სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    26.10.2017

    რამაზ გახოკიძე

    ყველაფერი, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება, ქიმიაა: მთლიანად სიცოცხლე და თვით სიყვარულიც კი. შეყვარებული ადამიანის ქცევა გენეტიკურად განსაზღვრული თავისებური სტრატეგიაა. სიყვარული წარმოადგენს სიცოცხლის აუცილებელ მექანიზმს, რომელიც კაცობრიობას ეხმარება გადარჩენასა და გამრავლებაში. ჩვენ სიყვარულისთვის ვართ დაპროგრამებული. ადამიანში იმთავითვეა ჩადებული კეთილშობილური, მარადიული მოთხოვნილება ამ უნიკალური გრძნობისა. სიყვარული ჩვენი არსებობის აზრია.

    ენამ თქვა, შევარცხვინე ის სიყვარული, რომელსაც მე ვჭირდებიო. შექსპირი მიიჩნევდა, რომ "ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა - სიტყვებით". თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის აზრით, "ცხოვრება სიყვარულის გარეშე იგივეა, რაც ქარი სარკმლის მიღმა - ვერც იგრძნობ და ვერც ჩაისუნთქავ". მე ვთვლი, რომ სწორედ ამაღლებული გრძნობების გადმოსაცემად არის შექმნილი ხელოვნება, თუმცა "სიყვარული ხელოვნებაზე გაცილებით დიადი, ძლიერი და მაღლა მდგომია... იგი მელოდიაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვესმის" (ოსკარ უაილდი).

    სიყვარულის ფენომენი აინტერესებთ არა მარტო პოეტებსა და რომანტიკოსებს, არამედ ქიმიკოსებსაც. სიყვარული ჰორმონებისა და ნეორომედიატორების საოცარი ქიმიური გარდაქმნა ყოფილა. ძველ ბერძნებს სიყვარულის აღსანიშნავად ოთხი სიტყვა ჰქონდათ: პირველი - დედაშვილური, დაძმური სიყვარული; მეორე - მეგობრული სიყვარული; მესამე - ზოგადად ადამიანების სიყვარული; მეოთხე - ქალისა და მამაკაცის სიყვარული. ჩვენ ყველა ამ სხვადასხვა გრძნობის გამოსახატად ერთი სიტყვა გაგვაჩნია და ამის გამო ხშირად იქმნება გაუგებრობა. სიყვარულის ყველა ეს სახეობა განპირობებულია ბიოორგანულ ნივთიერებათა საოცარი ჰარმონიით. სიყვარული ქიმიური სიმფონიაა, რომელშიც მოლეკულები "ხმაშეწყობილად ასრულებენ" თავიანთ პარტიებს. საკმარისია, ერთ-ერთი მათგანი გამოვიდეს მწყობრიდან, რომ დაირღვევა მათი ბალანსი. წინამდებარე პუბლიკაციაში ვისაუბრებთ რომანტიკული სიყვარულის ქიმიური არსის შესახებ.

    აყველასთვის ცნობილია სიყვარულის სიმპტომები: ამაღლებული განწყობა, ეიფორია, უცნაური ქცევა, საკუთარი ძალ-ღონის რწმენა, რომ მთელი სამყარო შენ გარშემო ტრიალებს. ეს გრძნობა შესანიშნავად გამოხატა შოთა რუსთაველმა: "შორით ბნედა, შორით დაგვა, შორით ალვა". სიყვარული ყველას იმორჩილებს: "სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?" (ალექსანდრე ჭავჭავაძე). სიყვარული ტანჯვასთანაც ასოცირდება. "მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს" (შოთა რუსთაველი). "დიდის გრძნობით... მაღალ გრძნობით თუმც არავის არ ახარებ და წამიერ სიტკბოებას საუკუნოდ წაამწარებ" (აკაკი წერეთელი). შესაძლოა, სულაც არ ხუმრობდა პარადოქსების ცნობილი ოსატატი ოსკარ უაილდი: "მამაკაცი შეიძლება იყოს ბედნიერი ნებისმიერ ქალთან, თუ იგი მასზე არ არის შეყვარებული".

    გამოჩენილი ფილოსოფოსი და ექიმი ავიცენა გამოიძახეს ახალგაზრდა უფლისწულის სამკურნალოდ. უფლისწული თვალსა და ხელს შუა დნებოდა, დაეკარგა ძილი და მადა, ყველაფრისადმი გულგრილი გახდა. ავიცენა მიხვდა, რომ ყმაწვილი უიმედოდ იყო შეყვარებული. მან უფლისწულს ხელი მოჰკიდა მაჯაზე და მასთან ერთად ქალაქის ქუჩებში გაისეირნა. როცა ერთ-ერთ სახლს მიუახლოვდნენ, უფლისწულს მაჯისცემა აუჩქარდა. ავიცენამ მიიყვანა შაჰი ამ სახლთან და უთხრა: აი, აქ ცხოვრობს შენი შვილის სნეულების მიზეზი. თუ გსურს, რომ გამოჯანმრთელდეს, დააქორწინე ისინი.

    არცთუ ისე იშვიათად, თავდაპირველი რომანტიკული გატაცება გადადის უფრო ღრმა გრძნობაში, რომელიც ადამიანებს მთელი სიცოცხლე აკავშირებს, ხშირად კი ასეთ გრძნობაში არ გადადის. ამიტომაც არ ჩქარობენ მართლმადიდებლურ ტაძრებში შეყვარებულთა დაქორწინებას. მათ აძლევენ დროს, რომ მოიფიქრონ, ეს გატაცება წუთიერია თუ სერიოზული გრძნობა, რაც აუცილებელია ოჯახის სიმყარისთვის.

    ჯერ კიდევ გრაფი კალიოსტრო ამაოდ ცდილობდა სიყვარულის ფორმულის გამოყვანას. რა იცოდა, რომ ამ საოცარ მოვლენას საფუძვლად ორგანიზმში მიმდინარე ჩვეულებრივი ქიმიური პროცესები ედო. პირობითად შეიძლება გამოვყოთ სიყვარულის სამი სტადია. პირველი ფაზა - სიყვარულს მოწყურებული ადამიანი იწყებს პარტნიორის ძებნას; მეორე ფაზა - "ყურებამდე შეყვარება." ბიოქიმიის თვალსაზრისით ასეთი რომანტიკული სიყვარული გრძელდება საშუალოდ 12-17 თვე; მესამე ფაზა - მშვიდი სიყვარული ქორწინებაში (რაც აუცილებელია შთამომავლების აღსაზრდელად).

    ჩვენს გრძნობებს მართავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. რომანტიკული სიყვარულის დროს სისხლში იზრდება დოფამინისა და ადრენალინის შემცველობა. დოფამინი, ე.წ. "მიზნის ჰორმონი", იწვევს სრულ კონცენტრაციას სიყვარულის ობიექტის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ურთიერთობის დასაწყისში ყველაზე მეტად ეს ჰორმონი აქტიურდება. ადრენალინი აჩქარებს გულისცემას, აფართოებს გუგებს, ამძაფრებს გრძნობას და ადამიანს საკუთარი ძალების რწმენას ანიჭებს.

    საწყის პერიოდში შეყვარებული ადამიანის ტვინში წარმოიქმნება ფენილეთილამინი, რომელიც პასუხისმგებელია სიყვარულის თანმხლებ მრავალ ფიზიკურ შეგრძნებაზე, ეიფორიის მდგომარეობაზე. მას "სიყვარულის მოლეკულასაც" უწოდებენ. სწორედ ეს ნივთიერება შედის ხენდროსა და მწარე შოკოლადში (600 მგ 100გ შოკოლადში).

    ამავე დროს ადამიანზე მოქმედებს ენდორფინები, ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები, რომლებიც ააქტიურებს იმუნურ სისტემას. სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ ავადდებიან შეყვარებულები იშვიათად. სექსუალური კონტაქტის დროს სწრაფად გამოიყოფა ენდორფინი, ანუ "სიამოვნების ჰორმონი". რაც უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა იგი სისხლში, მით უფრო იზრდება ურთიერთსიყვარულის გრძნობა. სწორედ ამ პერიოდში შეყვარებულები ბედნიერებისგან "მეშვიდე ცაზე" იმყოფებიან და "დაფრინავენ ღრუბლებში". ენდორფინების დონეს ზრდის ცილებით მდიდარი ცხოველური პროდუქტები: ინდაური, წიწილა, საქონლის ხორცი, კვერცხი, ყველი. მათში შემავალი ამინმჟავებისგან წარმოიქმნება ენდორფინები. ტრიპტოფანს დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ოსპი, ლობიო, ქამა სოკო, ხეთამხალი და მრავალი ხილი (ბანანი, ფინიკი, ლეღვი, ქლიავი).

    სეროტონინი ანუ "ბედნიერების ჰორმონი" სიყვარულის მთავარი "მამოძრავებელია", რომელსაც გამოიმუშავებს ადამიანის თავის ტვინი და ნერვული სისტემა. იგი თითოეულ ჩვენგანს ეხმარება, იყოს ხალისიანი, ენერგიული, ბედნიერი. მისი საშუალებით აღიქვამს ადამიანი სიზმრებს. სეროტონინი ნარკოტიკია, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება ორგანიზმში და ადვილად განიცდის ტრანსფორმაციას დექსტროლიზერგინის მჟავას დიეთილამიდად, რაც ხელს უწყობს ლოგიკურ აზროვნებასთან შედარებით ხატოვანი აზროვნების უპირატეს განვითარებას. ორგანიზმში სეროტონინის დაბალი დონის სიმპტომებია: უმიზეზო ხანგრძლივი დეპრესია, ზედმეტი იმპულსირება, ყურადღების კონცენტრტაციის დარღვევა, დაბნეულობა, სუიციდისადმი მიდრეკილება, ტკბილეულის მოთხოვნილება, უძილობა. სეროტონინის გამომუშავებას ხელს უწყობს მზის სხივები, ფინიკი, ბანანი, ლეღვი, ყველი, ხაჭო, პარკოსნები, სოკო, ფეტვი, ბურღული, წიწიბურა, პომიდორი, შოკოლადი.

    სეროტონინის შემცველობა მეტი აქვთ სიცოცხლის მოყვარულ ადამიანებს, ვიდრე პესიმისტებს. ამ ჰორმონის ნორმის შესანარჩუნებლად საკმარისია ერთი ფილა შოკოლადის მიღება. სეროტონინის გამომუშავებას აქვეითებს: ალკოჰოლი, კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელები. ისინი თავდაპირველად ამაღლებენ განწყობილებას და ენერგეტიკას, შემდეგ კი თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ყოველ მიღებაზე სულ უფრო და უფრო მეტი დოზაა საჭირო და ადამიანი მათზე დამოკიდებული ხდება.

    სასიყვარულო ემოციები ძლიერი ფსიქიკური აშლილობის მსგავსია. ამიტომაც გამოაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიყვარული ფსიქიკურ დაავადებად. ტყუილად კი არ ამბობენ შეყვარებულთა შესახებ, "სიყვარულმა ჭკუიდან შეშალაო". შეყვარებული ადამიანის ორგანიზმი ვეღარ გამოიმუშავებს სპეციალურ პროტეინს, რომელიც ხელს უწყობს სეროტონინს, რომ უზრუნველყოს ნერვულ უჯრედებში ინფორმაციათა ცვლა. ასეთი ცვლის გარეშე ნერვული უჯრედები გამართული "ორკესტრივით" ვერ იმუშავებს და თითოეული მათგანი შეუთანხმებლად იმოქმედებს. თავის ტვინის საკვანძო უბნებს შორის ინფორმაციული მიმოცვლის დაქვეითება იწვევს მის დისფუნქციას, ნორმალური მუშაობის დარღვევას. დამუშავებულია მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია სიყვარულის "რაოდენობისა და ხარისხის გაზომვა". ამისთვის სისხლის ერთი წვეთია საკმარისი. თუ მასში პროტეინის ნაკლებობა აღმოჩნდება, თქვენ შეყვარებული ხართ.

    შემდგომში, როცა გატაცება წყნარი სიყვარულით იცვლება, გამოყოფას იწყებს ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი - ჰორმონები, რომლებიც პასუხისმგებელია სიყვარულზე, ოჯახურ მყუდროებაზე, დედობრივ გრძნობაზე, შთამომავლობის გაგრძელებასა და ლაქტაციაზე. ოქსიტოცინი, რომელსაც "ბედნიერი წყვილების ჰორმონსაც" უწოდებენ, გამომუშავდება, როდესაც სიყვარული კარგავს "ვნებას" და ურთიერთობა მუდმივ ფაზაში გადადის. ქალებში ეს ჰორმონი უფრო ნელა გამოიყოფა, ვიდრე მამაკაცებში და მონაწილეობს ორგაზმის შეგრძნებაში. ოქსიტოცინი იწვევს დედა-შვილს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებას ადრეულ სტადიაზე. გარდა ამისა, იგი დაბლა სწევს სტრესული ჰორმონის კორტიზოლის დონეს მეუღლეებში, რაც ჩხუბის დროს ხელს უწყობს მათ სწრაფ შერიგებას.

    ასევე მნიშვნელოვანი ჰორმონია ვაზოპრესინი, რომელსაც "მამაკაცის ერთგულების ჰორმონსაც" უწოდებენ. იგი პირდაპირ გავლენას ახდენს ერექციაზე. თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ მამრებში ვაზოპრესინის რაოდენობის შემცირებით სუსტდება მდედრებთან დაწყვილების უნარი. ისინი წყვეტენ მდედრებზე მზრუნველობას და გულგრილნი ხდებიან მათ მიმართ.

    მამაკაცებში ერექციის გამოწვევაც ქიმიის გარეშე არ ხდება. ამ პროცესში მონაწილეობს აზოტის ოქსიდი. სექსუალური სტიმულის საპასუხოდ ნერვული დაბოლოებისა და კავერნოზული სხეულების ენდოთელიური უჯრედებისგან გამოიყოფა აზოტის ოქსიდი. იგი ასტიმულირებს გუანილაცეტციკლაზას - ფერმენტს, რომელიც წარმოადგენს გუანოზინტრიფოსფატის გუანოზინმონოფოსფატად გარდაქმნის კატალიზატორს. ამ უკანასკნელის დონის ამაღლება იწვევს კალციუმის იონების უჯრედებში გადანაწილებას, რაც თავის მხრივ, ადუნებს კავერნოზული სხეულების გლუვ კუნთებს, აძლიერებს სასქესო ორგანოებში სისხლის მიმოქცევას და იწვევს ერექციას. ცნობილი სამკურნალო პრეპარატი "ვიაგრა", ისევე როგორც ამინმჟავა არგინინი, დაჟანგვით გამოყოფს აზოტის ოქსიდს.

    სექსუალური ლტოლვა გამოწვეულია სასქესო ჰორმონებით - ტესტოსტერონით (მამაკაცის ჰორმონი) და ესტროგენით (ქალის ჰორმონი), რომელთაც სხვადასხვა პროპორციით შეიცავენ ქალები და მამაკაცები. ყოველ ქალში ცოტა მამაკაცია და ყოველ მამაკაცში - ცოტა ქალი. მამაკაცის ორგანიზმი ყოველდღიურად აწარმოებს 6-8 მილიგრამ ტესტოსტერონს, ხოლო ქალის ორგანიზმი - 0,5 მილიგრამს. ქალის ორგანიზმში, ძლიერი სქესისგან განსხვავებით, დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ესტროგენი. მისი ნაკლებობა ქალში იწვევს სექსუალურ სიცივეს. ესტროგენს ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება, ამიტომ მას აძლევენ აგრესიულ მამაკაცებს ციხეებში მრისხანების ასაცილებლად. ქალი თუ ფხუკიანი და უკმეხია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სისხლში ესტროგენის დაბალი დონე გააჩნია. ამით აიხსნება ქალის ხასიათის მუდმივი ცვალებადობა და გულფიცხობა. ესტროგენის საშუალო დონის შემთხვევაში შეიმჩნევა გაწონასწორებული ხასიათი.

    ტესტოსტერონი ავითარებს კუნთებს, ამცირებს ცხიმის რაოდენობას. ტესტოსტერონის შემცველობა სისხლში ყოველთვის ნორმაში უნდა იყოს, რადგან მისი ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს განწყობაზე და იწვევს აგრესიას. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე სწრაფად იზრდება. მისი წყალობით მამაკაცებს ეზრდებათ წვერი და უბოხდებათ ხმა.

    ტესტოსტერონის გამომუშავებას ხელს უწყობს თუთია, რომელსაც შეიცავს ხამანწკა და ზღვის სხვა პროდუქტები. თუთიით მდიდარია აგრეთვე ყავისფერი ბრინჯი, მწვანე ფერის ბოსტნეული. ტესტოსტერონსა და მის წინამორბედებს დიდი რაოდენობით შეიცავს მეფუტკრეობის პროდუქტები - ფუტკრის რძე და მტვერი. თაფლი შეიცავს ბორს, რომელიც ხელს უწყობს ტესტოსტერონის გამომუშავებას და ამცირებს ქალის ჰორმონის - ესტროგენის დონეს. ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად რეკომენდებულია საქონლის ხორცი და ფრინველი, რომლებიც შეიცავს ჰორმონის სინთეზისთვის საჭირო ამინმჟავებს.

    სიყვარულის ქიმიაში არანაკლებ როლს თამაშობს სუნიც. ყოველ ადამიანს საკუთარი სურნელი გააჩნია, რომელიც გენებით განისაზღვრება, ისევე როგორც კანის ტიპი, თმის ფერი, ტემპერამენტი. ცხვირს შეუძლია ნივთიერებების უსწრაფესად "ამოცნობა" ისეთი უმნიშვნელო რაოდენობით, რომლის აღმოჩენა ყველაზე მგრძნობიარე ლაბორატორიულ აპარატსაც არ შეუძლია. ახალშობილები, რომელთაც არც ესმით და ვერც ხედავენ, ღვიძლ დედას ძიძისგან სუნით ანსხვავებენ. სუნს სპეციალური ჯირკვლები გამოყოფს, რომლებიც მოთავსებულია იღლიის ქვეშ, ძუძუების ირგვლივ, თავზე, თვალების არეში და საზარდულში. ქალებზე ამგზნებად მოქმედებს ნუშის სუნი. აღმოჩნდა, რომ ქალებს მოსწონთ იმ მამაკაცთა სუნი, რომელთა დნმ მაქსიმლურად განსხვავდება საკუთარი გენებისგან და პირიქით. მამაკაცის ოფლი შეიცავს ჰორმონ ანდროსტერონს, რომელიც ზრდის ქალების ლიბიდოს და აუმჯობესებს მათ განწყობას. ქალების შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები გამოყოფს განსაკუთრებულ ჰორმონულ ნივთიერებებს - ეკზალტიდებს, რომლებიც მამაკაცებზე აღმგზნებად მოქმედებს. დღეს ამ ნივთიერებებს ხელოვნურად იღებენ და მათ სუნამოებს უმატებენ. სექსუალურ მიმზიდველობაზე ასევე მოქმედებს ხმის ტემბრი.

    სიყვარული "ნარკოტიკული დამოკიდებულებაა". ორგანიზმი თანდათანობით ეგუება "სიყვარულის მოლეკულებს". ნერვული ცენტრების ასაგზნებად და სიყვარულის გრძნობის შესანარჩუნებლად მათი სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობაა საჭირო. 3-4 წლის შემდეგ კი ამ მოლეკულათა - "სასიყვარულო დოპინგის" საკმაო რაოდენობით გამომუშავება წყდება. სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ერთობლივი ცხოვრების მეოთხე-მეხუთე წელს მრავალი წყვილი იშლება. მაშ, გამოდის, რომ სიყვარულს ვარგისობის ვადა ჰქონია და იგი რამდენიმე წელიწადში დასრულდება? თუმცა შეყვარებულებს რომანტიკული მდგომარეობის შენარჩუნება საკმაოდ ხანგრძლივად შეუძლიათ თავიანთ ურთიერთობებში მრავალფეროვნების შეტანით. რომანტიკული სიყვარულის შესანარჩუნებლად საჭიროა ბავშვის გაჩენა. ცნობილია, რომ წყვილს თუ შეეძინება მეორე შვილი პირველიდან სამი წლის შემდეგ, მაშინ მათი კავშირი, როგორც მინიმუმი, კიდევ 4 წელი გაგრძელდება.

    თანამედროვე გამოკვლევებით, ზემოთ ნახსენები შეხედულება, თითქოს სიყვარული ქრება, არ დადასტურდა. ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ოც წელზე მეტ ხანს ქორწინებაში მყოფი მეუღლეებისა და ახალდაქორწინებულთა ტვინი. აღმოჩნდა, რომ დოფამინის დონე, რომელიც გამომუშავდება სიყვარულის აპოგეოზში, თანაბარია როგორც ახალ შეყვარებულებში, ისე "ძველ" წყვილებში.

    დაბოლოს, მარადიულობასთან თანაზიარ გალაკტიონს შეეძლო, ეთქვა: "უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ".

    სიყვარული კაცობრიობის არსებობის საფუძველია. გვიყვარდეს ერთმანეთი და ირგვლივ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება!

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter