სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    07.10.2017

     ბიზნესმენი საკრებულოს წევრები, რომლებსაც მონაცემები დეკლარაციაში დამალული აქვთ და 1 ლარად გაჩუქებული მიწები, მათ შორის 28 შემთხვევაში საპატრიარქოზე - ეს არის ის პრობლემები, რაც დღეს მოქმედ მე-5 მოწვევის საკრებულოშია.

    პარლამენტარების შემდეგ ბიზნესმენი დეპუტატები უკვე თბილისის საკრებულოშიც აღმოჩნდნენ. თბილისის საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 ბიზნესწილს ფლობს და მათ ეს დეკლარაციაში დამალული აქვთ, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. უფრო მეტიც, მათგან 3 დირექტორიცაა, რაც, კანონის მიხედვით, დაუშვებელია. 10-ვე ბიზნესმენი დეპუტატი "ქართული ოცნების" წევრია.

    წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს 5 თანამდებობის პირს: გიორგი ტყემალაძეს, გიორგი ახვლედიანს, გიორგი მუსხელიშვილს, ლია ჯახველაძეს და გულიკო ზუმბაძეს.

    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დირექტორად რეგისტრირებულია საკრებულოს 3 თანამდებობის პირი: გიორგი ტყემალაძე, ლევან დარახველიძე და ლია ჯახველაძე. კომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობა კი საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობაა.

    ამ პრობლემის გარდა, საკრებულოს 3-წლიან მუშაობაში ასევე კითხვებია ქონების გადაცემაშიც. საუბარია იმაზე, რომ საკრებულომ თბილისის მთავრობას 58 შემთხვევაში მისცა თანხმობა ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემის თაობაზე. მათგან ეკლესიისთვის 28 შემთხვევაში უძრავი ქონება გადაცემულია სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ჯამში, ეკლესიისათვის გადაცემულია 183 414 კვ.მ. მიწის ფართობი და, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აქ პრობლემა გადაწყვეტილებების არასათანადო დასაბუთებაა.

    გუშინ ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" თბილისის საკრებულოს 3-წლიანი მუშაობის ანგარიში გამოაქვეყნა და დადებით ტენდენციასთან ერთად პრობლემური საკითხებიც აღწერა.

    ამ ანგარიშში ორგანიზაციას შეკითხვები აქვს ასევე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის რეგულაციის დარღვევით რამდენიმე ქონების გადაცემაზე და მოქალაქე ზვიად ნაზღაიძისთვის 2016 წლის დეკემბერში 1-მილიონიანი ღირებულების მიწის ნაკვეთის გადაცემაზე.

    როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემა ხმაურის მიზეზი გახდა და ეჭვი გააჩინა, რადგანაც ის არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, რომელმაც "რუსთავი 2"-ის საქმე განიხილა. ეს საქმე ოპოზიციის მიერ სასამართლოშია გასაჩივრებული, მაგრამ გამოძიების შედეგი უცნობია.

    "პრობლემად რჩება ქონების განკარგვის საკითხები, ეს არის პრობლემა იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ამ ქონების გადაცემა ხდებოდა კონკრეტული პირისთვის, ამ შემთხვევაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის კომპანიაზე.

    "რაც შეეხება ნაზღაიძის საქმეს, აქ ოპოზიციას ჰქონდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, მათ მოითხოვეს გამოძიების დაწყება, მაგრამ მიუხედავად ამ კითხვის ნიშნებისა, თბილისის მთავრობა არ მივიდა საკრებულოში და ამ კითხვებზე მათ პასუხი არ გაეცათ. შესაბამისად, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები გამოძიებასთან დაკავშირებით, ამაზეც პასუხები არ არის," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ანგარიშის წარდგენისას პრესკონფერენციაზე.

    საგულისხმოა, რომ წინა თვეს ამავე ორგანიზაციამ პარლამენტის წევრთა ქონების შესახებ ანგარიშიც წარადგინა, სადაც საუბარი იყო, რომ ყოველი მესამე დეპუტატი ბიზნესმენია - 150 პარლამენტარიდან ბიზნესთან კავშირი აქვს 51-ს და მათ დიდ ნაწილს ეს დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა. ბიზნესმენთა უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიის წევრია და მაშინ მათ კვლევის ავტორები საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ მათ სახელთან დაკავშირებული კომპანიები ან უკვე უმოქმედო იყო, ან სხვაზე იყო გადაცემული.

    იგივე განმეორდა ახლაც. "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს კვლევა სიმართლეს არ ასახავს - ეს კომპანიები უმოქმედოა.

    საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" წევრი გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ ანგარიშში მითითებული კომპანია 25 წლის წინ არის დარეგისტრირებული, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობა არასოდეს უწარმოებია და დეკლარაციაში ამიტომაც არ მიუთითა.

    საკრებულოს წევრი ლია ჯახველიძე კი აცხადებს, რომ ანგარიშში მოხვედრილი კომპანიის, პროფესიული კოლეჯის - "აირენდ კომპის" დირექტორ-დამფუძნებელი იყო, მაგრამ ის 2011 წელს მის პოლიტიკურ აქტიურობას შეეწირა, შენობაც კი გაყიდულია და მისი მცირე დაუდევრობაა ის, რომ მისი ლიკვიდაცია არ გაფორმდა.

    ქონების გადაცემაზე წამოჭრილ შეკითხვებზე პასუხად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ ქონების გადაცემა კანონის შესაბამისად ხდებოდა, რაც შეეხება ნაზღაიძის საქმეს, სასამართლოშია გადაცემული და სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოგვეცემა დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter