სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    08.05.2017

    ზურაბ ჯიბღაშვილი, იურისტი
    საქართველოს პრეზიდენტის სტატუსისა და შესაბამისი უფლებამოსილების განმსაზღვრელ ნორმებთან ერთად, ახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის საკითხიც წარმოადგინა. საზოგადოდ, მმართველობის სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესს შორის კავშირი არსებითია. ამასთან დაკავშირებით ორი ძირითადი თვალთახედვაა გამოკვეთილი: პირველი - პრეზიდენტის უფლებამოსილების და, შესაბამისად, მმართველობის სისტემის საზომად განიხილება მისი არჩევის წესი; მეორე - არჩევის წესი განისაზღვრება მმართველობის სისტემაში მისი როლისა და უფლებამოსილების პროპორციულად. თუმცა, უდავოა, პრეზიდენტის არჩევის წესი ნამდვილად მისსავე უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით პროპორციულად და შესატყვისად უნდა იქნეს განხილული, რადგანაც ვთვლით, რომ არჩევის წესი ზუსტად უფლებამოსილების განაწილებით მიღებული მმართველობის სისტემიდან წარმოქმნილი ნიშანია და არა თავად განმსაზღვრელი.
    ძირითადად წმინდა საპარლამენტო სისტემებში, სადაც ხელისუფლების განშტოებათა შორის უფლებამოსილებათა სადემარკაციო ხაზები მქრქალია, სუსტია პრეზიდენტის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხიც. შესაბამისად, მკვეთრად დავიწროებულია საკუთრივ პრეზიდენტის უფლებამოსილების არეალი.
    ამგვარ მოცემულობაში პრეზიდენტი, ცხადია, თავად პარლამენტის ან მისი დომინანტური მდგომარეობით შექმნილი ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ აირჩევა. არჩევის ეს წესი განაპირობებს პრეზიდენტის მჭიდრო კავშირს საკანონმდებლო ორგანოსთან და ზედმიწევნით ზუსტად ასახავს პრეზიდენტის ლიმიტირებულ უფლებამოსილებას სახელმწიფო ხელისუფლების განშტოებებთან ურთიერთობაში. ეს მდგომარეობა კი ობიექტურად არ მოითხოვს პირდაპირი და საყოველთაო არჩევნებით ლეგიტიმაციას.
    თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტიპის შერეულ რესპუბლიკაში მკვეთრად იცვლება პრეზიდენტის ფუნქციური დატვირთვა, ვფიქრობთ, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი საპარლამენტო და მისკენ მკვეთრად მიდრეკილ შერეულ სისტემებში მაინც ყოველთვის არ არის საუკეთესო არჩევანი.
    ამავდროულად, პრეზიდენტის არჩევის წესის გადაწყვეტა მხოლოდ სამართლებრივი პროცედურების განსაზღვრით არ ხდება და ის ობიექტურად მოითხოვს ქვეყნისათვის აქტიური პოლიტიკური ფაქტორების ასახვას. სამართლებრივი პროცედურები კი მექანიზმია ამ არჩევის წესის სამართლიანად რეგულირებისათვის.
    ამ თვალსაზრისით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელ სამართლებრივ-პოლიტიკურ მოცემულობაში არის რამდენიმე მგრძნობიარე ფაქტორი, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და, შესაბამისად, საზოგადოების ერთიანობის ხელყოფა, რისი კვალიც უდავოდ უნდა აისახოს პრეზიდენტის არჩევის დროებითი წესის განსაზღვრაზე.
    დასასრული
    საზოგადოების ერთიანობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და პარლამენტის ორპალატიან სისტემაზე გადასვლამდე პრეზიდენტის მანდატის წარმომადგენლობითობის უწყვეტობისათვის, აუცილებელია, შენარჩუნებული იქნეს მისი პირდაპირი არჩევის წესი, რადგანაც პრეზიდენტის ერთპალატიანი პარლამენტის მიერ არჩევა დანაწევრებულ საზოგადოებასა და გაყოფილ სახელმწიფოში ვერ უზრუნველყოფს მის სრულფასოვან წარმომადგენლობითობას.
