თამთა ჩაჩანიძე
18.11.2021

პარასკევიდან ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ისევ აგრძელებს, ამის პარალელურად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გრძელდება შიმშილობებიც, თუმცაღა ხელისუფლება პირვანდელ პოზიციას არ ცვლის და ამ დრომდე მათ მოთხოვნაზე უარს ამბობსს - ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი არის დრო და ფიქრობენ, რომ გარკვეული ეტაპის მერე „ეს პროცესი მინელდება", ხოლო მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ თუ „ოცნება" დათმობაზე არ წავიდა, კრიზისი გაღრმავდება.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის მორიგი ეტაპი და „ნერვების თამაშია", მისი აზრით პროტესტი დროში მილევადი იქნება.

„მემგონი ჩიხში არ ვართ, ეს უფრო პოლიტიკური დაძაბულობის მორიგი ეტაპია, რასაც „ნაცმოძრაობა" და მისი აქტივისტები ახორციელებენ. ფაქტია, რომ ენმ-ეს ვითარების გამწვავება კიდევ უფრო უნდა.

"ჩვენ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ, ერთის მხრივ იფიცებიან, რომ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ხელს არ შეუშლიან, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ სიტუაცია დაძაბონ, სამართალდამცავებთან მოხდეს დაპირისპირება და არასასურველი პროცესები განვითარდეს, რაც ძალადობრივი აქციების კანონიერ დაშლას ყოველთვის თან ახლავს.

„კონსილიუმი, რომელიც ნინო ლომჯარიამ შექმნა, აბსოლუტურად ტენდენციურია, იქ გვარები და სახელებით რომ „ფეისბუქში" ვანხოთ, რა განცხადებებს აკეთებენ, „პუტინის პატიმარი სააკაშვილი" და ა.შ. ძალიან ძნელია ამ კონსილიუმის ობიექტურობა დაიჯერო და მითუმეტეს კონსილიუმი ჯერჯერობით ვერ ამბობს, თუ სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოში რა სამედიცინო აპარატურა აკლია.

„მესმის, რომ პროტესტი გრძელდება, მელიას და მის მოკავშირეებს რამენაირად უნდათ, რომ კიდევ უფრო მეტი ცეცხლი დაანთონ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გამოდის, სამწუხაროდ ამ შეხლა-შემოხლაში ნერვების თამაშია, როგორც სამართალდამცველების, ასევე ტელემაყურებლების.

„გამოსავალი ისაა, რომ კანონი უნდა კანონობდეს, გასაგებია, რომ ჩემთვის ფსევდო მოშიმშილის სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში უნდათ, შემდეგ მორიგი დესტრუქცია გამოიწვიონ, მე გამოვრიცხავ, რომ ამ ეტაპზე ეს მოხდეს, ძალიან არ ვუსურვებ, მაგრამ თუ სააკაშვილს მდგომარეობა დაუმძიმდა, ხელისუფლებას გაძლიერებუილი ბადრაგით მისი ეტაპირება მოუწევთ.

„მაგრამ ეს საჭიროება ჯერჯერობით არ დგას, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, როგორც სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები, ასევე ენმ-ეს აქტივისტები, რომ ხან წუთი-წუთზე გარდაიცვლებაო, ხან მშვენივრადააო. ვფიქრობ, რომ გარკვეული ეტაპის მერე ეს პროცესი მინელდება, ისე, რომ „ნაცმოძრაობა" ისევ სამარცხვინოდ დაიშლება და მორიგი რევოლუციით დაიმუქრება და შესაძლოა აქტივობები გაზაფხულიდან კიდევ ერთხელ დაიწყოს.

„გამოსავალს ვხედავ დროში, სამართალდამცველებს და ჩვენს ჟურნალისტებს მედგრად ყოფნას ვუსურვებ, რომლებიც ამ შეხლა-შემოხლის ეპიცენტრში არიან, ჩვენი საზოგადოებისთვის სამწუხაროდ ეს დროის ამბავია, თავად „ნაცმოძრაობის" აქტივისტები როდის მინელდებიან, ნახავენ რა რომ ისინი ობიექტურად სწორად არ იქცევიან და ეს დესტრუქცია დამთავრდება ისევე, როგორც დაამთავრეს მანამდე,"- განაცხადა გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანა ჩიხშია გამოსავალს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაში ხედავს.

„მგონია, რომ გარკვეულწილად ჩიხში ვართ, ეს განსაკუთრებით ხელისუფლებას ეხება, როცა მას არ სურს, რომ ვითარება შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ კონსილიუმმა კონკრეტული რეკომენდაცია შეიმუშავა. მგონია, რომ ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას უნდა ველოდოთ, რადგან ხელისუფლებამ ასეთ შემთხვევაში უნდა განაცხადოს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, მაგრამ მეორეს მხრივ ოპოზიციამ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ აქცია არ ჩაატაროს იქ, სადაც ბატონი მიხეილ სააკაშვილი იქნება განთავსებული.

„ოცნება" ოპოზიციას არ ენდობა, მაგრამ ესაა საბაბი, თუმცა არაა გამორიცხული ამის რეალური მიზეზი ის იყოს, რომ არ სურთ, რომ „ოცნება" სუსტი გამოჩნდეს, რომ კონსილიუმის საფუძველზე ის დათმობაზე წავიდა. ასევე, ოპოზიციაც ხშირად აცხადებს, რომ დავათმობინებთ, ახლაც მმართველ გუნდს არ უნდა, რომ წამოაძახონ რომ დავათმობინეთო. ამით შესაძლებელია ხელისუფლება საკუთარ პრესტიჟსაც უფრთხილდება და ოპოზიციის ნერვებზე თამაშობს."- განაცხადა მან.

კითხვაზე გამოსავალს რაში ხედავს ჩიტაძე აცხადებს, რომ :

„ჩემი აზრით, გამოსავალი ისაა, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ, ამით მგონია, რომ სიტუაცია განიმუხტება, ყოველ შემთხვევაში თავად სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს. ამის პარალელურად შიმშილობას სხვებიც შეწყვეტენ, ასევე ხელისუფლებას ექნება საფუძველი განაცხადოს, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობას უფრთხილდება და მედიკოსთა დასკვნებს ითვალისწინებს.

„აღნიშნულის შემთხვევაში შესაძლოა ვითარება შედარებით განიმუხტოს, თუმცა თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა, კრიზისი გაღრმავდება, არაა გამორიცხული ოპოზიციის აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს.

"ამასთანავე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდეს და არაა გამორიცხული, რომ კონკრეტული ფინანსური სანქციები ამოქმედდეს. მათ შორის საქართველომ შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გარკვეული ფინანსური დახმარება ვერ მიიღოს" - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×