თამთა ჩაჩანიძე
17.11.2020

ოპოზიციის გეგმები თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით უცვლელია - ისინი 18 ნოემბერს მდუმარე აქციას გამართავენ, რომელიც, მათი თქმით, სტრატეგიული პარტნიორისთვის მათგან ერთგვარი გზავნილი იქნება. რამდენად ადეკვატურია მათი გეგმა და მიაღწევენ თუ არა ამ აქციით იმას, რისი მიღწევაც სურთ? ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუკი ოპოზიციის მიზანი მხოლოდ სტუმრის ყურადღბის მიპყრობაა, ამ ფორმით ამ მიზანს მიაღწევენ.

მაიკ პომპეოს ევროპული ტურნე მოიცავს საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, გაერთიანებულ საამიროებს, ყატარსა და საუდის არაბეთს. საქართველოში ვიზიტამდე იგი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც იგი მხოლოდ კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეს შეხვდა. მაიკ პომპეოს არ შეხვედრია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, რის მიზეზადაც ოფიციალურად ერდოღანის გადატვირთული გრაფიკი სახელდება. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში არც პომპეოსა და მისი თურქი კოლეგის, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა შემდგარა.

თურქეთიდან მაიკ პომპეო თბილისს ეწვია. სამშაბათს საღამოს აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

ოთხშაბათს დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

ამ შეხვედრის პარალელურად, ოპოზიციური პარტიები საგანგებო აქციას გამართავენ. მათ დაგეგმილი აქვთ რუსთაველზე ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა და ამით შეეცდებიან პომპეოსთვის იმის დემონსტრირებას, რომ 31 ოქტიმბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

პროტესტის ფორმაზე სასაუბროდ და ბოლო დეტალების შესათანხმებლად სამშაბათს მათ მორიგი შეხვედრა პარტია „ტრიბუნას" ოფისში გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ „სამართლიანობისთვის", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ტრიბუნა", „თავისუფალი საქართველო" და „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი". შეხვედრაზე ოპოზიციის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, მათ შორი ოთშაბათის აქციის ფორმაც.

როგორც „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მის პარტიაში ოპოზიციის გეგმასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა და ამის გამო 18 ნოემბრის აქციაში იგი დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

„ჩემი პარტიის პოზიცია ასეთია - მიჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ აქციებს აზრი არ აქვთ. ამიტომ მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში ჩემი პოზიციოა არავისთან არ უნდა შევათანხმო. გაყალბებული არჩევნები იგივეა, რომ რუსული ჯარი ტანკებით შემოვიდეს. მე მაქვს შეურიგებლური პოზიცია, არც მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდები და ამით არც არავის არ წავახალისებ", - განაცხადა ფოფხაძემ.

შეხვედრაზე პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელიაც იყო, იგი აღნიშნავს, რომ საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, მათ შორის, ხვალინდელი პროტესტის ფორმაზეც ისაუბრეს.

„ცოცხალი ჯაჭვი ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოხატული პროტესტის ფორმაა. ჩვენ ვსაუბრობდით როგორც ხვალინდელ აქციაზე, ისე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - განაცხადა ბესელიამ.

როგორც ანალიტიკოსი ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკითხი წამოსწიეს და ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაც ამას ეხება, შესაძლოა ამას გარკვეული შედეგიც ჰქონდეს.

„ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის მიზანია, რომ ამით საერთაშორისო საზოგადოებისა და მათ შორის შეერთებული შტატების ყურადღება მიიქციოს. პომპეო ვიზიტს თავისი დატვირთვა გააჩნია, მათ შორის გეოპოლიტიკური ხასიათის, რომელიც უკავშირდება, ვთქვათ, ანაკლიის პორტის პროექტს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს.

„ამავე დროს, დიდი ალბათობით, საუბარი ასევე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც იქნება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია როგორც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის", ასევე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კრიტიკული დასკვნები", - განაცხადა ჩიტაძემ.

როგორც საგარეო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს და დიდი ალბათობით, ოპოზიცია აშშ-ის სახელწიფო მდივანის ყურადებას მიიქცევს.

„რამდენად ადეკვატურია ეს გეგმა არ ვიცი, მაგრამ ეს აქცია არა სტუმრის საწინააღმდეგოდ, არამედ უბრალოდ იმიტომ ეწყობა, რომ სტუმრის ყურადღება მიიქციონ. მსოფლიო პრაქტიკაში ასეთი რაღაცეები არსებობს და თუ აქ საუბარია იმაზე, რომ შეხვედრა ვერ ხერხდება და ასე მაინც მიიქციონ ყურადღება, მაშინ ეს გზავნილი მიტანილი იქნება", - განაცხადა ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×