სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    03.11.2017

     სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტს ხსნის, რათა თბილისიდან შეტანილ ნებისმიერ პროდუქტზე გადასახადი დააწესოს. ახალგორში აცხადებენ, რომ ე.წ. ოსური ხელისუფლება დღითიდღე ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს და მათი ცხოვრება უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის თქმით კი, "ოსები დამოუკიდებლობანას თამაშს აგრძელებენ" და მათი ყველა ნაბიჯი ქართული მოსახლეობის შევიწროებას ემსახურება.

    ახალგორელები "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, რომ ახალგორში, ასევე ცხინვალსა და ვლადიკავკაზშიც კი თბილისიდან შედის, მწვანილიდან დაწყებული, ხილითა და ბოსტნეულით დამთავრებული, ყველანაირი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი და დანარჩენ საქართველოსთან შედარებით ფასი ისედაც მაღალია, რადგან ე.წ. საზღვარზე პროდუქტების შეტანის სანაცვლოდ ე.წ. შავ ფულს, ქრთამს, ითხოვენ, ახლა კი ამ შავ ფულს "ოფიციალური" გადასახადიც თუ დაემატება, კიდევ უფრო გაძვირდება პროდუქტი, რაც მათ ისედაც მძიმე ცხოვრებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

    გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე სამხრეთ ოსეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და წლის ბოლოსთვის ახალგორის გამშვებ პუნქტ "რაზდახანზე" ე.წ. საბაჟო იხსნება, რათა "რესპუბლიკაში" თბილისიდან შეტანილი საქონლის მოცულობა და ხარისხი გააკონტროლონ.

    მისი განცხადებით, "საბაჟოს" გახსნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათი მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ე.წ. რესპუბლიკაში თბილისიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთი შედის და წლებია, ამ ტვირთს არანაირი გადასახადი არ ეხებოდა.

    მისი თქმით, ახალი ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნისთვის საჭირო მთელი დოკუმენტაცია შესათანხმებლად "ხელისუფლებაშია" გადაგზავნილი.

    ოსური მედია წერს, რომ ახალგორის მცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე, მაქსიმუმ, 50 კილოგრამი ტვირთის გადატანის უფლება აქვთ და თუ აქამდე მის ოდენობას ზედაპირული დაკვირვებით განსაზღვრავდნენ, ახლა ყველა ტვირთს "მებაჟე" შეამოწმებს, აწონის და მისი მფლობელი ბაჟსაც გადაიხდის. რა რაოდენობის გადასახადი დაწესდება, ჯერ ამაზე საუბარი არ არის.

    "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის განცხადებით, "როგორც ჩანს, ოსები ცდილობენ, გააგრძელონ დამოუკიდებლობანას, სახელმწიფოობანას თამაში და ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებენ", რითაც ქართული მოსახლეობის შევიწროებას აგრძელებენ, რათა იძულებული გახდნენ, დატოვონ ახალგორი.

    "ახალგორში პროდუქტები, წლებია, შედის, მაგრამ ეს გადასახადის გარეშე, უფასოდ არასდროს ყოფილა. შავი ფულის ტრიალია და ამ პროდუქტების შეტანისთვის ქრთამს უხდიან იმ ე.წ. მესაზღვრეებს, ვინც საოკუპაციო ხაზთან დგანან. იქ პროდუქტს ვერ შეიტან, თუკი ოსი ჩინოვნიკებიდან ვიღაც არ გმფარველობს. ვინ რას იხდიდა, ეს დამოკიდებული იყო პირად ნაცნობობაზე, ზოგი ამა თუ იმ პროდუქციაში მეტ ფულს ითხოვდა, ზოგი - ნაკლებს. ახლა გადაწყვიტეს, რომ ჩინოვნიკებმა და მესაზღვრეებმა კი არ ჩაიდონ ჯიბეში ქრთამი, არამედ მათ ბიუჯეტში შევიდეს თანხა. გაურკვეველია, ამ ოფიციალური გადასახადის გარდა, ისევ იქნება თუ არა შავი ფულის ტრიალი და ქრთამი, დიდი ალბათობით - იქნება," - ამბობს არეშიძე.

    ახალგორის მცხოვრები შუახნის ქალბატონი, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს, დე ფაქტო ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ დაიღალნენ ახალ-ახალი შეზღუდვების დაწესებით.

    ის ამბობს, რომ ახალგორში თბილისიდან შეტანილ ყველა პროდუქტს, ვაშლს, მანდარინს, მწვანილს, თავისი მფარველი, ე.წ. კრიშა ჰყავს ცხინვალელი დე ფაქტო ხელისუფლების ჩინოვნიკებიდან და პროდუქციის ყველა შემომტანი ოს ჩინოვნიკებს უხდის "შავ ფულს", ახლა კი ამ ერთგვარ გადასახადს კიდევ უნდა დაუმატონ "ოფიციალური ბაჟიც", რაც გამოიწვევს პროდუქტის კიდევ უფრო გაძვირებას.

    ახალგორის მკვიდრ თამარ მეარაყიშვილის თქმით, თბილისიდან შეტანილი მწვანილი, ხილი და ბოსტნეული იყიდება არა მარტო ახალგორში, არამედ ცხინვალში და ასევე გადის ვლადიკავკაზშიც. თბილისიდან შემოაქვთ წყალიც დიდი პლასტმასის კასრებით, ცოცხები თუ სხვადასხვა საქონელი.

    "ყოველდღიურად იმდენი ტონა შემოდის, რომ იმ რაოდენობის პროდუქტს ახალგორში და ცხინვალში ვერ გაყიდი. დაახლოებით 35-დან 50 ტონამდე საქონელი შედის ახალგორში ყოველდღიურად. ფასები ძალიან მაღალია, აქ, ახალგორშიც, ძვირია და ცხინვალში - უფრო მეტად. ტვირთის გადატანა ხდება მინივენებით და ეს ვაჭრობა არა მარტო ადგილობრივ ბიზნესმენებს აინტერესებთ, არამედ ცხინვალელ პარტნიორებსაც, მთლიანად სამხრეთ ოსეთს, რადგან თბილისიდან მარაგდება მთელი ეს რეგიონი და იმედია, ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომ თავადაც გაუძვირდეთ პროდუქცია და ამ საქმით დაკავებულ ადამიანებსაც არ უღირდეთ ასეთი საქმიანობა," - აღნიშნავს მეარაყიშვილი.

    მისი თქმით, ოსურ მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ მხოლოდ 50 კილოგრამამდე ტვირთის გადატანის უფლება ჰქონდათ ახალგორელებს, სიმართლე არ არის.

    "ახლა წავიკითხე ისიც, რომ ერთ ადამიანზე 50 კგ ხელბარგია დაშვებული და მეტი - არა. წლების განმავლობაში იყო 50-კილოგრამიანი ლიმიტი, თუმცა წელს, იანვრის შემდეგ, ასეთი შეზღუდვა არ არსებობს. შეგიძლიათ, ე.წ. საზღვართანაც ნახოთ, რომ წონა განსაზღვრული არ არის, ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენი ტვირთი მიაქვს. ახლა რა იქნება, არ ვიცით, ისევ დაწესდება თუ არა 50-კილოგრამიანი შეზღუდვა და რა გადასახადი დადგინდება; გადასახადის გარდა, იქნება თუ არა დამატებით "შავი ფულის" გადახდაც. კითხვა ბევრია," - აღნიშნავს მეარაყიშვილი.

    მისი თქმით, ე.წ. საზღვარზე საქონლის გადატანის სანაცვლოდ ქრთამის გადახდა ხდება თუ არა, ამის დამამტკიცებელი საბუთები არ აქვს, თუმცა ამაზე საუბარი მუდმივადაა და იხსენებს შემთხვევას, როდესაც წელიწადნახევრის წინ ხილის ვაჭრობით დაკავებულ ერთ-ერთ ქართველსა და ცხინვალელ ოსს შორის ორჯერ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და მაშინ ითქვა, რომ ცხინვალელი ამ ბიზნესმენსა და ვაჭრობაში ჩართულ სხვა ადამიანებს ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter