნება ზუსტი პასუხი, როდის დაგვაბინავებენ, როდის დავბრუნდებით იქ საცხოვრებლად," - ამბობს სულავა.

    თბილისის მერის - კახა კალაძის განცხადებით, იმ კორპუსის აღდგენითი სამუშაოები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

    "12-მა ოჯახმა მიმართა ისნის გამგეობას და მათ უზრუნველვყოფთ დროებითი საცხოვრებელი ფართებით. რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, ლაბორატორიას დაწყებული აქვს მუშაობა და უახლოეს მომავალში გვეცოდინება პასუხი. კორპუსის აღდგენითი სამუშაოებისთვის ჩვენ მზად ვართ.

    "პრემიერ-მინისტრის დავალებაც არის, რომ მოწესრიგებული იყოს ყველაფერი და უახლოეს დღეებში დავიწყებთ მუშაობას. ჩატარდება ინვენტარიზაციის სამუშაოები და იქ მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც რა დაუზიანდა, ყველაფერი იქნება აღდგენილი და უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება კორპუსის ავარიულობას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. არ იყო ეს კორპუსი ავარიული, დაზიანებებს სწავლობს ლაბორატორია და თუ საცხოვრისისთვის შეუსაბამო იქნება, რა თქმა უნდა, იქ ეს ადამიანები ვერ გააგრძელებენ ცხოვრებას," - განაცხადა კახა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter