
ოპოზიცია დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და გადაწყვიტა „კომენდანტის საათი“ დაუწესოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები განვითარდეს, თუ კი არცერთი მხარე დათმობას არ აპირებს? აქვს თუ არა ოპოზიციას რევოლუციური სცენარი ჩაფიქრებული და რამდენად აქვს მას ამის რესურსი? ანალიტიკოსები ამ პროცესებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის „ნერვების ომად“ აფასებენ და ოპოზიციას ურჩევენ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ჯერ კიდევ არსებული რესურსი გამოიყენოს.
ოპოზიციას 3 მოთხოვნა აქვს: ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადადგომა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკების დაწყება ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
კვირას თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია ბათუმში გაიმართა და სწორედ ბათუმის აქციაზე გამოცხადდა პირველად, თუ რა გეგმა ჰქონდა ოპოზიციას, თუ ეს მოთხოვნები კვირას საღამოს 8 საათისთვის არ დაკმაყოლდებოდა.
„ჩვენ არ ვემორჩილებით ამ ხელისუფლებას, არ გვაინტერესებს კანონი, გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან და ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ფეხებზე მკიდია კორონა“, - განაცხადა ბათუმის აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯელალ ქიქავამ.
ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ახლა როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მაქსიმაურად ეცდება, რომ „ნერვების ომით“ სიტუაცია დროში გაწელონ. თუმცა, ამით წაგებული ოპოზიცია რჩება, რადგანაც ქვეყანაში არსებული სიტუაცია მას პერმანენტული აქციების გამართვის საშაულებას არ მისცემს, რადგან ჯერ ერთი, რომ მოსახლეობაში რევოლუციური მუხტი არაა; და მეორე - ოპოზიციას დასავლეთისგან მხადაჭერა არა აქვს და ქვეყანაში პანდემიაა. ამიტომაც ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგანაც თუ მოლაპარაკების რესურსი არ დატოვეს, თავადვე დაზარალდებიან.
კვირას თბილისში გამართულ აქციაზე ოპოზიციის სახელით ხელისუფლებას ულტიმატუმი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ წაუყენა.
„საღამოს რვა საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ჟვანია, ქალბატონი გამყალბებელი და თქვენი სახელით, ოპოზიციის წარმომადგენლები მზად ვართ, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე," - განაცხადა მელიამ.
„ქართული ოცნების“ წევრი გაგა კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციურ სპექტრსა და მათ მხარდამჭერებს აქციის ჩატარებისა და ასევე აბსურდული მოთხოვნების წაყენების უფლება აქვთ, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამას სერიოზულად არ უყურებს.
„მათი უფლებაა, რომ კანონის ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მათ მოაწყონ შესაბამისი საპროტესტო აქციები და მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, ახლა ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ.
„მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ისინი თავად გაათვითცნობიერებენ თავისი პოზიციების აბსურდულობას. მაშინ, როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა და კარგად ვიცით, რომ იყო მცდელობები, რომ რაიონებიდან ჩამოეყვანათ ხალხი. მოახერხა მხოლოდ ის, რომ დაახლოებით ალბათ 6 000 ადამიანი არის იქ შეკრებილი. ეს ერთ რამეზე მეტყველებს, პირველი ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერანაირად ვერ იზიარებს იმას, რომ არჩევნები შეიძლებოდა გაყალბებულიყო და მეორეც ის, რომ არავის საქართველოში არ უნდა არეულობა და დესტაბილიზაცია,“ - განაცხადა გაგა კახიანმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კვირას ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება საკმაოდ კარგი მოხადინა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მათ აზრს იზიარებს. მისივე თქმით, სამწუხაროა, როცა ბრძოლა ისევ ქუჩაში გადავიდა, თუმცა პირველ რიგში ეს ორივე მხრიდან ძალების მოსინჯვა იქნება.
ძაბირაძის აზრით, არც ოპოზიციაა ისეთი გულუბრყვილო, დაიჯეროს, რომ პირველივე ულტიმატუმს ხელისუფლება დააკმაყოფილებს და არც ხელისუფლებაა მიამიტი, რომ პირველივე ბრძოლაზე დანებდეს. თუმცა, ძაბირაძე აქ პრობლემას იმაში ხედავს, რომ ოპოზიცია თუკი ფიქრობს, რომ პერმანენტული აქციებით რამეს გახდება, ცდება, რადგან ჯერ ერთი, რომ ორშაბათიდან კომენდატის საათი წესდება და მეორეც, ქვეყანაში კორონავირუსი მძვინვარებს. ამიტომაც სიტუაცია რაც უფრო დროში გაიწელება, ოპოზიციის წაგების შანსი მით უფრო მეტია.
მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება ამ „ნერვების ომს“ გაუძლებს და „რამე სისულელეს არ ჩაიდენს“, მაშინ ეს ბრძოლა ოპოზიციას არაფერს მისცემს. მათ უნდა იფრთხილონ, რადგანაც არც რევოლუციიური სცენარის რესურის აქვთ და არც დასავლეთიდან მხადაჭერა და უნდა ეცადოს, რომ მოლაპარაკების ყველა ხიდი არ ჩატეხოს.
„ხელისუფლება ეცდება, რომ შეცდომები არ დაუშვას და ოპოზიციის მიერ დაგებულ პროვოკაციას არ წამოეგოს. თუკი ხვალ არ დაემორჩილებიან გამოცხადებულ კომენდატის საათს, მაშინ ხელისუფლებამ ლოგიკურად აქცია უნდა დაშალოს. ამიტომაც აქ ახლა ძალების მოსინჯვა მიდის.
„რა თქმა უნდა, არვის სჯერა, რომ ივანიშვილი პირველივე შეტევაზე დანებდება. მითუმეტეს, რომ ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს ვერ განახორციელებს. პირველ რიგში საზოგადოებაში ამის არანაირი მუხტი არ იგრძნობა. მეორე - დასავლეთიდან არ აქვთ მხადაჭერა; მესამე - ოპზიციას არ ჰყავს ლიდერი ან ლიდერები, რომელსაც ხალხი გაყვება. უმეტესობა მათგანი ხელისუფლებაში უკვე ნამყოფია და ხალხს მათ მიმართ აგრესია აქვს. ოპოზიციამ უნდა იფრთხილოს, რადგანაც თუ კი საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, სრულიად განულდებიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ პატარა პარტიების დაშანტაჟებით ცდილობს საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. ამიტომაც რიგგარეშე არჩევნებში ისევ „ოცნება“ და „ნაციონალები“ გავლენ. ეს პატარა პარტიები იმ ხმების ნახევარსაც ვერ აიღებენ, რაც ახლა აიღეს. ოპოზიციას ვურჩევ მოლაპარაკების რესურსი არ ამოწუროს და ისეთ ულტიმატუმებს თავი დაანებოს, რაც ჩიხში არა ივანიშვილს, არამედ მათ შეიყვანს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციის ქმედებებიდან და ულტიმატუმის ენით საუბრიდან ჩანს, რომ მათ არანაირი მოლაპარაკება არ უნდათ და რევოლუციური სცენარისკენ იხრებიან. მას რჩება შთაბეჭდიელბა, რომ ისინი სიტუაციის კიდევ უფრო რადიკალიზებას აპირებენ. ხოლო როცა ოპოზიცია ულტიმატუმის ენაზე საუბარს იწყებს, ანჯაფარიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მას კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
რაც შეეხება მოლაპარკების რესურს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციებზე და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.
„თუ ამ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობა არ ჩაერია, ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიცია სიტუაციის რადიკალიზებას აპირებს. მან საუბარი უკვე ულტიმატუმების ენაზე დაიწყო და სავარაუდოდ, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, რადგანაც კარგად იციან, რომ ხელისუფლება პირველივე მოთხოვნებს ასე ადვილად არ დათანხმდება. ოპოზიციამ იცის, რომ დროში გაწელვა აქციების მუხტს დააგდებს და გარკვეულ პროვოკაციაზე წასვლას შეეცდება.
„თუმცა, 2003 წლის სცენარის განვითარების რესურსი არ აქვთ. უბრალოდ ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგებას შეეცდებიან და ამით დასავლეთს აჩვენებენ, რომ მართლები არიან და ხელისუფლება მშვიდობიან აქციებს არბევს. ასევე ამით ეცდებიან საპროტესტო მუხტი აწიონ. თუმცა დასავლეთის დარწმუნებას თუ ვერ შეძლებენ და თავადაც საბედისწერო შეცდომებს დაუშვებენ, მგონია, რომ ამით ოპოზიცია დაზარალდება და კისერს საბოლოოდ მოიტეხენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიცია არ ეყოლება და ის საზოგადოების თვალში განულდება, ეს ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.