
მიხეილ სააკაშვილს ღიად პრო-აზერბაიჯანული განცხადების შემდეგ ერევნის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვა. მაშინ, როცა საქართველო ჩვენი ორი მეზობლისა და მეგობარი ერის კონფლიქტში მაქსიმალურად ცდილობს ნეიტრალობის გამოჩენას, რამდენად სახიფათოა ექსპრეზიდენტის ასეთი მკვეთრი განცხადებები, ამის შესახებ ექსპერტებს შევეკითხეთ, რომელტა მოსაზრებები გაიყო.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის მხირდან მსგავსი შინაარსის განცხადებებმა შესაძლოა საქართველოს პრობლემები შეუქმნას. გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ სააკაშვილი არის კერძო პირი და ნებისმიერი შინაარსის განცხადების გაკეთება შეუძლია.
„სააკაშვილს, როგორც კერძო პირს, შეუძლია ნებისმიერი სახის განცხადებები გააკეთოს, მაგრამ როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდეტს - ადამიანს, რომლის პოლიტიკური შეხედულება შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით საქართველოს მიაწერონ, რასაკვირველია მისი მხრიდან ეს არასწორია. ჩვენ მკაფიოდ გვეკავა ნეიტრალური პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხზე. ამიტომ ასეთმა განცხადებემა შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას," - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
საყვარელიძე ერევნიც უნივერსიტეტის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ ამ წოდებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არც იმსახურებდა.
„წოდებების ჩამორთმევა თავისთავად ძალიან ცუდი პრეცენდენტია. ჩვენ საბჭოთა პერიოდის ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით, როცა პოლიტიკური მოტივებით წოდებებს ჩამორთმევა ხდებოდა. ერთდერთი მე ვერ ვხვდები საერთოდ რატომ მიენიჭა ეს წოდება სააკაშვილს, რადგან ეჭვი მაქვს, რომ არც მაშინ იმსახურებდა საპატიო დოქტორის წოდებას,"- ამბობს საყვარელიძე.
კითხვაზე, ექნება, თუ არა ამ განცხადებას გავლენა, სააკაშვილის წინაასარჩევნო რეიტინგზე, საყვარელიძის თქმით, მას არჩევნებში შანსი ამ განცხადებამდეც არ ჰქონდა.
„სააკაშვილი საერთოდ ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას," - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსთან" გია ხუხაშვილმაც ისაუბრა და თქვა რომ სააკაშვილის განცხადება მისთვის მისაღებია.
„სააკაშვილი არის კერძო პირი, ის არ არის თანამდებობაზე და არ არის ჩართული სახელმწიფოს მმართველობაში. ამიტომ მას სრული უფლება აქვს გამოთქვას თავისი აზრი. ერევანმა მას რომ წოდება ჩამოართვა ეს მათი სუვერენული უფლებაა, სააკაშვილმა თავისი აზრი გამოთქვა და არაფერი ისეთი არ მოხდა.
„ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი არის კერძო პირი, მოქმედს რომ ეთქვა, შეიძლება გამხდარიყო გარკვეული სკანდალის საფუძველი, მაგრამ ყოფილი არ არის მოქმედი. შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკასთან მის გამონათქვამებს არანაირი კავშირი არ აქვს. სიმართლე გითხრათ სააკაშვილის ამ განცხადებას მეც ვეთანხმები, რადგან საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, რითაც დგინდება ტერიტორიული კუთვნილება, ყარაბაღი ნამდვილად აზერბაიჯანის კუთვნილებაა.
„რასაკვირველია ეს საქართველოს მოქმედ მაღალჩინოსანს რომ ეთქვა, არ მოვუწონებდი ამ საქციელს, რადგან ეს დაძაბავდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. თუმცა მე როგორც კერძო პირს, ჩემი აზრი მაქვს, რომ ყარაბაღი არის აზერბაიჯანის კუთხვნილი ტერიტორია და ოკუპირებულია სომხეთის მიერ, ისევე როგორც აფხაზეთია რუსეთის მიერ ოკუპირებული, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთია ოკუპირებული, რაშია განსხვავება?! არაფერში. ჩვენ თუ არ ვიტყვით, რომ ყარაბაღი არის ოკუპირებული, ამით ჩვენ ირიბად ეჭვქვეშ ვაყენებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასაც. ერევანი უბრალოდ გაღიზიანდა და ამის ნიადაგზე ჩამოართვა სააკაშვილს წოდება - სწორედ ამაშია საქმე," - ამბობს გია ხუხაშვილი.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევასთან დაკავშირებით - მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შესახებ ცალმხრივი განცხადებების გამო. ამის შესახებ ხუთშაბას უნივერსიტეტის პრესმდივანმა, გევორგ ემინ-ტერიანმა განაცხადა.
„უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება რომ - მიხეილ სააკაშვილს ჩამოერთვას უნივერსიტეტის დოქტორის საპატიო წოდება," - თქვა მან.
მანამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ყარაბაღი არის აზერბაიჯანის ტერიტორია და ამას არაფერი შეცვლის.