თამთა ჩაჩანიძე
14.10.2021

ამ დრომდე დასავლეთის ოფიციალური ინსტიტუტების მხრიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოხმაურებები არ ყოფილა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ცალკეული პირებისგან გარკვეული გზავნილები გაჟღერდა, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" დუმილის რამდენიმე გამომწვევ მიზეზზე საუბრობს.

მისი თქმით, ერთ-ერთი ვერსია შესაძლოა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფორმა იყოს.

„ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა ამისი მიზეზი არის დასავლეთის დამოკიდებულება იმის მიმართ თუ სააკაშვილი საქართველოში რა გზით შემოვიდა. დასავლური ისტებლიშმენტი და იქაური პოლიტიკოსები ძალიან კანონმორჩილი ადამიანები არიან და როცა პოლიტიკოსი, მით უმეტეს ის, რომელსაც საერთაშორისო პოლიტიკოსობაზე და ქვეყნის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, კანონს ის ასე ღიად და გამომწვევად არღვევს, მათ მიაჩნიათ, რომ ეს დასავლური პოლიტიკური საქციელის სტანდარტებში არ ჯდება.

„მეორე მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა სხვადასხვა დონეზე უთხრა, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან ქვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. პრინციპში ასეც მოხდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" დესტაბილიზაციის ახალი ციკლი დაიწყო, დღევანდელი მიტინგი ამის პირველი მერცხალია.

„დასავლეთში სააკაშვილი უკვე იმ კურსით და იმ რაკურსით აღარ განიხილება, როგორც ადრე, როცა მას რეფორმების გმირად მიიჩნევდნენ.დღეს მისდამი ინტერესი განელებულია. შეიძლება არის წრეები, რომლებსაც მისი ძველი დამსახურება ჯერ კიდევ ახსოვთ, მაგრამ ძირითადში მისი პოლიტიკური აქციები დასაცლეთში დაეცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა.

„თუმცა მე არ გამოვრიცხავ იმ ვერსიასაც, რაც ბოლო დღეებში ტრიალებს, რომ დასავლეთს სურს გაიგოს საქართველოში სააკაშვილს რეალურად რა მხარდაჭერა აქვს. თუ დაინახავენ, რომ სახალხო მარდაჭერა მაღალია, შეიძლება რაღაც კორექტივები მოხდეს, რადგან დასავლეთში პოლიტიკოსს აფასებენ იმით, აქვს სახალხო მხარდაჭერა თუ არა.

„საქართველოში არაერთი პროდასავლური ფიგურა გამქრალა არენიდან, რადგან მათ სახალხო მხარდაჭერა ვერ აჩვენეს, მაგალითად იგივე ირაკლი ალასანია. საქართველოს რომ თავი დავანებოთ., ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერი გუაიდო, რომელმაც მიუხედავად დიდი მცდელობისა, ისეთი დონის სახალხო მხარდაჭერის მოპოვება ვერ მოახერხა, რომ ხელისუფლება დაემხო, მალევე დავიწყებას მიეცა, როგორც ლიდერი.

„ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა თქვა, სააკაშვილმა საქართველოში ძლიერი სახალხო მხარდაჭერა ვერ აჩვენაო. ეტყობა იმისი მოლოდინი ჰქონდა, რომ როცა დაიჭირეს იმ დღესვე რუსთავის ციხესთან ასიათასობით ადამიანი მივარდებოდა და მის გათავისუფლებას მოითხოვდა," - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×