მარიამ ნებულიშვილი
27.08.2020

„ჩემთვის გაუგებარია, რომ წარადგინეს ისევ ძალოვანი სტუქტურებიდან კანდიდატი, მგონია, რომ წამგებიანია", - ასე ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წევრი თაკო ჩარკვიანი „რეზონანსთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისნის მაჟორიტარულ ოლქში ხატია დეკანოიძის კანდიდატის წარდგენას.

ოპოზიციის საერთო შეთანხმებით, „გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატად ისანში გიორგი ვაშაძე იყო დასახელებული. რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ ვაშაძემ შეთანხმება დაარღვია, როცა 27 ივლისს თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი" დაარსა. მათ მიუღებლად მიაჩნიათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და „სტრატეგია აღმაშენებელს" თბილისის ოლქებში ერთი და იმავე რაოდენობის მაჟორიტარობის კანიდატები ჰყავს და ამიტომ გადაწყვიტეს ისნის ოლქში გიორგი ვაშაძისთვის კონკურენტი კანდიდატის დაყენება.

თაკო ჩარკვიანი „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური შეცდომაა და იმედოვნებს, რომ დასავლური ვექტორის ოპოზიციური პარტიები კვლავ საერთო გზაზე ივლიან.

„მე ამას განვიხილავ პოლიტიკური შეცდომის ჭრილში. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ყოფილი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია ქართულ საზიგადოებას, რის გამოც შეიცვალა და მან დატოვა მმართველობა, გახლდათ ძალოვანი და პენიტენციალური სტრუქტურები. აბა, რეფორმების და სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობის დარგში არანაირი პრეტენზია წინა მთავრობასთან მე პირადად არ მქონია, პირიქით მე მივესალმები სააკაშვილის რეფორმებს. ერთადერთი იყო ძალოვანი სტრუქტურების მიმართ პრეტენზიები და ჩემთვის გაუგებარია, რომ წარადგინეს ისევ ძალოვანი სტუქტურებიდან კანდიდატი, მგონია, რომ წამგებიანია. ამიტომაც ვთვლი, რომ პოლიტიკური შეცდომაა. ისედაც პოლიტიკური შეცდომაა ის, რომ დასავლური ვექტორი ასე ხმებს უყოფს ერთმანეთს. მათი საქმეა, დააყენონ, არ არის პრობლემა, მთავარია, რომ საბოლოოდ ოქტომბერში დასავლური ვექტორი კვლავ კოლეგებად და პარტნიორებად დავრჩეთ", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.

მისი შეფასებით, აშკარაა, რომ თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაარღვია საერთო შეთანხმება. ჩარკვიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ საკუთარი ხმებისთვის ზრუნავს.

„ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ თავის ხმებს მიიღებს, არანაირი დამატებითი მხარდაჭერა მათ არ ექნებათ. ჯერ კიდევ როდის გამოაცხადეს, რომ მხოლოდ ორი ხუთი ნომერი იქნებოდა თბილისში. სად იყო მაშინ „სტრატეგია აღმაშენებელი" შექმნილი? ამით მიანიშნეს ვაშაძეს, რომ შენ ხუთიანით არაო.

„რა ხმებიც მიიღო „ნაციონალურმა მოხრაობამ" 2016 წელს ალბათ, იმ ხმებზე აქვთ გათვლილი ისევ საარჩევნო კამპანია. დანარჩენად ჩანს როგორც დალაგდა ყველაფერი. ანაგარიშგაუწევლობა პარტნიორების მიმართ მე პოლიტიკური შეცდომა მგონია.

„ორი ხუთიანის პირობა რომ გატეხა „ნაციონალურმა მოძრაობამ", მაგიტომაც გამოდის მთელი „გაერთიანებული ოპოზიცია" და ამბობს, რომ შეთანხმება „ნაცმოძრაობამ" დაარღვია. დიახ, ასეა, მე არ ვარ ნათელაშვილის ოფისში და არც არასდროს ვყოფილვარ, შესაბამისად, შეთანხმებას ვერ დავარღვევდი. ჩემი კანდიდატურა 2 თვის წინ „კანონმა და სამართალმა" წარადგინა. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, მის მიმართ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაარღვია შეთანხმება", - ამბობს თაკო ჩარკვიანი „რეზონანსთან".

„ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის ოლქში ხატია დეკანოიძის კანდიდატურა 26 აგვისტოს დაასახელა. დეკანოიძე სხვადასხვა დროს რამდენიმე სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა. 2007 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი; 2012 წლის მაისიდან 2012 წლის ივლისამდე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი; 2012 წლის 4 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2015-2016წწ. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი; ამჟამად არის „ნეციონალი მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×