ელზა პაპოშვილი
17.11.2020

საპარლამენტო არჩევნებიდან 2 კვირაზე მეტის გასვლის შემდეგ, ხელისუფლება ოპოზიციას დებატებში იწვევს. რა გახდა ამის მიზეზი და ზოგადად, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ასეთ დებატებს? თავად ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ეს მმართველ პარტიაში ერთგვარი პანიკის მაჩვენებელია და „ოცნებას“ სურს ოპოზიციასთან დებატები არჩევნების შედეგების „გასაპრავებლად“ გამოიყენოს. ანალიტიკოსები კი ოპოზიციას ამ გამოწვევის მიღებას ურჩევენ.

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ გამოიწვია, რომელმაც „რუსთავი 2“-ის ეთერში წამოაყენა დებატების გამართვის იდეა თემაზე - „საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები, მანიპულაცია“. მისი მტკიცებით, რიცხვები, სტატისტიკა და კონკრეტული მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი სისტემური მანიპულაცია ამ საარჩევნო პროცესში არ მომხდარა.

„ეს ყველაფრით დასტურდება, თუმცა ისინი, ოპოზიციური პარტიები, გაურბიან ფაქტებს და მუდმივად მანიპულირებენ“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე და „რუსთავი 2“-ს მიმართავს, - „თქვენ პირდაპირ გთავაზობთ ახლა, რომ შევქმნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია იქნება მხილებული“. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტია არჩევნების წინ ყველანაირად თავს იკავებდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დებატებისაგან, ახლა, არჩევნების შემდეგ „ოცნებისგან“ დებატებში გამოწვევა სრულიად გაუგებარია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ კობახიძის შეთავაზებაზე ღიმილის მომგვრელია, თუმცა ამ შეთავაზებას დიდი სიამოვნებით მიიღებს. მაგრამ ჩარკვიანი შიშობს, რომ ამას არა დებატების, არამედ მონოლოგის სახე ექნება, რადგანაც კობახიძე „პროვოკატორია და ასეთ ადამიანთან დებატი უსიამოვნო იქნება“.

„არანაირი პრობლემა არაა კობახიძესთან დავსხდეთ და პირისპირ ვესაუბროთ. უბრალოდ ამას რა შედეგი ექნება, ეგაა. ამდენი ხანია ვიხვეწებით, რომ მოდი დებატებზე დავსხდეთ და არავინ ჯდება. მოვიდეს და იდებატოს, რა პრობლემაა? ჩვენი გუნდი ჩაერთვება ამ დებატში, მაგრამ აუცილებლად ვკითხავ, როცა ადამიანებს დიალოგს სთავაზობს და ამის პარალელურად გამომწვევად იქცევი, ეს რას ნიშნავს. 

„ოპოზიცია 8 წელია დებატებს ვითხოვთ. ყვლა ჟურნალისტი წლებია ამას ცდილობს, რომ პირდაპირ ეთერში ჯანსაღი პოლემიკა გაიმართოს. საზოგადოება უფრო დაინახავს რა პრეტენზიებია ქვს ოპოზიციას და ხელისუფლებას რა პასუხები აქვს. მე მომწონს პირდაპირ ეთერში დებატის ფორმატი, რადგანაც ვერავინ ვერაფერს ვერც გადაჭრის და ვერც შეცვლის. ხალხი რეალურად დაინახავს ვის რა არგუმენტები აქვს და მტყუან მართალი ვინაა“,-ამბობს ჩარკვიანი „რეზონანსთან“. 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მათ პარტიას ასეთ დებატებში მონაწილეობის მიღება არანაირ პრობლემად არ მიაჩნია, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გაივლიან და საბოლოო პასუხს ამის შემდეგ ჩამოაყალიბებენ. მისივე თქმით, ასეთი ფორმატით ხელისუფლებას ოპოზიციასთან არჩევნებამდე უნდა ესაუბრა. 

„როცა ურემი გადაბრუნდა, ახლა იმაზე დებატი, თუ რატომ გადაბრუნდა, ცოტა გაუგებარია. ხელისუფლების მხრიდან ცოტა პანიკა დავინახე და მოუნდათ, რომ საზოგადოებას რაღაცა დაუმტკიცონ. 

