სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ქართული უნიკალური წყლები ტყუილად იღვრება
    ნინო ქეთელაური
    19.06.2017

     "ქართულ მინერალურ წყლებს, პოლიტიკური და ეკონომიკური მონდომების შემთხვევაში, ადვილად შეუძლია მსოფლიოში მონოპოლიური პოზიციების დაკავება", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.

    მისი თქმით, ინვესტორებისთვის შესაბამისი პირობების დახვედრებაა საჭირო, წინაღმდეგ შემთხვევაში, ვერც აზიას დავაინტერესებთ და ვერც რომელიმე სხვა სახელმწიფოს.

    სოსო ცინცაძე: სავაჭრო ურთიერთობისთვის ნებისმიერი მიმართულება კარგია, თუ ამის პოტენციალი არსებობს. თავის დროზე შევარდნაძემაც დააპირა ეს და 100-კაციანი დელეგაცია გაუშვა ჩინეთში, მაგრამ შედეგი ნული იყო.

    ამიტომ ასეთ პროექტებს ძალიან საფუძვლიანი მომზადება და მარკეტინგი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რა პროდუქტს გავიტანთ და შემოვიტანთ იქიდან, როგორი იქნება ინვესტიციები და რას შევთავაზებთ მათ.

    დღეს, როდესაც უცხოური სავაჭრო პალატა ასეთი პროტესტით გამოდის და საუბარია კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებაზე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რამდენად მიმზიდველ გარემოს შევუქმნით ინვესტორებს.

    როგორც ჩანს, რუსეთში გაცილებით მიმზიდველი გარემოა, რადგან სანქციების და იქ არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ინვესტიციები იზრდება, ჩვენგან გასხვავებით. ინვესტიციას ქვეყანაში მდგომარეობის შეცვლა შეუძლია მაშინ, თუ ის მილიარდებზე ავა. მაგრამ ჩვენთვის სატრაბახო არ არის ის, რომ 100 ან 200 მილიონი ინვესტიცია გვაქვს.

    "მთელი კვირა": რა არის საჭირო იმისთვის, რომ აზია დავაინტერესოთ?

    ს.ც: პირველ რიგში, უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა და მერე უნდა დაიწყოს უცხოეთში ინვესტორებზე "ნადირობა". ჩვენ თუ ახლა ურიკას ცხენის წინ დავაყენებთ და ჯერ ინვესტორების ძებნას დავიწყებთ, აქ რას ვთავაზობთ?!

    არც ერთი ინვესტორი არ არის "ნეტარ მორწმუნე ბრიყვი", რომ თუნდაც ჯეჯელავას განცხადებების საფუძველზე ჩამოვიდეს აქ და მილიარდები დააბანდოს სარისკოდ, როცა მისი კაპიტალის დაცვის ვერანაირ გარანტიას ვერ დაინახავს.

    ამიტომ ჯერ აქ უნდა შევქმნათ საინვესტიციო გარემო, კანონმდებლობით და დაბალი გადასახადებით. ასეთი მაღალი გადასახებით, რაც ჩვენთან არის, ვერც ერთ ინვესტორს ვერ მოვიზიდავთ. ერთადერთი 94-ე მუხლია, რომელიც ასე თუ ისე რაღაც გარანტიას იძლევა და ამასაც თვალი დაადგეს, მისი ამოღება უნდათ.

    კორეაც კარგია, იაპონიაც, არაბული სამყაროც მშვენიერია. ემირატებმა, ბაჰრეინმა, ქუვეითმა, დუბაიმ არ იციან, სად დააბანდონ ფული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ბრმად მოვლენ და გარემოს შესწავლის გარეშე დააბანდებენ ფულს.

    დღევანდელ მსოფლიოში თავისუფალი კაპიტალი არ არის პრობლემა. უბრალოდ, ინვესტიციები არ არის იქ, სადაც ეს თავისუფალი კაპიტალი ვერ ხედავს პერსპექტივას. მსოფლიოში საკმარისზე მეტი ფულია, მაგრამ, ეტყობა, საქართველო არ არის მიმზიდველი.

    ჩვენ ისე არ უნდა ვუდგებოდეთ საქმეს, რომ აქ ლარის კურსი დაეცა და ჩვენი ბრალი არაფერი არ არის, მსოფლიოს მდგომარეობაა ასეთიო. რომ თითქოს საქართველოში ინვესტიციების ნაკლებობა მსოფლიოში არსებული კრიზისის გამოა. არა, მსოფლიოში თავისუფალი ფული არის.

    თუ ყატარს იმდენი ფული აქვს, რომ 12 მილიარდად აშშ-სგან იარაღი იყიდოს, როგორ ფიქრობთ, ამას უკანასკნელი ფულით აკეთებს? რა თქმა უნდა, არა. თუ ჩინეთს იმდენი კაპიტალი აქვს, რომ რუსეთში აბანდებს, რა, საქართველოსთვის გამოელია?! რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, ეტყობა, აქ შესაბამის საინვესტიციო გარემოს ვერ ხედავს.

    "მ.კ": რას იტყვით ექსპორტის პერსპექტივაზე აზიის მიმართულებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქართული პროდუქციის გატანას წლები დასჭირდება და, მეორე მხრივ, რუსული ბაზარი როდის დაიხურება ჩვენი ქვეყნისთვის, არავინ იცის. არის თუ არა კარგი ალტერნატივა აზიის ბაზარი?

    ს.ც: გააჩნია პროდუქციას. როგორ ფიქრობთ, მაგალითად, ჩინეთში მწვანე მანდარინით ვინმეს გავაკვირვებთ და იქ მის გატანას შევძლებთ?! ჩინეთს თავისი აქვს და არ იცის, სად წაიღოს.

    გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია საექსპორტოდ რამდენად მზად არის, ესეც ცალკე თემაა. ღვინოს თუ ავიღებთ, კი, მსოფლიოშიც არის ამაზე მოთხოვნილება, მაგრამ მსოფლიოში მისი მიწოდება 10-ჯერ მეტია, ვიდრე მოთხოვნილება. ამიტომ ეს ცოტა პრობლემურია.

    როდესაც დღეს ჩვენთვის სხვა ბაზარი არ არსებობს, სამწუხაროდ, რუსეთი უალტერნატივოა. იმიტომ, რომ ევროპაში ჩვენი პროდუქციის გატანას ათეული წლები დასჭირდება. ევროპელი მყიდველი ძალიან მომთხოვნია, რუსეთისგან განსხვავებით, სადაც მყიდველი ოდნავ ფალსიფიცირებულსაც შეიძენს და არც ისე კარგად შეფუთულსაც. ჩვენ ევროპასთან სავაჭროდ დღეს მზად არ ვართ.

    ხილითა და ღვინით გასვლას რუსეთში კი, ბატონო, შევძლებთ. ისიც გასაგებია, რომ მოსკოვმა შეიძლება დილით გახსნილი ბაზარი საღამოს გადაგიკეტოს, მაგრამ აქ უკვე დიპლომატიამ უნდა თქვას თავისი სიტყვა.

    გარდა ამისა, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი "ვტო"-ს (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) წევრობაც. აღარ არის ის დრო, რომ რუსეთს მოეპრიანა, ჩაგიკეტა ბაზარი და ვერაფერს აკეთებ. ამისთვის არსებობს "ვტო", მისი სასამართლო, სადაც შეგიძლია, იჩივლო და თუ კარგი იურისტები გყავს, რუსეთს იმაზე ძვირი დაუსვა შენთვის ბაზრის ჩაკეტვა, ვიდრე ამ საქონლის ღირებულებაა.

    "ვტო"-ს სასამართლოში მურუსიძე არ არის, რომ რაც ხელს აძლევთ, ის განაჩენი გამოიტანონ. ეს არის ევროპული სასამართლო და თუ შენ მართალი ხარ და იურიდიული სამსახური გამართული გაქვს, რუსეთი ვერაფერსაც ვერ ჩაგიკეტავს. მაგრამ თუ ისეთი იურისტები გყავს, ვისი საშუალებითაც კეზერაშვილს უჩიოდი საფრანგეთში, მაშინ რუსეთიც დაგიბრიყვებს და ნებისმიერი სხვაც.

    "მ.კ": რას იტყვით ქართული მინერალური წყლის პერსპექტივაზე?

    ს.ც: მინერალურ წყლებს, არამხოლოდ ბორჯომს, პოლიტიკური და ეკონომიკური მონდომების შემთხვევაში ადვილად შეუძლია მსოფლიოში მონოპოლიური პოზიციების დაკავება. ქართული მინერალური წყლები უალტერნატივოა.

    გადით და თავად ნახეთ, როგორ იღვრება და პირდაპირ არაგვში ჩადის. საირმეში რამდენი წყალი იღვრება, ის წყალი, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში ნავთობზე ძვირი ღირს. რატომ არ შეიძლება ამის ორგანიზება და გატანა?! არ ვიცი, რა უშლის ხელს.

    ჯობია, რაც შეგვიძლია, იმას მაინც უნდა ვუპატრონოთ და ქართულ მინერალურ უნიკალურ წყლებს მივხედოთ. ამის საუკეთესო მაგალითია საირმე, რომელიც საერთოდ გააქრეს დახლებიდან, არადა, ეს უნიკალური წყალი ტყუილად იღვრება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter