თეონა ვეშაგური
18.10.2021

ეპედემიოლოგიური ვითარების კვლავ გამწვავების გამო ახალი შეზღუდვების შემოღებასა და აცრილთათვის პრიორიტეტის მინიჭებას გეგმავენ - „შესაძლოა დადგეს ე.წ მწვანე ბარათების ამოქმედების საკითხი, ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროში", - ამის შესახებ „რეზონანსთან" იფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს და იმ განცხადებას ეხმიანება რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს მხრიდან გაჟღერდა, სელექტიური შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

„დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი, რომ გარკვეული შეღავათები უნდა დაწესდეს ვაქცინირებული პირებისათვის - ეს ფორმები დასახვეწი და განსახილველია ასე მარტივი არ იქნება საზოგადოების ნაწილის გარიყვა და ნაწილისათვის პრიორიტეტების მინიჭება.

„შესაძლოა საუბარი იყოს ე.წ მწვანე საშვის ამოქმედებაზეც და ამ სახით აცრილი ადამიანებისათვის გარკვეული უპირატესობის მინიჭებაზე", - განაცხადა გოგინავამ.

სერგეენკოს განცხადებით, გარკვეული სელექციური შეზღუდვები უნდა დაწესდეს არავაქცინირებულებზე და უპირატესობა ვაქცინირებულებს მიენიჭოთ.

"იქნება მეხუთე, მეშვიდე თუ მეთორმეტე ტალღა, ამის თვლას უბრალოდ აზრი აღარ აქვს. ყველამ უნდა გამოვყოთ ის რესურსი, რაც შეგვიძლია - ქუჩაში ქადაგად დავეცეთ და ყველას ვთხოვოთ, რომ მარტივი პირბადე ატარონ სწორად და არა ნიკაპზე... ნიღაბი იცავს და რისკებს ამცირებს.

„რაც შეეხება აცრებს, ძალიან სამწუხაროა, ხანდახან ანტივაქსერები ცნობადი სახეები თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხდებიან. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ორსაუკუნეზე მეტია აცრაზე უკეთესი საშუალება ინფექციური დაავადების წინააღმდეგ არავის არ მოუგონია.

„შეზღუდვები პანდემიის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების განუხრელი აღსრულება და შესრულება. პრობლემის შესარბილებლად ქვაკუთხედი მონიტორინგი და ადეკვატური რეაგირებაა. უკვე ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც განასხვავებს ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს. არავაქცინირებულებისთვის განხორციელდება შეზღუდვები სელექტიურად, რაც ყველასთვის მძიმე გადასატანია, მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს.

„სავალდებულო აცრებს მნიშვნელობა მაშინ ექნება, თუ მას შესაბამისი აღსრულება ექნება. მხოლოდ რეგულაციაში ასახული სავალდებულოობა საკმარისად ეფექტური არ იქნება. ახლა უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და რაც არ უნდა დისკრიმინაციილად ჟღერდეს - უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს. თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ იქონია, საჭირო იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა „პროფესიული ნიშნით და რისკ ჯგუფების სავალდებულო აცრისთვის", - განაცხადა სერგეენკომ.

ე.წ მწვალე ბარათის საჭიროებაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც და აცხადებს რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

"არჩევანის საფუძველზე: ვაქცინაცია ან PCR - ტესტირება, დაბალანსებულია უფლებრივი კუთხით. მზად ვართ, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვიმსჯელოთ მექანიზმზე თუ როგორი იქნება უფრო ეფექტური მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება როგორც უფლებრივ, ასევე აღსრულების ნაწილში. სხვაგვარად მოსახლეობის მოცვა და იმუნური ფენის ჩამოყალიბება გაჭირდება. ვაქცინაციით მოსახლეობის 80% მაინც უნდა იყოს დაფარული იმისთის, რომ სტაბილურად გავაგრძელოთ ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობა, შეზღუდვების გარეშე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ აქტიური იყო ივლისი, აგვისტო, სექტემბერის პერიოდში, ხოლო დღეს მიწოდება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე არის მოთხოვნა.

"ადამიანებს სჭირდება საინფომაციო უზრუნველყოფა, რათა ვაქცინაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ. საინფორმაცია კამპანია უფრო მეტად ნეგატიურ მესიჯებზე იყო დამყარებული, ვიდრე პოზიტიურ მესიჯებზე.

„ნაცვლად იმისა, რომ სტაბილურად ვაზიაროთ ინფორმაცი იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურია და რა სიკეთის მომტანია ვაქცინა, ხშირად ამ ტიპის კამპანაია გარკვეულად პოლიტიკურად მოტივირებული მესიჯები ფარავს: ჩაიშალა, ჩაფლავდა, დაგვიანდა, გაფუჭდა... რაც საკმაოდ დამაბნეველია, ისედაც მერყეობის ფაზაში მყოფი მოქალაქისთვის. თუ მოვახერხებთ და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ერთიანად დადებით მესიჯებს შევინარჩუნებთ, იმის მიუხადავად თუ ვის წარმოვადგენთ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველა ინტერესის გაერთიანება კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა გაბუნიამ.

ახალი შესაძლო შეზღუდვების ფონზე კი აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით, „ვაქცინაციის მარათონი" დაიწყო. „ჩაერთე შენივე სოფლიდან", - ამ კამპანიას რომელმაც ჯამში 150 000 ადამიანის ვაქცინირება უნდა შეძლოს დადებითად აფასებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას. თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ უფრო კომპლექსური მუშაობაა საჭირო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციისთვის.

„იმედია მარათონს პოზიტიური გავლენა ექნება ვაქცინაციის ტემპის მატების პროცესზე. თუმცა, მხოლოდ ეს ღონისძიება არ შველის აღნიშნულ პრობლემას. უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ",-განაცხადა გოგინავამ.

მისი თქმით, პროექტი ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებლის ზრდაზე და ეპიდემიოლოგიური ვითარების დარეგულირებაზე არის გათვლილი.

„პროექტი გათვლილია ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის აქტიურად ჩართვაზე. რათა საბოლოოდ შევძლოთ ეპიდემიის დამარცხება",-განაცხადა ინფექციონისტმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის!" - ამ ლოზუნგით 18 ოქტომბრიდან, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად „ვაქცინაციის მარათონი" დაიწყო.

მარათონთან დაკავშირებით საინფორმაციო ვიდეომიმართვას ავრცელებს ამირან გამყრელიძე.

„ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობაა საჭირო, სწორედ ამ მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ მარათონს და გთხოვთ მასში მონაწილეობას. ამ ომში დღეს ყველანი საქართველოს სამსახურში მყოფი რიგითი ჯარისკაცები ვართ, რომლებსაც გვაქვს შესაძლებლობა ავიცრათ ერთმანეთისთვის და გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის „ფეისბუქ" გვერდძე აიტვირთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაციის მარათონში საქართველოს 49 სოფელი და რაიონული ცენტრია ჩართული. პროექტში ჩართვა მოქალაქეებს სოფლებიდანვე შეეძლებათ.

პროგრამის მიზანი ჯამში 150 000 ადამიანის მოცვაა.

„საქართველოს სამსახურში, ჩვენი შვილების, მშობლების, მეგობრებისა და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაცია სწორი და სახელმწიფოებრივი არჩევანია - ამ მთავარი სათქმელით ვაქცინაციის მარათონი იწყება. კამპანია სტარტს 18 ოქტომბერს იღებს და თვის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 50-მდე სოფელში განხორციელდება. 150 ათასამდე „ადამიანს საშუალება ექნება სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღოს, სურვილის შემთხვევაში კი ადგილზე აიცრას.

„ პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

„მარათონში მონაწილეობას მიიღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში მოსახლეობას საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცემათ.

„ჩაერთე მარათონში შენივე სოფლიდან - შენი არჩევანი აიცრა დღეს, ნიშნავს გადაარჩინო შენი და მინიმუმ რამდენიმე ადამიანის სიცოცლხე, იდგე საქართველოს სამსახურში და დაიცვა ქართული სახელმწიფო!

„პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების სააგენტო", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×