
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოულოდნელ გარდაცვალებას მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებენ. „ქართული ოცნების" ინფორმაციით, მას „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები რეპრესიებით ემუქრებოდნენ. პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე კი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები აძალებდნენ კანონდარღვევით შედგენილ ოქმზე ხელის მოწერას.
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო.
„თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006 წლიდან მუშაობდა; 2008-2016 წლებში საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2018 წლის თებერვლიდან დღემდე კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თედორე გობეჯიშვილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება და გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით.
„საარჩევნო ადმინისტრაცია უსამძიმრებს თედორე გობეჯიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს," - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ხელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გობეჯიშვილზე და სხვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მხრიდან ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით," - განაცხადა ხელაშვილმა.
დავით ჭიჭინაძე, რომელიც სწორედ ისანში იყრიდა კენჭს მაჟორიტარად, ამბობს,რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გვარი არცერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მხრიდან არ გაჟღერებულა და მოთხოვნები მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მისამართით იყო.
„პირველია ის, რომ თუ ვინმეზე ზეწოლა და მოთხოვნა იყო - ეს ჟვანიაა და მეორე - იქ უკვე მეორე დღეა არც პროტესი მიმდინარეობს და არც არაფერი, რეალურად ყველაფერი გადავლილი იყო, დარჩა ხელმოუწერელი საბოლოო ოქმი. ამიტომ კითხვები მანდ არსებობს - რატომ არ მოაწერა ხელი ამდენ ხანს და რატომ არ იყო გადაგზავნილი სასამართლოში?
„ჩვენ როგორი ინფორმაციაც გვაქვს, თვითონ „ქართული ოცნება" აწვებოდა. ყველას გვახსოვს, რომ თავის დროზე ზოგადად ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა საერთოდ დატოვეს, იმიტომ, რომ არცერთ საჩივარს არ იხილავდნენ და არ აკმაყოფილებდნენ, განუხილველად ტოვებდნენ და ეუბნებოდნენ სასამართლოში წადითო.
„იქ ამ ადამიანის გვარი არასოდეს გაჟღერებულა, იყო ჟვანია. მაგ დონემდე არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ დასულა, რომ საოლქო თავმჯდომარის გვარები ხსენებული ყოფილიყო.
„ის, რომ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, ესაა მთელი ქვეყნის ტრაგედია, არჩევნების დროს ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ, არჩევნები ტრაგედიის ტოლფასი არ უნდა იყოს. წააგე? გადადექი, წაბრძანდი", - აცხადებს ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, ისნის ოლქში საბოლოო ოქმი ჯერ კიდევ შედგენილი არაა და მისი ვარაუდით, შესაძლოა „ეს ადამიანი მაგაზე ნერვიულობდა".
„ეტყობა იმ ადამიანმა იცოდა, რომ ხელის მოწერას ისეთ რაღაცაზე სთხოვდნენ, რაც დოკუმენტად დარჩებოდა. გუშინ არც პროტესტი ყოფილა და არც არაფერი, ჩვეულებრივი მსვლელობა იყო და არავინ არავის არ ემუქრებოდა.
„დღეს ოპოზიციის ერთ-ერთ წარმნომადგენელს ვკითხე - რა ხდება მეთქი? მოვიკითხე იყო თუ არა ისნის ოლქში საბოოლოო ოქმი შედგენილი. ოქმი შედგენილი არაა. ხმები გამოვიდა, რომ ოქმზე ხელის მოწერას სთხოვდნენ. ეტყობა ეს ადამიანი მაგაზე ნერვიულობდა", - განაცხადა ჭიჭინაძემ.