    თუნდაც მხოლოდ დევნილთა საარჩევნო ხმები გამოყოფილად, განსაკუთრებული წესით არ აისახება და, შესაბამისად, ცალკე გავლენას ვერ ჰპოვებს საპრეზიდენტო არჩევნების საერთო ეროვნულ შედეგებზე. ეს კი ვერ შეავსებს მისი წამომადგენლობითობის გენეზისში არსებულ სიცარიელეს. ამ პირობებში, ცხადია, პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ბუნება ვერ იქნება სათანადოდ ნასაზრდოები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოების საერთო-სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციას.
    პრეზიდენტის პირდაპირი წესის შეცვლა პარლამენტის მიერ (თუნდაც სხვა ხმოსნების თანამონაწილეობით) არჩევით არარაციონალურად მიგვაჩნია ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში. ერთპალატიანი საპარლამენტო მმართველობა თავისთავად ერთი პარტიის დომინაციის ხელშემწყობია.
    საყოველთაო და პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის ერთპალატიან პარლამენტში გადანაცვლება, ერთი მხრივ, იქნება სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენლობითობის ხარისხის მკვეთრი დადაბლება, რაც ხელს არ შეუწყობს პრეზიდენტის საზოგადოებრივი ავტორიტეტის ზრდას და მის ეფექტიან გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე; მეორე მხრივ კი, მოსპობს სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში არსებული საპრეზიდენტო შემაკავებელი ზემოქმედების ეფექტის შესაძლებლობას.
    ახალგაზრდა დემოკრატიებში, სადაც პარტიული სისტემები არამყარია, მმართველი პარტიის დომინაციაზე მძაფრად აისახა ერთპალატიანი პარლამენტის როლიც. ეს გამოვლინდა როგორც სლოვაკეთში 1993-1998 წ.წ. პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ მეჩიარის ავტორიტარული მმართველობის პერიოდში, ისე ალბანეთში.
    ცხადია, რომ ერთპალატიან სისტემაში მმართველი პარტიის დომინანტურ მდგომარეობას ამძაფრებს არამყარი პარტიული სისტემაც, როდესაც სუსტდება ოპოზიციური სპექტრი. ქართული საპარლამენტო ტრადიციის მიხედვით, გამარჯვებული მართლაც "ყველაფერს" იგებს და ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას. პარტიული სისტემის დაუხვეწაობის გამო არ არსებობს ურთიერთმონაცვლეობითი პარტიული მმართველობის ტრადიცია, მათ შორის, რიგ სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ საკითხებზე, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის გადაწყვეტილებათა ურთიერთშეთანხმებით მიღების ტრადიცია.
    ასეთ სისტემაში პრეზიდენტის არჩევნები ვერ იქნება პოლიტიკური ძალების კონსენსუსის ნაყოფი, რაც ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციობაში შეამცირებს მნიშვნელოვან კომპონენტს - პრეზიდენტის არბიტრაჟის ეფექტიანობას. არადა, სწორედ პერზიდენტის საარბიტრაჟო საქმიანობამ უნდა წარმოშვას მმართველი პოლიტიკური ძალის შემაკავებელი ფაქტორების ეფექტიანობა. ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში კი სუსტდება შეკავებისა და გაწონასწორების სხვა პოლიტიკური მექანიზმები და ღინისძიებები და საამისო ერთადერთ ინსტრუმენტად ზუსტად პრეზიდენტის საარბიტრაჟო შესაძლებლობებიღა რჩება. პრეზიდენტის საარბიტრაჟო ფუნქციის ეფექტიანობა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამყარ პარტიულ სისტემებში და პარტიული საპარლამენტო მმართველობის ტრადიციის არქონის პირობებში.
    სწორედ ამ გარემოებაში მმართველობის სისტემის სიცოცხლისუნარიანობისათვის პრეზიდენტის ინსტიტუციურად ობიექტური და ინდივიდუალურად სუბიექტური ავტორიტეტი შეიძლება არსებითი აღმოჩნდეს. ამ ფონზე, ლეგიტიმაციის წარმოშობა მყარი უმრავლესობის ერთპალატიანი პარლამენტის ნებაზე კი ასუსტებს როგორც საერთო პოლიტიკურ, ასევე პრეზიდენტის საარბიტრაჟო შემაკავებელ შესაძლებლობებსა და რესურსს; პრეზიდენტს უუნაროს ხდის, იქონიოს გარკვეული ზემოქმედება ერთპალატიან პარლამენტში დომინანტი მმართველი პარტიის პოლიტიკურ და მის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის შესაძლო ავტორიტარულ მმართველობაზეც კი.