„არჩევანი აქვთ - ან არალეგიტიმური პარლამენტი, ან ამ პროცესის გაგრძელება და ახალი არჩევნები. ჩვენ საზოგადოების ინფომირებას და დარწმუნებას იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა, ისედაც ვაკეთებთ. დეტალურად ყველა ეთერში ვყვებით რა და როგორ მოხდა. მე პირადად არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ საბოლოო პასუხისთვის სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები გვჭირდება და შემდგომ გავაჟღერებთ რას გადავწყვეტთ. 

„უბრალოდ, ამის პრაგმატული ნაწილი რა იქნება - „ქართული ოცნება“ გამოვა და იტყვის, რომ აი, გავიმარჯვეთ ამ დებატებში, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი არგუმენტები არ ექნებათ. და რა იქნება მერე, ამის გამო არჩევნების შედეგები შეიცვლება? 

„ოცნების“ მიზანია მორიგი პროპაგანდისტური პიარი გამართონ. პრობლემა ისაა, რომ დებატები მანამდე უნდა იყოს, სანამ არჩვენები იქნება. მაშინ უარი თქვეს და არცერთ დებატში მონაწილეობა არ მიიღეს. პიარველი არჩევნები იყო, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დებატი არ ყოფილა. ახლა პოსტფაქტუმ რომ გვთავაზობს, სასაცილოა, მაგრამ ესეც არაა პრობლემა“, - აცხადებს სერგი კაპანაძე „რეზონანსთან“. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული დებატი მორიგი პოლიტიკური ტრიუკია. მისი აზრით, სწორია და აუცილებელიც კი, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს დებატებში ხვდებოდნენ, მაგრამ არჩევნების წინ ხელისუფლებას ყველასთან და ყველანაირი ფორმატის დებატის შეეშინდა. 

„ეს არის ამომრჩევლისთვის თვალის ახვევის მცდელობა. ამ შეთავაზებას იმ დაბრალების რიგში ჩავაყენებდი, როგორიც იყო დავით გარეჯის, საბურავების ვითომ გადატრიალების, ზურაბ ჟვანიას მკვლეობა და სხვა ათასი ბოდვა. ჩვენი პასუხი უარი არაა, უბრალოდ ეს არის არაფრის მომცემი პოლიტიკური ტრიუკი, რომელიც ახლა ვიღაცამ მოიგონა. 

„თუ იქნება დებატები, მაშინ ყველა ტელევიზიაში უნდა იყოს. არ მგონია, რომ ასეთი დებატები მათ ჭკუაზე მხოლოდ ერთხელ შედგეს. გვთავაზობენ ახალ ფორმატს, თითქოს მდინარაძესთან და კობახიძესთან ერთ ან ორსაათიან ლაპარაკში ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს გაყალბდა თუ არა არჩევნები. არასდროს გავქცეულვართ ამ დებატებს და ჩვენი პოზიციაც გამოქვეყნდება“,-აცახდებს წიკლაური „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციამ ეს შეთავაზება აუცილებლად უნდა მიიღოს და მათ ძალიან კარგი შანსი ეძლევათ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუმტკიცონ, რომ მართლები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამ შეთავაზებას მუდმივად მანიპულირებისთვის გამოიყენებს და იტყვის, რომ ოპოზიცია მართალი არაა და ამ დებატების შეეშინდა. 

„ოპოზიციას კარგი შანსი ექმნება, რომ თავისი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დაარწმუნოს, რომ მართლები არიან. რა თქმა უნდა, ეს დებატები არც არჩევნების შედეგებს შეცვლის და ვერც სამართლებრივად ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს გააუქმებს. თუმცა, თუ ოპოზიცია ამ დებატზე არ წავა, ხელისუფლებას ყოველთვის სათქმელი ექნება, როგორც უბნების გადათვლაზე, ისაუბროს, რომ ოპოზიციამ შეთავაზება არ მიიღო და უკან დაიხია.

„ამას პიარის თვალსაზრისით და პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს. პატარა პარტიებს ეძლევათ შანსი, რომ „ნაციონალების“ ჩრდილიდან გამოვიდნენ და თავის ამომრჩეველს კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ ისინი მართლები არიან. დღეს ეს ბრძოლა მიდის. ბრძოლამ სამართლებრივი ჭრილიდან მედიაში და პოლიტიკურ ჭრილში გადაინაცვლა. ოპოზიციამ ამ ჭრილში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს. მიიტანონ ეს თავისი საჩივრები და ის გადასწორებული ოქმები, თუ მართლა არსებობს. ამაზე კარგი რა იქნება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×