მარიამ ნებულიშვილი
01.09.2020

„მთავარი, რითაც ეს არჩევნები განსხვავდება სხვებისგან, არის ის, რომ მოლოდინები დღეს ნაკლებია", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებს და პროცესებს, რომელიც შესაძლოა უახლოსი ორი თვის განმავლობაში განვითარდეს ქვეყანაში.

ძაბირაძის თქმით, წელს ფიზიკური დაპირისპირებები ნაკლებადაა მოსალოდნელი. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს სიტყვით და კომპრომატებით დაუპირისპირდებიან.

„კომპრომატები ალბათ იქნება და უკვე დაიწყო კიდეც მათი გამოქვეყნება. ასევე, მუდმივად იქნება აქცენტირება არა მარტო კომპრომატებით, არამედ ერთამნეთის ჯიბრით გაკეთებული განცხადებებითაც. საფუძველი რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ველოდები, რომ საკმაოდ დიდი დოზით იქნება შავი პიარი.

„რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებებს, არ ველოდები, რომ ასეთი ინცინდენტები იქნება. არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩანს, რომ პოლიტიკური სპექტრი შინაგანად მშვიდია და გარკვეულწილად შეგუებულია შედეგებს მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღალი განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. რომელ პარტიასაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა იტყვის, რომ პირველ ადგილას გავა მმართველი გუნდი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც" კი ასეთ პასუხს გაგცემთ. ესაა იმის ირიბი აღიარება, რომ „ქართულ ოცნებას" ექნება ხმების იმდენი რაოდენობა, რომ მას პირველს ჰქონდეს მთავრობის ფორმირების უფლება. იქნება ეს კოალიციური თუ არ იქნება - ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ამ აზრს პოლიტიკური სპექტრი უკვე შეგუებულია. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ როდესაც შეგუებული ხარ რაღაცას, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს", - ამბობს ძაბირაძე.

მისივე შეფასებით, ქართული საზოგადოება პოლიიკურად „გაზრდილი" იმ შემთვევაში იქნება, თუ ამ არჩევნებში არც „ნაციონალურ მოძრაობას" და არც „ქართულ ოცნებას" მხარს არ დაუჭერს.

„ქართული საზოგადოება არჩევნებში ხისტი დაპირისპირებით არასდროს არ ერეოდა. ინციდენტები რაც ხდებოდა წინა წლების საარჩევნო პერიოდში იყო პოლიტიკური ჯგუფების მცირე მხარდამჭერთა დაპირისპირება. მძიმე დაპირისპირებები არც 2012-ში ყოფილა, არც 2016-ში. ეს მცირე ინცინდენტები იყო სწორედ პოლიტიკური ჯგუფების აქტივისტების დაპირისპირება და არა საზოგადოების.

„მე ქართულ საზოგადოებას ზრდასრულად ჩავთვლიდი, თუ ის უარს ეტყოდა ორივე პოლიტიკურ ძალას - როგორც „ქართულ ოცნებას", ისე „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი განშტოებებით და არჩევანს გააკეთებდა წვრილ ან შედარებით მსხვილ, მაგრამ მესამე სექტორში მყოფ პოლიტიკურ ძალებზე, რაც უბრალოდ, წარმოაჩენდა იმას, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა კოალიციის გარეშე მთავრობას ვერ შექმნიდა.

„ჩვენი ქვეყნისთვის დღეს კოალიციური ხელისუფლება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუნდაც იგივე დემოკრატიული თვალსაზრისით. დღეს რასაც ვუყურებ და რაც ვთქვი, რომ დიდი ალბათობით „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა, ან რაღაც დიდი ნაბიჯი გადადგა", - თქვა ძაბირაძემ.

მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები წინა წლების არჩევნებისაგან იმითაც განსხვავდება, რომ წელს არჩევნებისგან საზოგადოებას ნაკლები მოლოდინები აქვს. ამის გათვალისწინებით, ძაბირაძის შეფასებთ, 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

„ამ არჩევნებში, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, არ მონაწილეობს ივანიშვილი. რატომ არ მონაწილეობს - ეგ ცალკე თემაა ალბათ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ 2016-ში ივანიშვილი იყო ძალიან აქტიური, შემოიარა თითქმის მთელი საქართველო. გულწრფელად რომ ვთქვა, დღეს „ქართულ ოცნებას" არ სჭირდება, რომ ივანიშვილი ასე აქტიურად ჩაერთოს. მაგრამ არც თვითონ გამოთქვამს ამის სურვილს.

„გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, დღეს საქართველოში არის ორი პოლიტიკური ლიდერი - ესაა სააკაშვილი და ივანიშვილი. სააკაშვილი კი გამოჩნდა ასპარეზზე, მაგრამ საპირწონედ აქეთ ივანიშვილი არ ჩანს.

„ჯერჯერობით მაინც შედარებით მშვიდი საარჩევნო კამპანიაა. თუ ავიღებთ დღევანდელ მოცემულობას და შევადარებთ იგივე 2016 წლის ამ პერიოდს, მღელვარება და მოლოდინები მაშინ არჩევნებისადმი გაცილებით მეტი იყო. დღეს არა მარტო პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგადოებაც შეგუებული ვართ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და „ქართული ოცნება" დიდი ალბათობით დარჩება ხელისუფლებაში, თუ არ ჩავთვლით მიკროფონთან გამოსულ ორატორებს, რომლებიც მთელი რიხით გამოდიან, მაგრამ ამ რიხის უკან საზოგადოების მხარდაჭერა არ დგას. მთავარი რითაც ეს არჩევნები განსხვავდება სხვებისგან არის ის, რომ მოლოდინები დღეს ნაკლებია", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვაი ვაი   (02.09.2020)
ბატონო ძაბირაძე გადაეცით ვისაც საჭიროა რომ ცოტა მეტი ვაშაძის პლაკატები ჩამოხიონ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×