    ერთპალატიანი პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის საარბიტრაჟო ფუნქციის პრაქტიკული ნიველირების საფრთხე განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩნდება პრეზიდენტობის პირველი ვადისას, როდესაც იგი იძულებულია, ან მმართველი უმრავლეობის (მით უფრო, თუ საქმე გვაქვს არა კოალიციურ, არამედ ერთი პარტიის მყარ საპარლამენტო მმართველობასთან) პოლიტიკურ "ტყვედ" გადაიქცეს, ან მის წინაშე პოლიტიკურ "ურჩობაზე" სამომავლო პასუხისმგებლობისათვის განეწყოს.
    სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევასთან გვქონდა საქმე ალბანეთში. ზუსტად ამ თვალსაზრისით, მართლაც განსაკუთრებულად გამოვლინდა ერთპალატიან სისტემაში პრეზიდენტის საპარლამენტო წესით არჩევაზე მმართველი პარტიის დომინაციის ნეგატიური როლი. რეჯეფ მეიდანი (1997-2002) პირველი ვადის შემდეგ მისავე ამრჩევმა საპარლამენტო კოალიციამ, ალბანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერობით, 2002 წელს მეორე ვადით აღარ აირჩია და მის კანდიდატურას უკვე ალფრედ მოისიუ არჩია (სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა შიდა პარტიული გადაჯგუფებაც, რამაც პრეზიდენტის არჩევნების თვის - ივლისის ბოლოს პრემიერ-მინისტრის ცვლილებაც განაპირობა.
    ამ შიდა პარტიულმა გადაჯგუფებამაც, რა თქმა უნდა, არსებითი როლი ითამაშა პარტიის საპრეზიდენტო არჩევანზე. იგივე განმეორდა 2007 წლისათვის ალბანეთის დემოკრატიული პარტიის რჩეულ (თუმც თავად უპარტიო) ბამირ ტოპისთან მიმართებითაც, როდესაც 2012 წელს, კვლავ ალბანეთის დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის პირობებში, პრეზიდენტად უკვე აირჩა არა კვლავ ტოპი, არამედ ამავე პარტიის სხვა წარმომადგენელი - ბუჯარ ნიშანი. ლატვიაშიც მემარცხენე და ლიბერალების კოალიციის მიერ მეორე ვადისათვის უარყოფილ იქნა მანამდე, 2011 წელს, მისივე რჩეული ანდრის ბერზინსი და აირჩა დღეისათვის მოქმედი პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი.
    პრეზიდენტის არჩევის წესის უმთავრეს განმსაზღვრელად მხოლოდ მმართველობის სისტემის გამოყენება მოძველებური საზომია. თანამედროვე დემოკრატიებში, უნიტარულ სახელმწიფოებში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ნაკლები მიმღებლობაა, რაც ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში კიდევ უფრო თვალში საცემია. უნიტარულ ერთპალატიან სახელმწიფოებში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გამონაკლისები თანამედროვე დემოკრატიებში იშვიათობაა, ესენია: ალბანეთი, ისრაელი, ლატვია, მოლდოვა, უნგრეთი და ესტონეთი თავისებური ვარიაციით.
    უნიტარული ერთპალატიანი რესპუბლიკები სწორედ იმიტომ არიდებენ თავს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებს, რომ ერთპალატიანობის ნაკლოვანებები - მმართველი პარტიის დომინაციის შესაძლებლობა, უკიდურესობამდე არ განვითარდეს; პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობა იყოს ამ ნაკლოვანებების პრევენცია - მმართველი პარტიის დომინაციაზე რეაგირების ინსტრუმენტი.
    ასეთი მაგალითები არა მარტო ნახევრად საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო და მკვეთრად მისკენ მიდრეკილ მოდელებში საკმარისია: ავსტრია, ბულგარეთი, ისლანდია, ლიტვა, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია.
    საპარლამენტო მმართველობისა და უნიტარული წყობილების გამო საპირისპირო მაგალითად იტალიის დასახელება ვერ იქნება წარმატებული მაგალითი, რადგანაც ის, პრაქტიკულად, ფედერაციის ზღვარს მიღწეული - მკვეთრად დეცენტრალიზებული სამდონიანი თვითმმართველობის სისტემაა. სწორედ ამიტომ მისი ოლქები წარმატებით მონაწილეობენ არა მარტო პარლამენტის ზედა პალატის, არამედ საერთოდ სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოთა ფორმირებაში. ორპალატიანობის მიუხედავად კი, სწორედ უნიტარული მოწყობის პირობებში, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნებს ამჯობინებს ირლანდიაც.
