ელზა პაპოშვილი
03.08.2020

23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების ირგვლივ ყოველდღიურად ახალი დეტალები და გარემოებები ჩნდება. უკე 4 დღეა, რაც სამხარეო პოლიციიდან ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას საქმის მასალები გადაეცა. ოჯახი და ადვოკატი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორ მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ და საქმის ობიექტური და სწრაფი გამოძიების პირობა მიიღეს. ოჯახი მაინც ამბობს, რომ მათ უფრო მყარი გარანტიები სჭირდებათ და ამისთვის პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიებას უნდობლობას  გამოუცხადებენ. 

თამარის გარდაცვალებაში კი კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება ჩნდება - აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი არ ეცვა და ეს მისი ავტომობილიდან გადმოსვენების კადრებშიც ჩანს. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ თეთრი ბოტასები ავტომობილში იპოვეს. მამის აზრით, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ გოგონა მოკლეს და მისთვის ფეხსაცმლის ჩაცმა დაავიწყდათ. ასევე საინტერესო გარემოებაა, რომ გოგონას სახლიდან გასვლისას შავი ზედა ეცვა, ხოლო გარდაცვლილს უკვე - თეთრი ტანსაცმელი. 

იყო თუ არა რომელიმე მაღალჩინოსნის  ინტერესში თამარ ბაჩალიაშვილის თავიდან მოშორება? ეს ვერსია ოჯახს მას შემდეგ უჩნდება, რაც საქმის ირგვლივ გამოძიება ნელა და დუნედ მუშაობს. მათ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ გამოძიება მიზანმიმართულად იწელება. 

ის ინფორმაცია და მონაცემები, რომლებიც ბაჩალიაშვილმა თავისი პროფესიიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოიპოვა, არ არის გამორიცხული, დაკავშირებული იყოს ხელისუფლების პირველ პირებთან. ამიტომ  ოჯახი და ადვოკატი ფიქრობს , რომ საქმეში  FBi  უნდა ჩაერთოს. 

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ საფრთხე მასაც ემუქრებოდეს. მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ გამოძიების პროცესში FBI უნდა ჩაერთოს, რადგანაც შესაძლოა, გოგონას ოჯახიც კი საფრთხეში აღმოჩნდეს. 

„აქ მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები კი არა, მთელი სისტემა შეიძლება იყოს ჩართული. მეც კი, გარკვეულწილად, საფრთხეს ვგრძნობ საკუთარი თავის მიმართ. არ გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობაზეც კი არის გარკვეულწილად, რაღაც ფორმით გაფრთხილებები“, - თქვა იურისტმა.  

რაც შეეხება საკალმახე "ადმირალს", რომელიც სოფელ მაწევარიდან გამოსასვლელ ერთ-ერთ გზაზე მდებარეობს და რომლის ვიდეოკამერებსაც გოგონას მოძრაობა უნდა დაეფიქსირებინა,  მის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კამერები უკვე 4 წელია, არ მუშაობს.  ისინი  ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც გარე სათვალთვალო კამერები მწყობრიდან გამოსულია და, შესაბამისად, ფირზე არაფერია აღბეჭდილი.

მათივე მტკიცებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედა კი დარწმუნებულია, რომ საკალმახის სათვალთვალო კამერები მუშაობდა და ჩანაწერები განზრახ წაშალეს. თეონა თამაზაშვილი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიებას უნდობლობას გამოუცხადებს. 

"ყველა მარკეტს აქვს კამერა თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და მით უმეტეს, ასეთი დიდი დონის საკალმახეს არ უნდა ჰქონოდა 4 წელი კამერები? 4 წლის მონაცემები სპეციალურად წაშალეს და ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ხელს აფარებენ რაღაცებს.

რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნას - არც არავინ დამკავშირებია, არც ტელეფონზე, არანაირი კომუნიკაციით, არც პრესცენტრი. არ ვიცი, ალბათ, უბრალოდ იგნორს მიკეთებენ. ალბათ, ჩვეულებრივ მოკვდავთან რატომ უნდა მივიდეს პრემიერ-მინისტრი?! კი ბატონო, მისი გადასაწყვეტია. ბოლო დღეა, ვითხოვ, რომ გამოიჩინოს კეთილი ნება, შემხვდეს, რომ ნდობა გამოვუცხადო, რომ ნამდვილად იქნება ჩემი შვილის საქმე გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალიდან უნდობლობას ვუცხადებ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი კი  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ  თამარის გარდაცვალებიდან ნახევარი თვე გავიდა, ისევ ინფორმაციულ ვაკუუმშია. მისი თქმით, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მხოლოდ იმას დაჰპირდნენ, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ვადებს მაქსიმალურად დააჩქარებენ. მიუხედავად ამისა, მათ მეტი გარანტია სჭირდებათ და ამისთვის გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ. 

„დღეს უკვე ნახევარი თვე შესრულდა თამარის გარდაცვალებიდან. ჯერ ისევ ვაკუუმში ვართ და მხოლოდ ის ვიცით, რომ ის გარდაცვლილია. გახარიასთან შეხვედრა გვინდა იმიტომ, რომ სრულ გაუგებრობაში ვართ და  მისგან დამატებით გარანტია გვჭირდება. გვითხრას, რომ  ყველაფერი ობიექტურად და უმოკლეს დროში გამოძიებული იქნება. 

დახურულ  შეხვედრებზე გამოძიებისგან გვესმის მხოლოდ მწუხარების გაზიარება და ის, რომ ჩვენ გევრდით არიან. ამბობენ, რომ ღონეს არ დაიშურებენ და გამოძიებული იქნება. რაც უფრო დრო გადის,  უფრო დიდ ვაკუუმში ვხვდებით. 

“გვეგონა, რომ თუ ცენტრალური კრიმინალური პოლიცია აიღებდა, ჩვენ  ყოველდღე გარკვეული ინფორმაცია გვექნებოდა, რაზე მუშაობენ და რა მიმართულებით მუშაობენ. ჯერ გვითხრეს, შაბათი-კვირა დაემთხვაო. ახლა ორშაბათია უკვე და ჯერ ისევ არაფერი არ ვიცით. გვითხრეს, ყველა ვერსიას გადავამოწმებთ და რომელ კვალზეც გავალთ, იმ მიმართულებით ვიმუშავებთო. 

“სამწუხარო ის  არის, რომ როდესაც თამარი გარდაცვლილი ნახეს, ოჯახმა  ინფორმაცია მედიით შეიტყო. არ მოხდა ადგილის დათვალიერება. ვიყავით ნათესავები, მაგრამ არ მიგვიშვეს. მხოლოდ მამა მიიყვანეს, რომელიც შოკირებული იყო და  ზუსტად არაფერი ახსოვს. ერთადერთი ხელჩასაჭიდი ისაა, რომ ფეხსაცმელთან დაკავშირებით რამიშვილი უფრო დეტალურ ინფორმაციას გასცემს“, - ამბობს გარდაცვლილის ბიძა. 

მისივე თქმით, გამოძიებამ განუმარტათ, რომ ისინი საქმის გაცნობის პერიოდში არიან  და ყველას თავიდან დაჰკითხავენ და ჩანაწერებსაც თავიდან გამოითხოვენ. ბიძა ამბობს, რომ მათთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ გახარიას შეხვდნენ. მათ ძალიან ბევრი კითხვა აქვთ გამოძიებასთან და ამიტომაც უფრო მეტი გარანტიები სჭირდებათ. 

„ჯერ პრემიერისგან შემოხმიანება არ ყოფილა და ველოდებით. იმედს ვიტოვებთ, რომ ის ჩვენს გულისტკივილს გაიზიარებს და დაგვეხმარება. სამწუხაროდ, მეტი გარანტია გვჭირდება, რადგანაც ამ საქმის ირგვლივ ბევრი უცნაურობაა“, - ამბობს ბაჩალიაშვილის ბიძა.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×