    აღნიშნული რისკების სწორი ევროპული შეფასებების გათვალისწინებითაც, საქართველოში მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისა და საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენის შემდეგ გვესახება შესაძლებლად პარლამენტის ორპალატიან სისტემაში პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარისხის უზრუნველყოფით მისი არჩევის პირდაპირი წესის კლასიკური მრავალსაფეხურიანი წესით შეცვლა.
    პირდაპირი არჩევნების ერთადერთ და, უფრო მეტიც, აუცილებლად სასურველ ალტერნატივად მხოლოდ ერთიან საზოგადოებაში, ორპალატიანი პარლამენტის პირობებში კლასიკური მრავალსაფეხურიანი არჩევნები (როდესაც ორივე პალატას ემატება ადგილობრივი/რეგიონული ნიშნით არჩეული იმავე რაოდენობის ხმოსნები) მიგვაჩნია.
    ვთვლით, რომ არასიმბოლური პრეზიდენტის სტატუსის შესატყვისი არჩევის წესი (მით უფრო ქვეყნის საზოგადოებრივი და ტერიტორიული ერთიანობისა და მთლიანობის აღდგენის შემდეგ ამომრჩევთა კოლეგიაში წარმომადგენლობათა უდავოდ ასიმეტრიული განაწილებით), რომელშიც შესაძლებელი იქნება მის მიმართ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის მაღალი ხარისხის ხელშემწყობი წარმომადგენლობითი მანდატის ადეკვატური უზრუნველყოფა, არის სწორედ ორპალატიან პარლამენტში მრავალსაფეხურიანი არჩევნები.
    საზოგადოების ერთიანობისა და სახელმწიფოს ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფა, არამყარი პარტიული სისტემა და, შესაბამისად, პარტიული საპარლამენტო მმართველობის ტრადიციების არქონა, ერთპალატიანი საპარლამენტო მმართველობა ის მინიმალური წინარე პირობებია, რომელთა არსებითად შეცვლამდე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებამ, შესაძლოა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის სისტემაში სერიოზული დისბალანსი შექმნას და შესაბამისი უარყოფითი შედეგებიც გამოიწვიოს.
    ამასთან მიმართებით ასევე არსებითია ტერიტორიული თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზაციის საკითხიც. აღნიშნულ გარემოებაში ობიექტურად მაქსიმალურად გაიზრდება პოლიტიკური მორჩილებით უზრუნველყოფილი პრეზიდენტის ინსტიტუციონალიზაციის რისკი. სუბიექტურად კი ასეთი პრეზიდენტის მიერ ქმედითი არბიტრაჟის განხორციელების ყოველი მცდელობა კიდევ უფრო გაამწვავებს მონოლითური საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ პოლიტიკური პროცესებიდან მისი გარიყვის მისწრაფებას.
    ამასთან, ყოველი კონსტიტუციური პროცედურა კონსტიტუციით დეკლარირებული უზენაესი პოლიტიკური მიზნის მისაღწევი საშუალებაა და ეს არსენალი არ უნდა გავხარჯოთ მოკლევადიანი პოლიტიკური ზრახვების და არა სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
    რაც შეეხება საბოლოოდ, შორსმიმავალი ხედვით ამ საკითხის გადაწყვეტას, ვფიქრობთ, ეს ისევ და ისევ უნდა დავუკავშიროთ საქართველოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთიანობისა და მთლიანობის აღდგენას, როდესაც საზოგადოების დაბრუნებული ნაწილის (აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ო-ის მოსახლეობის) პოზიციასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მის საბოლოო გადაწყვეტაზე. პრეზიდენტის არჩევის წესზე სწორედ ასეთ მოცემულობაში მიღებული გადაწყვეტილება უდავოდ იქნება საზოგადოებრივი შეთანხმების პროდუქტი.
    წინამდებარე წერილში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ ჩემი ინდივიდუალური პოზიციაა და ის არ გამოხატავს არანაირ უწყებრივ ინტერესს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter